ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ... სახელები და გვარები ანბანის წყობის მიხედვით. 103 პოეტი თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიამ გააერთიანა, ანთოლოგიას კი „ორმაგი ავტოგრაფი“ ეწოდა. კრებულს სხვა ანთოლოგიებისგან ის განასხვავებს, რომ მასში თავმოყრილია პოეტების პორტრეტები და მათი ხელნაწერები. მსგავსი ანთოლოგიის შექმნის იდეა კი პოეტ სალომე სულაბერიძეს ორი წლის წინ გაუჩნდა:
„ჩემს ხელში აღმოჩნდა ანთოლოგია, რომელიც დასურათებული იყო მცირე ზომის ფოტოებითა და ლექსებით და მივხვდი, რომ ეს წიგნი აბსოლუტურად უინტერესო იქნებოდა მკითხველისთვის. და გამიჩნდა იდეა, მოდი, გავაკეთოთ ისეთი ანთოლოგია, რომლის მნიშვნელობა ის კი არ იქნება, რომ, ვთქვათ, ბევრი ავტორი იყოს მასში შესული ან ღირებულების მიხედვით დავყოთ ავტორები, რომ ეს კარგია და ეს ცუდი, არამედ, უბრალოდ, ასახავს ამ საუკუნეში მიმდინარე პროცესს და იქნება საინტერესო სხვა თვალსაზრისითაც, ანუ იქნება ფოტოები და მათი ხელნაწერები, რომლებიც კიდევ მეტ ახალ ამბავს მოუყვებიან თითოეულ მკითხველსა და დამთვალიერებელს“.
რატომ მაინცდამაინც 103 ავტორი? როგორც სალომე სულაბერიძე გვიხსნის, ანთოლოგიაში გაერთიანებული ავტორების ვინაობა და რაოდენობა თავად ავტორებმა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, რაც ანთოლოგიის პირველი 30 ავტორი შეირჩა, შემდგომი ავტორების შერჩევა უკვე მათ დაეკისრათ:
„გადავწყვიტეთ, რომ ამ 30-მა პოეტმა შეარჩიოს მომდევნო 30, მათ კი - შემდეგი და კიდევ 13 ავტორი. მოგეხსენებათ, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს ჰყავს თავისი საყვარელი პოეტი,ზოგისთვის ბესიკ ხარანაულია გამორჩეული პოეტი, ზოგისთვის დეფი და სწორედ მათგან შეირჩა ბოლო 13 ავტორი“.
ზაზა კოშკაძე, რომელიც უკუღმა ზის შავ ხის სკამზე, ისეთი კალიგრაფიით წერს თავის უსახლკარობაზე, როგორც მესამეკლასელი, ახალი ნასწავლი რომ აქვს გადაბმით წერა, თან რომ უნდა ლამაზად წეროს და თან ისიც რომ მოსწონს, უკვე ჩქარა წერა რომ შეუძლია. სინამდვილეში კი ზოგი ასო-ბგერა დახრილია, ზოგი - სწორი და ზოგიც -თითქმის დაკარგული. ესაა მისი კალიგრაფია, რომელიც, ალბათ, ბევრ რამესაც მოუყვება ანთოლოგიის დამთვალიერებელს. ძნელია ლია სტურუას კალიგრაფიის ამოკითხვა: ერთკბილიანი ლ ხშირად ი-ს ებმის და ღ-დ იკითხება, არც დ-ს აქვს ბოლომდე შეკრული პირი. თუმცა რა შუაშია კალიგრაფია, როცა ის მეორადი ბავშვების მაღაზიაზე წერს. ნათია ნაცვლიშვილის კალიგრაფია მას ჰგავს: მისი თმასავით ხვეულია. ერეკლე დეისაძე პლაკატურია, გაგა ნახუცრიშვილი - დაუდევარი, ისეთი დაუდევარი, როგორც სტუდენტი კონსპექტის წერისას. ბესიკ ხარანაული - თავისუფალი, დათითოებული ასო-ბგერებით. ეთერ თათარაიძე მსუყე ნისლივით წერს, გაკრული ხელით...
იმ მოკლე პერიოდში, რა პერიოდშიც ვიღებდით ფოტოებს, საკმაოდ კარგი ფოტოები გამოვიდა. მგონია, რომ თითოეული პოეტის წერის სტილია ამ ფოტოებში გამოსახული...მამუკა კიკალიშვილი
და ამ ხელნაწერებს, ავტორთა კალიგრაფიას, თან ახლავს მათივე პორტრეტები. პოეტური ფოტოები, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს. ზოგი რომ უსასრულობაში გაიცქირება, ზოგი ობიექტივში იყურება. ზოგი რომ არ იღიმის, ზოგი რომ იღიმის, ოღონდ ძლივს შესამჩნევად. ერთადერთი, ვისზეც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იცინის, ეს შოთა იათაშვილია. ფოტოები მამუკა კიკალიშვილმა გადაიღო. როგორც ის მეუბნება, პროექტზე მუშაობა მისთვის საინტერესო გამოდგა. გარდა იმისა, რომ პოეტების პორტრეტები შექმნა, გაიცნო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს 21-ე საუკუნის პოეზიას ქმნიან. გადაღებამდე თითოეულ მათგანს ესაუბრებოდა, ცდილობდა გამოეცნო მათი ხასიათი, განწყობები და შემდეგ ისინი ფოტოზე გადაეტანა:
„მთავარი ის იყო, რომ პოეტებში ამომეცნო მათი ხასიათი, რადგან თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალური, ყველას თავისი სტილი აქვს წერის. ვთვლი, რომ იმ მოკლე პერიოდში, რა პერიოდშიც ვიღებდით ფოტოებს, საკმაოდ კარგი ფოტოები გამოვიდა. მგონია, რომ თითოეული პოეტის წერის სტილია ამ ფოტოებში გამოსახული“.
ანთოლოგიის ერთ-ერთი ავტორი, პოეტი ცირა ბარბაქაძე, საკუთარ პორტრეტში ცერა მზერით ქვევით იყურება. მისი ყოველდღიური ცხოვრება ამ პორტრეტს, ალბათ, არ ჰგავს, თუმცა ჰგავს ეს პორტრეტი იმ ლექსს, იმ ხელნაწერს, რომელიც ცირამ ამ ანთოლოგიისთვის შეარჩია და რომელსაც „უცხო ქალაქი“ ჰქვია. ამ ანთოლოგიას კი ის პერფორმანსს უწოდებს. როგორც ცირა მეუბნება, ამ ფოტოებმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დიდი ნაწილისთვის ეს ფოტოები სევდასთან, უფრო ზუსტად კი, პოეტურ სევდასთან არის დაკავშირებული, მისთვის კი ეს, უბრალოდ, ავტორების სხვა, მეორე მხარეა:
„ერთ შემთხვევაში დროულობაა აღწერილი და მეორე შემთხვევაში ამ დროულობისგან თითქოს დაცლილი ხარ და მარადიულობაში გადაგაგდო ამ ხედვამ. ეს იყო საინტერესო ფოტოპორტრეტებში“.
რაც შეეხება მის ლექსს, უფრო ზუსტად კი, ფრაგმენტს ლექსიდან და, საერთოდ, ლექსებს, რომლებიც ავტორებმა ანთოლოგიისთვის შეარჩიეს, ცირა თვლის, რომ ეს ლექსები წარმოადგენს ერთგვარ სლოგანებს, მთავარ სათქმელს, რისი თქმაც სურთ ავტორებს თავიანთი შემოქმედებით:
„ტექსტები, რომლებსაც გადავხედე, ისეთი ტექსტებია, რომლიდანაც ორ ფრაზას ამოიღებ და ავტოგრაფად შეარჩევ. ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა ეს ალბომი“.
მომწონს ეს ახალი თემები, პიეტეტისაგან განძარცული ტექსტები და ზოგჯერ, შეიძლება, უხამსიც, რომელიც ძალიანაც მომწონს, ცხადია, თუკი ეს ორგანულია. ის თითქოს გეუბნება, რომ აი, ასეთი ვარ და კეთილი ინებე და წამიკითხე, თუ გსურს ჩემი გაგება...გია ჯოხაძე
მთარგმნელი და ანთოლოგიის ერთ-ერთი წარმდგენი, გია ჯოხაძე, ფიქრობს, რომ ფოტოებისა და ხელნაწერების თანხვედრა ანთოლოგიის მკითხველს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო სხვა მხრიდან დაანახვოს თუნდაც უკვე არაერთხელ წაკითხული ლექსი. სწორედ ამიტომ, ეს ანთოლოგია, მისი აზრით, გამორჩეული და საინტერესო უნდა იყოს:
„ადრე მითხრა ბროდსკიმ, რომელიც თავის ესეში მეორე დიდ პოეტზე, ოდენზე, წერს, რომ ასეთი ანთოლოგიები მიყვარდაო, სადაც ფოტოები იყოო. ამ ფოტოებისა და ლექსების შედარება შეიძლება. მისადაგება. ხანდახან არის, შეხედავ, ორი წარბი აქვს აზიდული და შეიძლება გარითმულ სტრიქონად მოგეჩვენოსო“.
საინტერესო გამოდგა მისთვის ავტორთა კალიგრაფიაზე დაკვირვებაც. მისი აზრით, ამ მიმართულებით, ხშირად თვალშისაცემია თაობებს შორის განსხვავება:
„ახალი თაობა, რომელიც ლექსშიც ახალია, დაუდევარია - აი, როგორი დაუდევარი ლექსიც აქვს და სწორედ ეს მომწონს მე მათში, კალიგრაფიაც ასეთი აქვთ. მომწონს ეს ახალი თემები, პიეტეტისაგან განძარცული ტექსტები და ზოგჯერ, შეიძლება, უხამსიც, რომელიც ძალიანაც მომწონს, ცხადია, თუკი ეს ორგანულია. ის თითქოს გეუბნება, რომ აი, ასეთი ვარ და კეთილი ინებე და წამიკითხე, თუ გსურს ჩემი გაგება“.
გაცილებით კრიტიკულია ალბომზე საუბრისას ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი. ის ფიქრობს, რომ ავტორებმა ამ ფოტოებში ინდივიდუალურობა დაკარგეს:
„ყველა რაღაცნაირად ერთნაირია - შთაგონებული და ამაღლებული. როცა ვუყურებ ამ სახეებს, რაღაცნაირი სევდა მოდის. შეიძლება ეს ჩანაფიქრი იყო ასეთი, მაგრამ პოეზია მხოლოდ სევდა არ არის, ხო?“
ანთოლოგიის იდეის ავტორის სალომე სულაბერიძის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა პროზაიკოსთა ანთოლოგიაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ანთოლოგია, რომელიც 21-ე საუკუნის სპორტსმენებს გააერთიანებს.