Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შთამომავლობითი ექიმები და მათი გატაცების „საიდუმლო“


ლიკა ჩაჩხიანი, ვანო ჩაჩხიანი
ლიკა ჩაჩხიანი, ვანო ჩაჩხიანი

ამას წინათ პრაღაში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე ჩეხეთში მცხოვრებმა და მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ქირურგმა, ვანო ჩაჩხიანმა, სათვისტომოს წევრებს თბილისიდან სტუმრად ჩამოსული თავისი და, ექიმ-სტომატოლოგი, ლიკა ჩაჩხიანი გააცნო, რომელიც ლექსებსა და სიმღერებს წერს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძის ლექს „იმ ვარდისფერ ატმებზე“ ლიკა ჩაჩხიანის მიერ შექმნილ სიმღერას ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ჭოხონელიძე ასრულებს.

„მე ვქმნი მუსიკასაც, მაქვს ლექსებიც, პატარა პროზაული ჩანახატებიც. ეს, უბრალოდ, ჩემი ჰობია, თუმცა მუსიკოსები თვლიან, რომ ეს არ არის თაროზე შემოსადები და ამიტომ რამდენიმე ცნობილი მომღერალიც ასრულებს ჩემს სიმღერასა: თამარ ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე და აწ გარდაცვლილი უჩა ჩაჩხიანი, რომელიც ჩემთან ერთად ასრულებდა რამდენიმე სიმღერას“.

ჩვენი მამა არის ქირურგ-ონკოლოგი და გულმკერდის ქირურგი. იგი ყოველთვის აპროტესტებს ამას. როდესაც ონკოლოგიური დაავადებით პაციენტები მიჰყავთ ევროპაში ან, თუნდაც, თურქეთში სამკურნალოდ, ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველოში არიან ისეთი ექიმები, რომლებიც არათუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ ტოლს არ უდებენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს...
ლიკა ჩაჩხიანი

როგორც ზემოთ ითქვა, ლიკა ჩაჩხიანი სტუმრად იმყოფება პრაღაში თავის ძმასთან, ჩეხეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ ქირურგთან, ვანო ჩაჩხიანთან, რომელიც ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტაჟიანი წევრია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ვანო ჩაჩხიანი დიდი ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს ჩეხეთში, ჰყავს სამი შვილი, მეუღლე ხათუნა შუბლაძე, რომელიც ასევე პრაქტიკოსი ექიმია პრაღაში.

„აქ ჩამოვედი ჩეხეთის მთავრობის სპეციალური სტიპენდიით, რომელიც მოვიპოვე, და ამ სტიპენდიის წყალობით ვისწავლე ჩეხური ენა შემდეგ კარლოსის უნივერსიტეტში. შემდეგ გავაგრძელე სწავლა სამედიცინო განხრით, რა თქმა უნდა, მოგვიანებით დოქტორანტურაში, რაც დამთავრდა ხარისხის მოპოვებით. პარალელურად პრაქტიკულ ქირურგიულ საქმიანობას ვეწეოდი და აგერ უკვე 15 წელია, რაც ქირურგიაში ვარ და მაქვს ევროპული ქირურგიისათვის საჭირო ყველა ლიცენზია“.

ვანო ჩაჩხიანის პრაღაში ჩამოსვლა და მის მიერ ექიმის პროფესიის არჩევა ოჯახურმა, შთამომავლობითმა ტრადიციამ განსაზღვრა. მამამისი, თეიმურაზ ჩაჩხიანი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი) ქირურგ-ონკოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, "აიეტის", სრული პროფესორია.

ბატონი თეიმურაზის ცოლი, მარიკა, ექიმი-თერაპევტია.

შთამომავლობით ექიმებს სიმღერის სიყვარულიც ოჯახიდან მოსდევთ. ბატონ თეიმურაზ ჩაჩხიანის სტუმართმოყვარე, დიდ ქართულ ოჯახში ლამის ყველა თაობის წარმომადგენელი მღერის, თუმცა ჩვენ პრაღის სტუდიაში მხოლოდ ვანო ჩაჩხიანი და მისი და, ლიკა ჩაჩხიანი, გვყავს. ისინი დუეტში იმღერებენ მაცაცო სეფისკვერაძის სიმღერას „ხედავ“.

შობის დღეებში, ახლა, როდესაც მთელი ჩეხეთი ისვენებს, ვანო ჩაჩხიანი მორიგეა პრაღის საავადმყოფოში. მისი და კი, ლიკა ჩაჩხიანი, მალე გაემგზავრება სამშობლოში, საქართველოში, სადაც მას ოჯახი, ნათესავები, სამსახური და კოლეგები ელოდებიან. ცხადია, ჩვენ შეგვეძლო სიმღერით დაგვესრულებინა ჩვენი რეპორტაჟი, მაგრამ პროფესიონალ და-ძმას ერთი ზოგადი შეკითხვა დავუსვი იმაზე, თუ რამდენად დაუახლოვდა ქართული ჯანდაცვა ევროპულს მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და რატომ ითვლება დღემდე, რომ ქართველი ექიმების ნდობა არ შეიძლება სერიოზული დაავადების მკურნალობის დროს. ლიკა ჩაჩხიანს ასეთი მიდგომა უმართებულოდ მიაჩნია:

„ჩვენი მამა არის ქირურგ-ონკოლოგი და გულმკერდის ქირურგი. იგი ყოველთვის აპროტესტებს ამას. როდესაც ონკოლოგიური დაავადებით პაციენტები მიჰყავთ ევროპაში ან, თუნდაც, თურქეთში სამკურნალოდ, ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველოში არიან ისეთი ექიმები, რომლებიც არათუ არ ჩამოუვარდებიან, არამედ ტოლს არ უდებენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს. შეიძლება გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობა ჩვენთან შედარებით მოიკოჭლებს ევროპის და საზღვარგარეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, მაგრამ ექიმების პროფესიულ დონეს საქართველოში ნამდვილად ვერ დავაკნინებთ“.

ჩვენი მიზანი არის ქართველი კოლეგების, ქართველი ექიმების - და არა მარტო ექიმების, არამედ საშუალო განათლების მედპერსონალის -დახმარება, რათა სხვადასხვა ონკოლოგიური თუ იშვიათი კომპლექსური დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი მეთოდური მკურნალობის წარმართავ სწორად მოხდეს...
ვანო ჩაჩხიანი

დის პოზიციას იზიარებს ჩეხეთში მოღვაწე ქირურგი ვანო ჩაჩხიანი. იგი და მისი კოლეგები ევროპასა და ამერიკაში გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, სახელწოდებით „გიმფა“, - „საქართველოს საერთაშორისო მედიცინისა და ჯანდაცვის ასოციაცია“, - რომელსაც საგანმანათლებლო მიზანი აქვს:

„ჩვენი მიზანი არის ქართველი კოლეგების, ქართველი ექიმების - და არა მარტო ექიმების, არამედ საშუალო განათლების მედპერსონალის -დახმარება, რათა სხვადასხვა ონკოლოგიური თუ იშვიათი კომპლექსური დაავადებების დიაგნოსტიკა და მათი მეთოდური მკურნალობის წარმართავ სწორად მოხდეს“, ამბობს ვანო ჩაჩხიანი, პრაღის საავადმყოფო „ვამედ მედიტერას“ ქირურგი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG