Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი პანკისელის სიკვდილი სირიაში


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ვახა ბუგიევის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში 10 აპრილს გავრცელდა. პანკისის ხეობის მკვიდრთა თქმით, ის, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, ვახა ბუგიევი ექსტრემისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა და სირიაში 2015 წელს წავიდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, საგრძნობლად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სირიაში მიემგზავრებიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ამასვე ადასტურებენ პანკისის მკვიდრნი და ექსპერტები.

ხასო ხანგოშვილმა, პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა, სოფელ წინუბანში მცხოვრები 39 წლის ვახა ბუგიევის სიკვდილის შესახებ 10 აპრილს შეიტყო. როგორც ის მეუბნება, უკვე მეორე დღეა, ვახა ბუგიევის ოჯახში თანასოფლელები სამძიმრის სათქმელად მიდიან. ხასო ხანგოშვილის თქმით, მას მხოლოდ გაგონილი ჰქონდა, რომ ეთნიკურად ჩეჩენი ვახა ბუგიევი პერიოდულად სირიაში დადიოდა. პირადად მას არ იცნობდა და ამიტომ დაზუსტებულ ინფორმაციას მისი საქმიანობისა და დაღუპვის მიზეზების შესახებ არ ფლობს:

„რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვიცოდი, რომ ის ხშირად დადიოდა სირიაში, იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. თან ამბობენ, რომ მანქანით მოძრაობდა ერთი ჯგუფი და პირდაპირ ამ მანქანას მოხვდა რაკეტა“.

საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ცენტრი, სადაც ასწავლიან გიდის პროფესიას. კარგი რაღაცები გააკეთეს აქ და ჩვენც მოგვწონს და ახალგაზრდობასაც. ჩართულები არიან სხვადასხვა ღონისძიებაში...
ალი ქავთარაშვილი

პანკისის ხეობის ყოფილმა იმამმა ალი ქავთარაშვილმა გვერდით სოფელში მცხოვრები ვახა ბუგიევის სირიაში დაღუპვის შესახებ 11 აპრილს შეიტყო. ვახა ბუგიევს ის შორიდან იცნობდა. ალი ქავთარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელი თვეებია, პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდების შესახებ აღარაფერი გაუგია, ანუ, მისი თქმით, ბოლო თვეებია, სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს პანკისიდან აღარავინ შეერთებია. ამის მიზეზად ალი ქავთარაშვილი პანკისის ხეობაში შეცვლილ სიტუაციას ასახელებს:

„საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ცენტრი, სადაც ასწავლიან გიდის პროფესიას. კარგი რაღაცები გააკეთეს აქ და ჩვენც მოგვწონს და ახალგაზრდობასაც. ჩართულები არიან სხვადასხვა ღონისძიებაში“.

„ეს არ არის ჩვენი ომი და სირიაში საომრად წასვლა მცდარი ნაბიჯია“, - ასე ეუბნება რადიო თავისუფლებას ხასო ხანგოშვილი. ალი ქავთარაშვილის მსგავსად, უკვე რამდენიმე თვეა, არც მას გაუგია ამბავი იმისა, რომ პანკისიდან სირიაში წასულიყოს ვინმე. ამის ერთ მიზეზად სახელმწიფოს მიერ საზღვრების გამკაცრებულ კონტროლს ასახელებს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ თავად ის და მისი თანამოაზრეები სამი წელია აქტიურად ცდილობენ როგორმე შეწყდეს სირიაში ახალგაზრდების გადინება. ხასო ხანგოშვილის აზრით, ახალგაზრდების შემობრუნების პროცესი ადვილი არ იქნება:

„მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ შემოვაბრუნოთ ახალგაზრდობა. ეს იქნება, გნებავთ, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული სფერო. ერთი სიტყვით, ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა უნდა. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. რა თქმა უნდა, ევოლუციურად და არა რევოლუციურად“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალური მონაცემებით, რომელიც მათ გასული წლის მიწურულს გამოაქვეყნეს, საგრძნობლად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სირიაში მიემგზავრებიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებში სავიზო კონტროლის გამკაცრებას, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებისათვის. სწორედ გასულ წელს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსს 312-ე პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებისთვის. ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პანკისის ხეობის მკვიდრ აიუფ ბორჩაშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა როგორც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება, ასევე პირთა გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ სამი ადამიანი.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

გარდა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის გიორგი გობრონიძის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდათა მიგრაციის შეჩერებისა არის ის, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ, სინამდვილეში, ექსტრემისტულ დაჯგუფებაში იმ მაღალი იდეალებისთვის არ იბრძვიან, როგორიც მათ წარმოედგინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ პანკისის ხეობა არ არის ერთადერთი ტერიტორია საქართველოში, საიდანაც ახალგაზრდები სირიაში მიდიან. ამგვარ კერად იქცა დასავლეთ საქართველო, კერძოდ, გურიის მხარე, აჭარა. გიორგი გობრონიძე ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პანკისიდან და დასავლეთ საქართველოდან სირიაში წასულ ახალგაზრდებს ერთმანეთისგან განასხვავებს და ამ განსხვავების მიზეზის ახსნასაც ცდილობს:

„პანკისიდან წასულ არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია განცხადება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ეს გააკეთეს აჭარისა და გურიის რეგიონიდან წასულმა ადამიანებმა. ამას თავისი ახსნაც შეიძლება ჰქონდეს: პანკისის ხეობაში მუსლიმური თემი არის პრაქტიკულად იზოლირებული ქრისტიანული თემისგან, მათი შემხებლობა ქრისტიანულ თემთან შედარებით დაბალია და, შესაბამისად, დაბალია პრობლემებიც. ხოლო, აი, გურიის რეგიონში, სამწუხაროდ, იყო ფაქტები მუსლიმი მოსახლეობის დისკრიმინაციისა, იგივე სკოლებში მომხდარი ინციდენტები რომ გავიხსენოთ. გურიის, აჭარის, მესხეთის და სხვა რეგიონების, აი, ამგვარი საზოგადოებიდან არიან წასული ის ახალგაზრდები, რომელთაც გააკეთეს განცხადებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი, აქ უფრო მეტად უნდა შეეცადოს სახელმწიფო, რომ ეს ურთიერთობა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის იქნეს დარეგულირებული“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სირიის საბრძოლო მოქმედებებში პანკისის ხეობის 15 მკვიდრი დაიღუპა. ვახა ბუგიევის სიკვდილამდე ბოლო ორი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის იანვარში გავრცელდა.

XS
SM
MD
LG