გათავისუფლების მოლოდინი არ გამართლდა - ხუთშაბათის სხდომაზე კიევის სააპელაციო სასამართლომ 3 თებერვლისთვის გადადო რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ვიცე-პოლკოვნიკ გია (გიორგი) ცერცვაძის, საქმის განხილვა. რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილი სამხედრო უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან თავისუფლად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავაც ღალატსა და საკუთარი მოქალაქის გაწირვაში ადანაშაულებს. ეჭვებს გამოთქვამენ უფლებადამცველებიც.
კიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძის საქმის განხილვა იმ მიზეზით გადადო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა დაუგვიანა. შესაბამისად, ჯერჯერობით კვლავაც ძალაში რჩება 17 იანვრის გადაწყვეტილება 40-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2003 წლიდან მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იძებნებოდა, ხოლო ინტერპოლის არხებით მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა და კიევში მისი დაკავებაც სწორედ ამ საფუძვლით მოხდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ დაიცვა ჩვენი თანამოქალაქის უფლებები და, ამასთან, სრულიად აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ის...ნუგზარ წიკლაური
26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს პოლიტიკური ძალა საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის ღალატში სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, დამსახურებული სამხედრო შეგნებულად გაიმეტა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ეწევა და გია ცერცვაძის საქმეც სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა:
„ხელისუფლებამ არ გააფრთხილა ეს ადამიანი და პრაქტიკულად გაწირა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის სასამართლომ უნდა მიიღოს ახლა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოხდება თუ არა მისი რუსეთისათვის გადაცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ დაიცვა ჩვენი თანამოქალაქის უფლებები და, ამასთან, სრულიად აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ის“.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირველივე დღიდან აკეთებს ყველაფერს, რათა სხვადასხვა არხის გამოყენებით დახმარება აღმოუჩინოს დაკავებულ გია ცერცვაძეს, შეაგროვოს სასამართლოსთვის წარსადგენი აუცილებელი მასალები და, ასევე, საპროტესტო აქციების გზით განახორციელოს წნეხი ხელისუფლებაზე.
პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებათა ფონზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში გააკეთეს არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისი სავსებით ადეკვატურად იქცევა და იბრძვის გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის თავიდან ასაშორებლად. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 იანვარს აღნიშნა, რომ ბრალდებებს ვერ მიიღებს იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან („ნაციონალური მოძრაობა“), რომელმაც „მწვანე შუქი აუნთო რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას“ და „2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპო და ჩახოცა“. გია ცერცვაძის საქმის გარშემო ატეხილ ხმაურს პრემიერი კვირიკაშვილი პოლიტიკური ოპონენტების მიერ ატეხილ უსაფუძვლო ხმაურად მიიჩნევს და ქართული მხარის აქტიურობაზე ლაპარაკობს:
„გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა მთავარი აქ სულ სხვა რამ არის - ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში“.
გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა და ეჭვი უჩნდებათ უფლებადამცველებს და მათ შორის არის ადვოკატი ლია მუხაშავრიაც, რომელსაც ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ამ კონტექსტში მას ახსენდება სტრასბურგის სასამართლოში მის მიერ 2004 წელს მოგებული საქმე - „შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ და დარწმუნებულია, რომ მაშინაც (2002 წელს), დაკავებული ჩეჩნების გადაცემისას, ქართული სახელმწიფო რუსეთის ინტერესების მიხედვით მოქმედებდა. როგორც ადვოკატი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ეუბნება რადიო თავისუფლებას, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზღვარი ასე თავისუფლად არ გადაელახა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეს, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოთხოვნით და რომელსაც აშკარა დაპატიმრება ელოდა:
„ინტერპოლი თუ ეძებს ადამიანს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო დაეკავებინა ეს პირი. ჩვენი კონსტიტუციით, 48 საათის განმავლობაში ნებისმიერი პირის დაკავება არის კანონიერი და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. შემდეგ, ამ 48 საათში, გაირკვეოდა, ამ ადამიანს რისთვის აკავებენ. ეს ადამიანი თუ ჩათვლიდა, რომ მისი ძებნა და მისი დაკავება უკანონო იყო, გაასაჩივრებდა და ამასობაში გაირკვეოდა ყველაფერი. მაგრამ ამის ნაცვლად ხდება ის, რომ მას უშვებენ (ქვეყნიდან) და უშვებენ ისე, რომ იქ (სხვა ქვეყანაში) მოხდეს მისი დაკავება“.
ინტერპოლი თუ ეძებს ადამიანს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო დაეკავებინა ეს პირი. ჩვენი კონსტიტუციით, 48 საათის განმავლობაში ნებისმიერი პირის დაკავება არის კანონიერი და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ...ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია კატეგორიულად არ ეთანხმება შს სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ არის და რუსეთმა არ მიმართა საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად, ქართულ მხარეს არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია, საფუძველი და მოტივი გია ცერცვაძის დასაკავებლად ანდა მისთვის გადაადგილების შესაზღუდად. ამ კონტექსტში ადვოკატი მუხაშავრია იხსენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის 1993 წელს გაფორმებულ „მინსკის კონვენციას“, რომელსაც ძალა არც 2008 წლის ომის შემდეგ დაუკარგავს და რომელიც, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა.
ამ ეტაპზე საქართველოში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმედოვნებენ, რომ 3 თებერვლისთვის დანიშნულ პროცესზე კიევის სააპელაციო სასამართლო გაათავისუფლებს დაკავებულ გია ცერცვაძეს. ამასთან, არის იმედი, რომ საუბარი აღარც კი იქნება მის გადაცემაზე რუსეთისთვის, რადგანაც უკვე შეგროვილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე მონაწილეობდა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში, ასევე აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადეს, რომ, ამ ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ გია ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთის ფედერაციას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის გათავისუფლების შესახებ დამაიმედებელი განცხადება გააკეთა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.