Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი გერმანელები საქართველოში


ბოლნისი
ბოლნისი

2017 წელს საქართველო და გერმანია ურთიერთობების საიუბილეო, მე-200, წლისთავს აღნიშნავენ - პირველი გერმანელი კოლონისტები საქართველოში სწორედ 200 წლის წინ, 1817 წლის სექტემბერში, ჩამოასახლეს და პირველი გერმანული სოფელი, მარიენფელდი, დააარსეს. საქართველოსა და გერმანიაში საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებები 2018 წელსაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ამ წელს სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის აღიარების 100 წლისთავი. ამავე წელს საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე. საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო კურირებენ.

პირველი გერმანელები საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:11:30 0:00
გადმოწერა

ეს იყო გერმანული სოფელი...

თუ ქართულ-გერმანული არქივის საიტზე შეიხედავთ, ნახავთ, როგორ იწყებოდა ყველაფერი. 1771 წელს ქართლ-კახეთის სამეფოში იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ექსპედიცია ჩადის და კავკასიის შესახებ მისი ავტორობით პირველი კვლევა მზადდება. ჩამოდიან ექსპედიციები, კავკასიის გეოლოგიას იკვლევენ. საქართველოში ჩამოდის ასტრონომი არნოლდ მორიცი, რომელიც თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ხდება. არქიტექტორები, მხატვრები, მუსიკოსები... 1817 წელს გერმანელი ვიურტემბერგელი კოლონისტების პირველი ჯგუფი თბილისის ახლოს, სართიჭალასთან, პირველ გერმანულ კოლონიას - მარიენფელდს - აარსებს. მერე მას ნოი ტიფლისი, ალექსანდერსდორფი, კატარინენფელდი, ელიზაბეტთალი, პეტერსდორფი მოჰყვა. გერმანელები ხსნიან პირველ აფთიაქს, პირველ ლუდსახარშს, პირველ ლუთერულ ეკლესიას. იხსნება კავკასიის მუზეუმი, გაჰყავთ ტელეგრაფის ხაზი. 1892 წელს თბილისში მწერალი არტურ ლაისტი ჩამოდის, 1918 წელს კი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური დელეგაცია ჩადის გერმანიაში.

სამტრედიის ქუჩა, ყოფილი ალექსანდერდორფი
სამტრედიის ქუჩა, ყოფილი ალექსანდერდორფი

რას სთავაზობდნენ გერმანელებს მათი სამშობლოდან ათასობით კილომეტრს იქით, უცხო ქვეყანაში? სამხრეთ კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის დამფუძნებელი, ნესტან თათარაშვილი, რადიო თავისუფლების გადაცემა „წითელ ზონაში“ ამბობს, რომ მეფის რუსეთის შეთავაზებული პირობები არც ისე ურიგო იყო:

„ეკატერინე II-ის დროს რუსეთი უკვე საკმაოდ დიდ ტერიტორიებს ფლობდა და დასასახლებლად ამ ადგილებზე უცხოელებს იწვევდნენ. აფინანსებდნენ მათ სამგზავრო ხარჯებს, აძლევდნენ რელიგიურ თავისუფლებას, ათავისუფლებდნენ სამხედრო სამსახურისგან და სხვადასხვა გადასახადებისგან. ეს ძალიან მიმზიდველი იყო და ძალიან ბევრი ადამიანიც დაიძრა ამ მიწებისკენ ეკატერინე მეორის ცნობილი 1763 წლის მანიფესტის შემდეგ, რომლითაც ამ ხალხს ოფიციალურ გარანტიას აძლევდნენ, რომ პირობები შესრულდებოდა. ასე ჩამოვიდა საქართველოში პირველი 180 გერმანელი 1817 წლის 21 სექტემბერს“.

იყო კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც გერმანელები კავკასიამ მიიზიდა, გვითხრა საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგის“ პრეზიდენტმა, გარი აუგსტმა: ნაპოლეონის ომებით დასუსტებული ქვეყანა, მატერიალური სიდუხჭირე, მოუსავლიანი, „უზაფხულო“ 1816 წელი და კიდევ რელიგიური მოტივი:

დეპორტაციას გადაურჩა მხოლოდ შერეული ოჯახების ნაწილი. და ისე სწრაფად გადაასახლეს ეს ხალხი, თანაც დაპირებით, რომ მალე დააბრუნებდნენ უკან, რომ თავიანთი სახლის გასაღები ყველას კისერზე ეკიდა თურმე...
ნესტან თათარაშვილი

„მიზეზი ესეც იყო - იქ გაჩნდნენ ე.წ. რელიგიური სეპარატისტები, რომლებიც იყვნენ ლუთერანები და სჯეროდათ სამყაროს დასასრულის, მეორედ მოსვლის და სურდათ ამ მოვლენას შეხვედროდნენ ან პალესტინაში, ან არარატის მახლობლად, წმინდა ადგილებში. ხალხის ნაწილი ამ მიზნითაც ჩამოვიდა, რომ აქედან წასულიყვნენ პალესტინაში. თუმცა იქ დეპუტაცია გააგზავნეს და მალევე დარწმუნდნენ, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, ამიტომ რაღაცნაირად შეურიგდნენ ბედს, დაუბრუნდნენ ლუთერულ ეკლესიას და განაგრძეს აქ ცხოვრება. ასეთი რელიგიური მოტივით გერმანელების, დაახლოებით, 21 % წამოვიდა, ხოლო ეკონომიკური მიზნებით - 53 %“.

გერმანელი კოლონისტების სახლებს მაღალი სხვენი და ღრმა სარდაფი ჰქონდა. ლამაზი და მოვლილი ეზოები. სარდაფში ძირითადად ბოსტნეულს, სხვენში კი შებოლილ ხორცს ინახავდნენ. მეწარმე ხალხი იყო, გამართული მეურნეობებით. საქართველოში დასახლების შემდეგ მათ სახლებს ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აივნებიც მიემატა.

თუმცა გასაბჭოების შემდეგ ვითარება შეიცვალა, დაირღვა გერმანელებისთვის მიცემული პირობებიც, შეიზღუდა გერმანული ენის სწავლება, შეიზღუდა საეკლესიო მსახურება, 1941 წელს კი საქართველოს მოქალაქე გერმანელების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო.

„სოციალურად, კულტურულად და ეკონომიკურად აწყობილი და გამართული დასახლებები მთლიანად აყარეს და ყაზახეთში გადაასახლეს. დეპორტაციას გადაურჩა მხოლოდ შერეული ოჯახების ნაწილი. და ისე სწრაფად გადაასახლეს ეს ხალხი, თანაც დაპირებით, რომ მალე დააბრუნებდნენ უკან, რომ თავიანთი სახლის გასაღები ყველას კისერზე ეკიდა თურმე“, - მოგვითხრობს ნესტან თათარაშვილი.

ქართულ-გერმანული არქივი

ყველა ამ ამბავს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 2017 წელს: ქართულ-გერმანული ურთიერთობების ჭრილში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ („სოვლაბი“), გერმანიის საელჩოსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით, "საზოგადოებრივი არქივის" სისტემაზე დაყრდნობით, ქართულ-გერმანული ციფრული არქივის პლატფორმა მოამზადა. ამ არქივში თავი უნდა მოიყაროს ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობის ამსახველმა დოკუმენტურმა წყაროებმა. დღეს ეს პლატფორმა მოიცავს სოვლაბის მიერ 2010 წლიდან ამ თემასთან დაკავშირებით მოპოვებულ საოჯახო კოლექციებს. ინფორმაციის დამუშავება დღესაც გრძელდება და როგორც „სოვლაბის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, ყველა დაინტერესებულ პირს, მოხალისეს, მკვლევარს თუ კვლევით ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს ეს სივრცე საკუთარი კოლექციის შესაქმნელად და არსებულის შესავსებად.

ბოლნისი
ბოლნისი

„სოვლაბს“ უკვე ნამუშევარი ჰქონდა რეპრესირებულების და, ზოგადად, დეპორტაციის საკითხზე. მათ შორის იყვნენ გერმანელებიც, თავიანთი ზეპირი ისტორიებით. მაშინ ჩაწერეს ელზა გრილბორცერიც, რომელიც პატარა გერმანულ დასახლებაში, ტრაუბენტალში, ცხოვრობდა. მისი ოჯახი 1941 წელს გადაასახლეს, ელზა კი წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაოჯახდა. სწორედ იმ პერიოდში „სოვლაბმა“ ერთი რუსთაველი მღვდლისგან შეიტყო, რომ რუსთავთან ახლოს გერმანული სასაფლაო იყო ნაპოვნი:

„როგორც კი რუსთავს გასცდები, იქ არის სოფელი კალინინო და ამ სოფლის შესასვლელში არის გაველურებული სასაფლაო, რომლის დათვალიერებისას ვნახეთ საფლავები გერმანული გვარებით, რუსული გვარების საფლავებიც. ეთნიკურად ჭრელი არტეფაქტია ეს სასაფლაო. მივხვდით, რომ ეს იყო ძველი სოფლის ნაშთი და არა ტყვეების სასაფლაო. როდესაც ამ მიდამოების შესწავლა გავაგრძელეთ, მივხვდით, რომ ეს იყო გერმანული დასახლება, ორი საკმაოდ მოზრდილი კოლონია - ტრაუბენტალი და ჰოფნუნგსტალი. გამახსენდა, რომ ტრაუბენტალის სახელი საიდანღაც მეცნობოდა და უცებ ამომიტივტივდა სწორედ 2012 წელს ჩაწერილი ელზას ზეპირი ისტორია, სადაც ის სწორედ ამ დასახლებას ახსენებდა“.

თუმცა ელზა ხელმეორედ, დეტალების დასაზუსტებლად, ვეღარ ჩაწერეს, რადგან როცა არქივი გაიხსნა და ხალხმა მისი დათვალიერება დაიწყო, გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბოლო ტრაუბენტალელი გერმანელი ელზა ორი წლის წინ გარდაცვლილიყო. თუმცა „სოვლაბი“ ამ მიმართულებით მუშაობას და ინფორმაციის შეგროვებას არ წყვეტს. ირაკლიმ გვითხრა, რომ მზადდება არქივისტების ჯგუფი, რომელიც საოჯახო კოლექციებზე მუშაობას გააგრძელებს. ამას გოეთეს ინსტიტუტის მიერ მოგროვილი ის 15 ზეპირი ისტორიაც დაემატება, რომელიც 2000 წლიდან გროვდებოდა.

ირაკლი ხვადაგიანმა ისიც გვიამბო, რომ თბილისიდან დეპორტირებული გერმანელების ორი სია არსებობს: ანბანური სია, მისამართებით, ოჯახის უფროსების მიხედვით, და მეორე - უბნების მიხედვით შედგენილი სია, რომელიც ასევე შესასწავლია. ფაქტი ის იყო, რომ ერთ კვირაში ეს ხალხი ქალაქიდან გააქრეს. შემოდგომისთვის, შესაძლოა, ამ საკითხისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობაც მოესწროს.

გერმანულის გაკვეთილები თავის გასატანად ერთ-ერთი საშუალება იყო. ძალიან მადლიერებიც არიან ის ადამიანები, ვინც სწორედ მათგან ისწავლეს არა მხოლოდ გერმანული ენა, არამედ გერმანული კულტურაც.როგორც ვიცი, მთელი თაობა გაიზარდა ამ ტანტეების ბაღებში...
ნათია მიქელაძე

2017 წელს, გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, გერმანელებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პუბლიკაციაზე იმუშავებს არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია. როგორც გოეთეს ინსტიტუტის კულტურული პროგრამების კოორდინატორმა ნათია მიქელაძემ გვითხრა, წიგნი გერმანელი არქიტექტორების საქმიანობას მიეძღვნება და 2018 წლის თებერვლისთვის იქნება მზად:

„ეს ის გერმანელი არქიტექტორები არიან, ვინც სხვა უცხოელ არქიტექტორებთან ერთად ან სტუმრად ჩამოდიოდნენ, ან აქ მოღვაწეობდნენ, თუმცა ეს ხალხი არ იყო იმ გერმანელი კოლონისტების შთამომავლები. ისინი საქართველოში ძირითადად რუსეთის გავლით მოხვდნენ. არქიტექტორების გარდა იყვნენ მეცნიერებიც, გეოგრაფები, გეოლოგები და ა.შ.“

ცალკე მოსაყოლია გერმანელი ტანტეების, გერმანულის მასწავლებლების ამბავიც. იმ მცირე ნაწილს, ვინც გადასახლებიდან უკან დაბრუნდა, თავი უნდა ერჩინა, გერმანულის გაკვეთილები კი ერთ-ერთი გამოსავალი იყო:

„გერმანულის გაკვეთილები თავის გასატანად ერთ-ერთი საშუალება იყო. ძალიან მადლიერებიც არიან ის ადამიანები, ვინც სწორედ მათგან ისწავლეს არა მხოლოდ გერმანული ენა, არამედ გერმანული კულტურაც.როგორც ვიცი, მთელი თაობა გაიზარდა ამ ტანტეების ბაღებში“.

ნათია მიქელაძემ ისიც გვითხრა, რომ ტანტეების თემაზე ჩაფიქრებულია გამოფენის მოწყობაც. იდეა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორს, ნინო ლეჟავას, ეკუთვნის. მოგროვილია ფოტოები, ჩანაწერები და, შესაძლოა, ეს მასალა ერთ წიგნშიც გაერთიანდეს.

83 წლის შემდეგ ნაპოვნი საფლავი

ქართველებისა და გერმანელების მრავალწლიანი ურთიერთობის ნაწილია გერმანიაში ემიგრირებულ ქართველთა სათვისტომოს ამბებიც. ერთი ამბავი „სოვლაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა მარგველაშვილის, ოჯახს უკავშირდება. მრავალი წელი ეძებდა ანა თავისი ბებიის, მარიამ ხეჩინაშვილის, საფლავს გერმანიაში და შარშან, 2016 წელს, 83 წლის წინანდელი საფლავი იპოვა კიდეც ბერლინთან ახლოს: მინდორი III, რიგი 7, საფლავი 185. თუმცა ყველაფერი არა ბებიის ისტორიით, არამედ ბაბუის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ტიტე მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციის ძებნით დაიწყო. ტიტე მარგველაშვილი გერმანიაში ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. 1946 წელს ვაჟთან, გივი მარგველაშვილთან ერთად ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, მისი შვილი კი საქართველოში ჩაიყვანეს, სადაც ერთხანს ნათესავებთან ცხოვრობდა. ანა იხსენებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში ეს ამბავი ბურუსით იყო მოცული - კითხვებზე პასუხები არ არსებობდა. როცა მამა დაუხვრიტეს, გივი მარგველაშვილი 18 წლისა ყოფილა. სათვისტომოში მამის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვდა. დედამ, მარიამ (მარუსა) ხეჩინაშვილმა, ემიგრაციას ვერ გაუძლო და 36 წლის ასაკში თავი მოიკლა. ანას მამიდა კი, რომელიც ძმაზე უფროსი იყო, ომამდე გაიქცა თურმე გერმანიიდან და არგენტინაში გარდაიცვალა. ერთ დღეს კი, 1998 წელს, მაშინდელი უშიშროების სამინისტროს გაზეთში „სრულიად არასაიდუმლოდ“ ტიტე მარგველაშვილის შესახებ მისივე სისხლის სამართლის საქმეზე დაყდრნობით დაწერილი სტატია გამოქვეყნდა - პირველი კვალი გამოჩნდა, იხსენებს ანა მარგველაშვილი:

ვფიქრობდი, რამდენს უნდოდა საქართველოში დაბრუნება და როგორ ვერ აისრულეს ეს ოცნება. რამდენი ქართული საფლავია, ალბათ, ასე მიტოვებული და დავიწყებული...
ანა მარგველაშვილი

„ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რომ ბაბუაზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მამაჩემისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. ასე დანამდვილებით არც მისი დახვრეტის ამბავი იცოდა. ფიქრობდა, იქნებ გადაასახლეს, იქნებ გადარჩაო. და უცებ ამ ერთი სტატიიდან გავიგეთ, რომ არსებობს მთელი საქმე არქივში ტიტე მარგველაშვილზე“.

უშიშროების არქივში ანას ბაბუის შესახებ ორტომიანი საქმე დახვდა. სწორედ ტიტემ გაიყვანა ანა ბებიის, მარიამ ხეჩინაშვილის, კვალზეც და უკვე ტყე-პარკად გადაქცეულ ტერიტორიაზე ძველ საფლავებს შორის თავისთვის უცნობი ბებიის საფლავიც იპოვა:

„სრულიად შემთხვევით ორი წლის წინ მამას მეგობარმა მომცა მამაჩემის და მამიდაჩემის ვიდეოჩანაწერი, სადაც ისინი იხსენებენ რაღაცებს და იქ მამიდა ახსენებს ბერლინის ერთ-ერთ გარეუბანს და ამბობს, რომ იქ არ იყო დედას საფლავიო? იმ ადგილის სახელი რომ გავიგე, ახლა იქაურ სასაფლაოს ადმინისტრაციას მივწერე. თან ერთი კი არა, იქაც რამდენიმე სასაფლაო იყო. და ბოლოს, მოულოდნელად, ერთ-ერთმა მიპასუხა, რომ ნაპოვნია ეს საფლავი და კიდევ შეიძლება მისი ნახვაო“.

„სანთელი მქონდა, ცოტა მიწა, იქვე ჯოხებისგან პატარა ჯვარიც გავაკეთე. ვფიქრობდი, რამდენს უნდოდა საქართველოში დაბრუნება და როგორ ვერ აისრულეს ეს ოცნება. რამდენი ქართული საფლავია, ალბათ, ასე მიტოვებული და დავიწყებული“, - წერს ანა მარგველაშვილი თავის წერილში. ამ ამბავმა პირველად დააფიქრა იმაზე, თუ რას განიცდიდნენ ის ქალები, რომლებიც თავიანთ ემიგრანტ ქმრებთან ერთად სამშობლო დატოვეს:

ბოლნისი
ბოლნისი

„ამ ქალებზე, ემიგრანტების ცოლებზე, არაფერი წერია არსად. ისტორიაში ბევრი არაფერია ნათქვამი, თითქოს წავიდნენ და გაქრნენ. რას განიცდიდნენ? რა აწუხებდათ? მათი ქმრები სულ პოლიტიკურ ამბებში იყვნენ ჩართულები აქტიურად, ქალები კი გაქრნენ, საერთოდ გაქრნენ“.

მაგრამ ანამ თავისი მრავალწლიანი ძებნით ბებია გაქრობას გადაარჩინა. სწორედ 2017 - საიუბილეო - წელს გამოვა 600-გვერდიანი წიგნი ტიტე მარგველაშვილზე, რომელიც მარიამ ხეჩინაშვილის ისტორიასაც გააცოცხლებს.

საქართველო-გერმანიის ურთიერთობის საიუბილეო წლის მთავარი გამხსნელი ღონისძიება 21 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. იქ მისულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, თქვა, რომ საქართველო გერმანიის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს, მხარდაჭერას ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე გრძნობდა. საქართველოში გერმანიის ელჩის ჰაიკე ფაიჩის განცხადებით კი, 2017 წელი ამ ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღების იუბილეა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG