Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩვენებელი სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში


საქართველოში მიმდინარე, ნატო-საქართველოს სწავლების მონაწილეებმა კრწანისში, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართეს საჩვენებელი სწავლება. მის მონაწილეებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, მიესალმნენ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.

„საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელსაც აქვს უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მეტი სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის სურს განამტკიცოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ”ცენტრი ემსახურება სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის თანამშრომლობისა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტური უწოდა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. „ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებით მომზადება და ასეთი წვრთნები საშუალებას გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფას და არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უპრეცედენტოა, რომ მსგავსი დონის სწავლებას ნატოს არაწევრი, პარტნიორი ქვეყანა - საქართველო ატარებს. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კრიზისების მართვისა და რეაგირების სწავლებაზე ნატოს მრავალეროვან ბრიგადას სწორედ ქართული მხარე ხელმძღვანელობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობენ ალიანსის 11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყნის სამხედროები. 10 ნოემბერს დაწყებული სწავლება 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG