Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჭაბაშვილი - მეოცე საუკუნის სულხან-საბა


ივანე გიგინეიშვილი, ბეატრისა საბაშვილი, თამარ ბეროზაშვილი, მიხეილ ჭაბაშვილი, ნუნუ საყვარელიძე, ანა კალანდაძე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში.
ივანე გიგინეიშვილი, ბეატრისა საბაშვილი, თამარ ბეროზაშვილი, მიხეილ ჭაბაშვილი, ნუნუ საყვარელიძე, ანა კალანდაძე ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დასტამბა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და ლექსიკოლოგის მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებები“, რომელშიც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ავტორ-შემდგენელი, ქართული ენის განმარტებითი და სხვა ლექსიკონების ერთ-ერთი რედაქტორი საინტერესოდ აღწერს თავისი ბავშვობის, მოწაფეობისა და სტუდენტობის წლებს, XX საუკუნის ისტორიული მოვლენების ფონზე. ავტორი განსაკუთრებული შთაგონებით ჰყვება გასული საუკუნის 30-იანი წლების თბილისის შესახებ სვანეთის უბნის მაგალითზე. მოგონებების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის შექმნის ისტორიასა და ენათმეცნიერების ინსტიტუტს.

მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებები“ პირველად 2006 წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ დასტამბა. როგორც მიხეილ ჭაბაშვილის ქალიშვილი და წიგნის რედაქტორი ანა ჭაბაშვილი იხსენებს, პირველი გამოცემის ტირაჟი ძალიან მცირე იყო.

ანა ჭაბაშვილი
ანა ჭაბაშვილი

„ორჯერ დაიბეჭდა 200-200 ცალი, რომლებიც საჩუქრებად დავარიგე. ახლა კი მინდა, რომ ფართო მკითხველმა წაიკითხოს. ეს იყო მთავარი მოტივი. ფოტოები, რომლებიც წიგნში იყო ჩართული, გამოვიტანეთ გარეთ კოლაჟის სახით. წიგნში რამდენიმე პირობითი მიმართულებაა: ერთი - ვისაც აინტერესებს ძველი თბილისი, აქ ნახავს გასული საუკუნის 20-30-იანი წლების სვანეთის უბანს და, ზოგადად, ძველ თბილისს, და მეორე - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული და ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, უთხრა ანა ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ანა ჭაბაშვილის თქმით, ბატონმა მიხეილმა მოგონებების წიგნის წერა სწორედ იმისათვის დაიწყო, რომ ისტორიას შემორჩენოდა მეტი ცნობა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რასაც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის შედგენა ჰქვია, თუმცა წერის პროცესში თხრობა გაიშალა და მოგონებებმა მეცნიერის ცხოვრების ლამის ყველა ეტაპი მოიცვა:

„მთელი წიგნი, ძირითადად, მოგონებებია, მაგრამ ომის პერიოდის ამბები, მგონია, რომ, ჩანაწერებია, თუმცა უბის წიგნაკს ვერ მივაკვლიე. არადა, დღიურის სახე აქვს და პირდაპირ ასეა გადმოტანილი. ვხვდები, რომელია ჩაწერილი და რომელი მეხსიერებით გადმოტანილი. თვითონვე წერს შესავალში, რომ ბევრი რამ შეიძლება აღარ მახსოვდეს ან ზუსტად არ მახსოვდესო, მაგრამ საბოლოოდ რაც გავიხსენე და დავწერე, ეს არისო. რა ვითარებაში დაიწერა? 90-ან წლებში. თვითონ 1995 წელს გარდაიცვალა და ორი წლით ადრე დაასრულა ამის წერა. თავისთვის ჩუმად წერდა. თავდაპირველად არც იყო გათვლილი გამოქვეყნებაზე: ისე ვწერ, შვილებს და შვილიშვილებს რომ დარჩეთო. შემდეგ თანდათანობით ძალიან გაიტაცა ამან. სიცოცხლის ბოლო ორი წელი ის იყო დაბრმავებული. ყველაფერი გვერდზე გადადო და მთლიანად იყო ამ წიგნით მოცული. გადაბეჭდილი სახით გვაქვს ორ ეგზემპლარად. მერე სურვილიც გაუჩნდა დაბეჭდვის, მაგრამ 90-ანი წლები, მოგეხსენებათ, რაც იყო ჩვენთან და ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შევძელით მე და ჩემმა დამ რაღაც სახსრების თავმოყრა და წიგნად დაბეჭდვა“.

მოგონებებზე მუშაობის პერიოდი კარგად ახსოვს მეცნიერის შვილიშვილს ნიკო ნერგაძეს:

„წერა დაიწყო მანამდე, ვიდრე მხედველობას დაკარგავდა, და ჩვენ ვეხმარებოდით ხოლმე. დროდადრო დავუსხდებოდით ხოლმე. თვითონ გვეტყოდა, რომელ გვერდზე რა უწერია, რომელი სიტყვა რითი უნდა შევცვალოთ, რა ამოვიღოთ, რა დავტოვოთ. მაშინ ეს მეგონა, რომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, სულაც არ იყო ჩვეულებრივი. თან ყველა სიტყვას უკირკიტებდა. მაგალითად, ერთი ამბავი აქვს მოთხრობილი დედამისზე, რომ ბავშვებისთვის მოიტანა საჭმელი და თვითონ არ ჭამა, არ მინდაო. წიგნში წერდა, ალბათ, როგორ უნდოდა და ნერწყვი ადგებოდაო, მაგრამ მერე იფიქრა და გადაწყვიტა, რომ „ნერწყვი ადგებოდა“ არ იყო სწორი და, „პირწყალი ადგებოდაო“, გადააკეთა“.

ვინც იცის და ჩახედულია, ყველამ იცის, რომ ყველაზე რთული სამუშაო არის ლექსიკონის შედგენა. მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას არა მხოლოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არამედ ძალიან კარგ ლიტერატურულ გემოვნებას, იმიტომ რომ თითოეული სიტყვის განმტკიცება ხდება ილუსტრაციებით და ამ ილუსტრაციების შერჩევას სჭირდება მწერლობის შესანიშნავი ცოდნა...
ავთანდილ არაბული

მოგონებების წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. ბევრი მათგანი საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწეა, თუმცა ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი მაინც სიტყვაა. ყოფითი, ყოველდღიური ამბების აღწერის დროსაც კი მიხეილ ჭაბაშვილი რჩება თავისი პროფესიის ერთგული და, როგორც ჭეშმარიტი ენათმეცნიერი, უყურადღებოდ ვერ ტოვებს ამა თუ იმ სიტყვისა და გეოგრაფიული სახელის წარმომავლობას, მის ეტიმოლოგიას. ასე მაგალითად, მიხეილ ჭაბაშვილი ვარაუდობს, რომ სვანეთის უბნის პირვანდელი სახელი სვენეთის უბანი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ამ უბანში ბევრი სახლდებოდა შიდა ქართლიდან, მათ შორის, სოფელ სვენეთიდან. სხვათა შორის, შიდა ქართლსა და სოფელ რუისში გატარებულ არდადეგებს უკავშირდება მიხეილ ჭაბაშვილის არაერთი მოგონება, რომლის ცენტრში ისევ და ისევ სიტყვა დგას. მიხეილ ჭაბაშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა სველ კოლბოხებზე სირბილით მოიწონა თავი, მაგრამ პასუხად სოფლელმა ბიჭებმა უთხრეს, შენ ჩათლახი ხარ და იმიტომო. „ამ სიტყვის მხოლოდ ქალაქური, ნახევრად უწმაწური მნიშვნელობა ვიცოდი და გამიკვირდა და მეწყინაო“, - წერს მიხეილ ჭაბაშვილი მოგონებების წიგნში და იქვე დასძენს:

„დიდი ხნის შემდეგ, უკვე როდესაც განმარტებითი ლექსიკონის შედგენაზე ვმუშაობდი, ამ სიტყვის ქართლურ მნიშვნელობას („სუსტი“, „უხეირო“) მივაგენი. იაკობ გოგებაშვილს აქვს ნახმარი ასეთ წინადადებაში: „ღამურა ისეთი ტაატით მოძრაობს, რომ ჩათლახ კუსაც კი შეუძლია გაასწროს სიარულში“. ლექსიკონის საილუსტრაციო ფონდიდან მახსოვს კიდევ ავქსენტი ცაგარელის დაახლოებით ასეთი ფრაზა: ერევანში ჩათლახი ტრამვაი დადისო. მაშინ, 20-30 წლის შემდეგ მივხვდი, რომ საწყენად არ უნდა მიმეღო რუისში ჩემ მიმართ ბავშვობაში ნათქვამი ეს სიტყვა. მე, იმ სოფლელ ბიჭებთან შედარებით, მართლაც სუსტი და უღონო ვიყავი“.

მისი მეცნიერულის იქით ცხოვრებისეული დაკვირვებები, სამეცნიერო თუ პირადი ურთიერთობები ისეთი სითბოთი, ისეთი ტაქტით, რბილი იუმორით არის გადმოცემული, რომ აღფრთოვანებას იწვევს. უაღრესად საინტერესო საკითხავია და მივესალმები მის ხელმეორედ გამოცემას...
ავთანდილ არაბული

მიხეილ ჭაბაშვილის მოგონებების წიგნში ბევრი საყურადღებო ეთნოგრაფიული ამბავია, რომლებშიც გასული საუკუნის 20-30-იანი წლების თბილისისა და თბილისელების ყოფაა აღწერილი: როგორ მეტყველებდნენ, რითი ერთობოდნენ, რა სახის ურთიერთობები იყო სკოლებში, ოჯახებში, უბნებში... როგორ მეტსახელებს ატარებდნენ ქალაქელები. რა სახის ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ და როგორ იყო ორგანიზებული, მაგალითად, ტრამვაის მოძრაობა ლამის ასი წლის წინანდელ თბილისში:

„ეს იყო სულ მთლად ფარღალალა ვაგონი, წინ და უკან ჰქონდა ვატმანის ღია კაბინა. ზამთრობით ვატმანს ეცვა ბრეზენტის კაპიშონიანი პლაშჩი და ხელებზე ბრეზენტისავე უხეში ცალთითა ხელთათმანები. მარჯვენა ხელზე, რომლითაც მექანიკურ მუხრუჭს მართავდა, ხელთათმანი წლის ყოველ დროს სჭირდებოდა, ასეთი ძალა ადგებოდა ხელისგულს. ზამთარში თოვლი ვატმანს ხშირად სახეში და გულმკერდზე ეყრებოდა; ამის გამო წარბები და გულმკერდი თოვლით ჰქონდა გადათეთრებული. ტრამვაის ვაგონში იყო ათი თუ თორმეტი რიგი მერხებისა, რომელთა საზურგეების გადაბრუნ-გადმობრუნება შეიძლებოდა და ამ საზურგეებს ბოლო გაჩერებაზე კონდუქტორი გადააბრუნებდა მეორე მხარეს, რომ მიმავალ ტრამვაიში მგზავრები პირით წინ ყოფილიყვნენ. მაშინ ბოლო გაჩერებაზე შემოსაბრუნებელი წრეები არ არსებობდა და უკან წამოსასვლელად ვატმანს უნდა შემოეტრიალებინა ე.წ. ბუგელი, გადასულიყო ვაგონის ბოლოში, რომელიც ახლა თავი იქნებოდა. ვაგონს ერთი ძრავა თავში ჰქონდა, ერთი - ბოლოში“.

მეცნიერები, რომლებმაც შეადგინეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
მეცნიერები, რომლებმაც შეადგინეს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

ამგვარი საინტერესო ყოფითი დეტალებითაა გაჯერებული მოგონებების ის ნაწილიც, რომელიც ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობის წლებსა და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულზე მუშაობის პერიოდს მოიცავს. მაგალითად, არნოლდ ჩიქობავასადმი მიძღვნილ ვრცელ თავში მოთხრობილია სტალინთან ქართველი მეცნიერის შეხვედრის დეტალები, რომელიც მოგონებების ავტორს მისმა სახელოვანმა პედაგოგმა გაუმხილა. აქვე წაიკითხავთ სახალისო ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ბენედიქტე ჩიქობავა არნოლდ ჩიქობავად და არა ფელიქს ჩიქობავად და რა როლი ითამაშა ამ საკითხში პროფესორმა გიორგი ახვლედიანმა. საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ არაბულიც მიიჩნევს, რომ მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებები“ უაღრესად საინტერესო წიგნია:

„მისი მეცნიერულის იქით ცხოვრებისეული დაკვირვებები, სამეცნიერო თუ პირადი ურთიერთობები ისეთი სითბოთი, ისეთი ტაქტით, რბილი იუმორით არის გადმოცემული, რომ აღფრთოვანებას იწვევს. უაღრესად საინტერესო საკითხავია და მივესალმები მის ხელმეორედ გამოცემას“.

ბეატრისა საბაშვილი, ნორვეგიელი ქართველოლოგი ჰანს ფოგტი, მიხეილ ჭაბაშვილი. 1961 წელი
ბეატრისა საბაშვილი, ნორვეგიელი ქართველოლოგი ჰანს ფოგტი, მიხეილ ჭაბაშვილი. 1961 წელი

ავთანდილ არაბული ამბობს, რომ განუზომელია მიხეილ ჭაბაშვილის ღვაწლი ქართული აკადემიური ლექსიკოლოგიის სფეროში. გარდა იმისა, რომ უდიდესი როლი ითამაშა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის შექმნაში, იგი ასევე ავტორი და რედაქტორია უცხო სიტყვათა ლექსიკონისა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულისა, საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელებისა და უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული და სხვა ლექსიკონებისა. ავთანდილ არაბულის თქმით, მიხეილ ჭაბაშვილის ღვაწლი თამამად შეიძლება შევადაროთ სულხან-საბა ორბელიანისას.

„ვინც იცის და ჩახედულია, ყველამ იცის, რომ ყველაზე რთული სამუშაო არის ლექსიკონის შედგენა. მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას არა მხოლოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით (იქ არის კვალიფიკაციების სისტემა, რომელიც გრამატიკასაც მოიცავს, სემანტიკასაც, ლექსიკურ მიმართებებს), არამედ ძალიან კარგ ლიტერატურულ გემოვნებას, იმიტომ რომ თითოეული სიტყვის განმტკიცება ხდება ილუსტრაციებით და ამ ილუსტრაციების შერჩევას სჭირდება მწერლობის შესანიშნავი ცოდნა, რა მხრივაც გამოირჩეოდნენ ძველი თაობის ჩვენი პროფესორები და, მათ შორის, მიხეილ ჭაბაშვილი“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.

სამწუხაროდ, იმის მერე აღარ გამოცემულა, თუმცა კი საჭიროა და მოთხოვნაც არის ამ წიგნზე, მაგრამ მას სჭირდება ძალიან სერიოზული გადამუშავება, იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა და იმ სახით ვეღარ გამოვა...
ანა ჭაბაშვილი

მიხეილ ჭაბაშვილის ცხოვრების მთავარ ნაშრომად, როგორც უკვე ითქვა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული მიიჩნევა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ნაშრომია უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რომელიც, ანა ჭაბაშვილის თქმით, ბოლოს 1989 წელს გამოიცა ასიათასიანი ტირაჟით:

„სამწუხაროდ, იმის მერე აღარ გამოცემულა, თუმცა კი საჭიროა და მოთხოვნაც არის ამ წიგნზე, მაგრამ მას სჭირდება ძალიან სერიოზული გადამუშავება, იმიტომ რომ ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა და იმ სახით ვეღარ გამოვა. მეკითხებიან ხშირად, რატომ არ არისო და პირობას ვიძლევი, შევეცდები რამე გავაკეთო, მაგრამ ძალიან დიდი დრო სჭირდება“.

მიხეილ ჭაბაშვილს გაისად 100 წელი უსრულდება, მრგვალი თარიღი კი კარგი საბაბია მეცნიერის ღვაწლისა და დამსახურების გახსენებისთვის, რაც ასევე გულისხმობს მისი მემკვიდრეობის, პირველ რიგში, ლექსიკონების გადამუშავებასა და ხელახლა გამოცემას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG