Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ რეაგირებს გამოძიება ჰომოფობიურ დანაშაულებზე


2012 წლის 17 მაისი, თბილისი
2012 წლის 17 მაისი, თბილისი

22 დეკემბერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოადგინა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის სფეროში 2015 წელს სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეფასება. დოკუმენტი შეეხება ჰომოფობიური/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირებას. დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 2013 წლის 17 მაისის საქმეს, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი თვის წინ ბრალდებული პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი, 2013 წლის 17 მაისს იხსენებს, როდესაც ის, ოთხ გოგოსთან ერთად, თავისუფლების მოედანზე ყვითელ ავტობუსში აღმოჩნდა და გაქცევა მოუწია. ამ დღეს ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებთან ერთად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია ჩაშალეს.

ნათია გვიანიშვილი
ნათია გვიანიშვილი

ნათიას დღემდე ახსოვს იმ ადამიანების თვალები, რომლებიც იმ ავტობუსს მისდევდნენ, სადაც ნათიამ შეაფარა თავი: „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ ავტობუსში რომ შემოეღწიათ, გაგვაუპატიურებდნენ და დაგვხოცავდნენ. ძირითადად მოგვდევდნენ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცები და იმდენად წაშლილი ჰქონდათ თვალები და ისეთი სექსუალიზებული ჟესტიკულაცია ჰქონდათ“...

გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის აქტივისტები, რომლებმაც თავი მიკროავტობუსს შეაფარეს და თავისუფლების მოედნიდან ლესელიძისა და ვაჩნაძის ქუჩით სცადეს გაქცევა. ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები პოლიციის დახმარებით ცდილობდნენ გარიდებოდნენ ჯვრებითა და ქვებით შეიარაღებულ კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებმაც მიკროავტობუსს ფანჯრები ჩაუმტვრიეს. საბოლოოდ, პოლიციამ ლგბტ აქტივისტები იქაურობას გაარიდა.

ამ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს შეკრების მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ორწლიანი განხილვის თავზე, 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაქვეყნა და უდანაშაულოდ ცნო საქმეში მონაწილე ოთხივე ადამიანი, მათ შორის ერთი - სასულიერო პირი. თუმცა აქვე უნდა ვახსენოთ კონტრდემონსტრაციაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი, რომელთა საქმეც 2013 წლის 21 მაისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვიდექი და მომდიოდა ცრემლები. ფაქტიურად, გამოვიდა, რომ ლგბტ ადამიანს თუ დაესხმები თავს, მოსაკლავად გამოეკიდები და ქვას ესვრი, ერთადერთი, რასაც საქართველოს მოქალაქე გადაიხდის, არის 100-ლარიანი ჯარიმა და ისიც, ან - კი და ან - არა. აი, ეს იყო პასუხი...
ნათია გვიანიშვილი

ორ წელს ელოდა ნათია გვიანიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც მან შვედეთის აეროპორტში, გზად სახლისკენ, თანამშრომლისგან მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაიგო. „დამცირება, რომელსაც 2 წელს ველოდით“ - ასე გამოეხმაურა ნათია სასამართლო გადაწყვეტილებას თავის ბლოგში, რომელიც იქვე, შვედეთის აეროპორტში, დაწერა: „ვიდექი და მომდიოდა ცრემლები. ფაქტიურად, გამოვიდა, რომ ლგბტ ადამიანს თუ დაესხმები თავს, მოსაკლავად გამოეკიდები და ქვას ესვრი, ერთადერთი, რასაც საქართველოს მოქალაქე გადაიხდის, არის 100-ლარიანი ჯარიმა და ისიც, ან - კი და ან - არა. აი, ეს იყო პასუხი“.

22 დეკემბერს, ანუ ზუსტად ორი თვის თავზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის სფეროში, 2015 წელს სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეაფასეს. ცხადია, მათი ყურადღების ცენტრში მოექცა 2013 წლის 17 მაისის საქმე. სასამართლოს განაჩენის ანალიზში, რომელიც მათ სწორედ 22 დეკემბერს გამოაქვეყნეს, მითითებულია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის დაშლისა და შეკრების მონაწილეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, ანალიზის ავტორების აზრით, არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და შეიცავს ტენდენციურ მსჯელობებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლიკა ჯალაღანია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, არ უზრუნველყო პოზიტიური ვალდებულებების შესრულება 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილი შეკრების მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და, მეორე მხრივ, არ მიიღო სათანადო ზომები კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიების, დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რაც უმრავლესობისა და დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ ლოიალობაზე მიუთითებს: „რეალურად, გამოძიების პროცესმა აჩვენა სახელმწიფო ინსტიტუციების რეაქცია ადამიანის უფლებების დარღვევაზე. და ეს რეაქცია იყო ის, რომ მან მხოლოდ ოთხი პირის მიმართ წარადგინა ბრალდება ისეთ პირობებში, როდესაც კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ გაცილებით მეტნი“.

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„სატესტო საქმე“ - ასე უწოდებს 17 მაისის საქმეს რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი. მისი აზრით, ამ საქმით ხელისუფლებას უნდა დაედასტურებინა საკუთარი ნება, რომ ის თანასწორად იცავს ყველა ჯგუფის - მათ შორის, ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფის - უფლებებს და, ამასთანავე, ის თავისუფალია გარკვეული ლოიალობისა ან პრეფერენციებისგან დომინანტი რელიგიური ჯგუფის თუ უმრავლესობის მიმართ. თამთა მიქელაძის აზრით, სამწუხაროდ, ეს ტესტი ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა: „მის მიერ დაწყებული გამოძიება ილუზორული აღმოჩნდა და ამ ოთხი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით საბოლოოდ გაქარწყლდა. აქ პროკურატურის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელმაც მინიმალური სტანდარტებიც კი არ დაიცვა ეფექტური გამოძიებისა და გარკვეული მტკიცებულებების მოგროვებისა და შენახვისას“.

ანუ, როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ოთხი პირის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა იმ არგუმენტით, რომ ბრალდებამ საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ წარმოადგინა იმ მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტს. სასამართლო განაჩენის ანალიზის ავტორთა აზრით, გამოძიებამ ჯეროვნად არ შეისწავლა შეკრების ჩაშლისა და ძალადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მათ შორის, კონტრდემონსტრაციის ლიდერების მხრიდან პოლიციის კორდონის გარღვევის, ვაჩნაძის ქუჩაზე სამარშრუტო მიკროავტობუსზე ძალადობრივი თავდასხმის, 17 მაისს აქციის დარბევისა და მის შემდგომ პერიოდში ლგბტ თემის წევრების ან მათთან ასოცირებული პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ინდივიდუალური ფაქტები.არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა კომენტარის მოძიება პროკურატურისგან, რომელიც გამოეხმაურებოდა არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებულ ანალიზს 17 მაისის გამოძიების თაობაზე და წარმოადგენდა საკუთარ არგუმენტებს იმის შესახებ თუ როგორ წარიმართა 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის საგამოძიებო პროცესი.

2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევა
2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერად სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. თამთა მიქელაძის თქმით, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა ინსტიტუციურად არ არის მზად ეფექტურად ებრძოლოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს. სწორედ ამიტომ, თამთა მიქელაძე გარკვეულ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან: „ძალიან მნიშვნელოვანია მოთხოვნა, რომ, ერთი მხრივ, პოლიციამ შექმნას სპეციალური უწყება, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე - მათ შორის, ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულზე - რეაგირებასა და გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი. ცალკეული გამოკვლევები, რომლებიც თემში ჩატარდა, აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბალი ნდობა აქვთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რადგან, ერთი მხრივ, არ არის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები და არც ერთი სიძულვილით მოტივირებული საქმე არ გამოძიებულა ეფექტურად“.

„სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედება“ - ასე აფასებს 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ამბობს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში “საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ” აღნიშნულია, რომ დისკრიმინაციის ნიშნის შემცველ საქმეთა 11%, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, სწორედ სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას მოიცავს.

XS
SM
MD
LG