ლანფრანკო კირილო რუსეთში მცხოვრები ყველაზე იდუმალებით მოცული იტალიელია, რომელმაც გასაიდუმლოებულ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტის ფეშენებელური სასახლე ააგო. არქიტექტორი არ მალავს, რომ ახლოს იცნობს რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს, რომელთა შეკვეთითაც მან არაერთი მდიდრული სახლი ააშენა. ლანფრანკო კირილო, რომელიც თავს ფიორავანტისა და რასტრელის თაყვანისმცემლად მიიჩნევს, ოცნებობს, რომ ის, დიდი წინამორბედების მსგავსად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სასახლის აშენებითაც შევიდეს რუსეთის ისტორიაში.
იტალიელი არქიტექტორი ლანფრანკო კირილო მოსკოვის ცენტრში საკუთარ სამსართულიან მდიდრულ სახლში ცხოვრობს. სახელმწიფო კომპანიების ოფისებისა და მდიდარი რუსი მოქალაქეების სასახლეების მშენებლობით ცნობილი არქიტექტორი საკუთარ თავს „უბრალო მოქალაქეს“ უწოდებს, რომელსაც მოსწონს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ვისი ორი სურათიც ამშვენებს მისი კაბინეტის კედელს:
„ნუ, ისევე როგორც რუსეთის ყველა მოქალაქემ, ვიცი, რომ არსებობს რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც ყველა ძალიან ვაფასებთ“.
იტალიელი ლანფრანკო კირილო, მართლაც, რუსეთის მოქალაქეა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2014 წლის 16 აპრილის განკარგულების საფუძველზე მიანიჭა 56 წლის იტალიელს რუსეთის მოქალაქეობა. მაგრამ „უბრალო“ ლანფრანკო კირილოზე ნამდვილად არ ითქმის. არქიტექტორმა, რომლის შესახებ მოსკოველ პროფესიონალთა წრეშიც კი ბევრი არაფერი იყო ცნობილი, რამდენიმე მდიდრული კერძო სახლი, მათ შორის, „პუტინის სასახლედ“ წოდებული რეზიდენცია ააშენა შავი ზღვისპირა ქალაქ გელენჯიკში.
„ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ, თუ რუსეთში 120 მილიარდერი ცხოვრობს, მათი 43 პროცენტი ჩემი კლიენტი იყო. ამიტომ ამას მე სიამაყით ვამბობ, რადგან თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ძნელია ამ ვიწრო წრეში მოხვედრა“.
ლანფრანკო კირილო მდიდარი ადამიანების ძვირადღირებულ პროექტებზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მუშაობს. ამის მიზეზი კი, არქიტექტორის თქმით, ისაა, რომ გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელებს და მდიდარ ადამიანებს არ უყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. იტალიის ქალაქ ბრეშაში მცხოვრებმა ნაკლებად ცნობილმა არქიტექტორმა პირველი დიდი შეკვეთა რუსეთში 1993 წელს კომპანია „ლუკოილისაგან“ მიიღო. მილანელმა შუამავალმა იგი რუს ოლიგარქ ვაგიფ ალეკპეროვს შეახვედრა. მისი და მისი მოადგილისათვის კირილომ ფეშენებელური კერძო სახლი, ოფისი და რეზიდენცია ააგო მოსკოვის ცენტრალურ სრეტენსკის ბულვარში. ლანფრანკო კირილო მილიარდერ ალეკპეროვის შეკვეთებზე 2002 წლამდე მუშაობდა. ამის შემდეგ იტალიელ არქიტექტორზე, რომელიც ყოველთვის ჩუმად მუშაობას ამჯობინებდა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.
„ვმუშაობ ყველგან - ბაიკალიდან ურალამდე, სამხრეთში, სოჭში, არ ვიცი, სხვა ქალაქებში, გელენჯიკში... ყველგან ვმუშაობ, სადაც დავალებას გვაძლევენ და სადაც საინტერესოა მუშაობა. დავალება და ინტერესი ბევრია, მაგრამ ყოველთვის დრო არ გვაქვს“.
შესაძლოა არქიტექტორ ლანფრანკო კირილოს სახელი დიდხანს დარჩენილიყო უცნობი, რომ არა ერთ დროს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერის, სერგეი კოლესნიკოვის მიერ 2010 წლის სკანდალური ღია წერილი, რომელმაც ფარდა ახადა სპეციალურად პუტინისათვის მდიდრული სასახლის მშენებლობას რუსეთის შავი ზღვის ქალაქ გელენჯიკში.
ვფიქრობ, ჩემი ისტორია ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის ტიპიური ისტორია იმიგრანტის, რომელიც ჩავიდა ქვეყანაში და შედეგს მიაღწია. ამაში არაფერია უცნაური და იდუმალი. ყველა ადამიანს სურს იქექოს ჩემს ისტორიაში, მოძებნოს რაიმე ინტრიგა, მაგრამ მასში უცნაური არაფერია....
კოლესნიკოვის თანახმად, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტიდან, რომელსაც თავის დროზე ვლადიმირ პუტინი ედგა სათავეში, სამედიცინო მომსახურებისათვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხები იგზავნებოდა ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ბელიზში მდებარე ფირმაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული საქმოსნები ნიკოლაი შამალოვი და დმიტრი გორელოვი ფლობდნენ.
ფირმამ, სახელწოდებით „ლანავალი“, 48 მილიონი დოლარი გადარიცხა ვაშინგტონში მდებარე კომპანია „მედია ინვესტმენტში“, რომელიც, როგორც გაირკვა, სწორედ ჩვენი რეპორტაჟის მთავარ გმირს - იტალიელ არქიტექტორ ლანფრანკო კირილოს - ეკუთვნის. სწორედ ეს ფირმა იძლეოდა იმ სამშენებლო მასალას, რომელიც „პუტინის სასახლის“ აშენებისათვის იყო საჭირო. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ანონიმურმა წყარომ, გელენჯიკში მდებარე „პუტინის სასახლის“ პროექტებზე შეკვეთის მიღებას ლანფრანკო კირილო სწორედ პუტინთან დაახლოებულ სახელმწიფო კომპანიათა - „გაზპრომისა“ და „სტროიგაზკონსალტინგის“ - ხელმძღვანელობას უნდა უმადლოდეს. თუმცა სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში კირილომ თავი აარიდა პუტინის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე საუბარს და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მას, როგორც წარმატებულ არქიტექტორს, ხშირად უწევს მუშაობა მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებზე, რაშიც უცნაური არაფერია;
„ვფიქრობ, ჩემი ისტორია ძალიან საინტერესოა, რადგან ეს არის ტიპიური ისტორია იმიგრანტის, რომელიც ჩავიდა ქვეყანაში და შედეგს მიაღწია. ამაში არაფერია უცნაური და იდუმალი. ყველა ადამიანს სურს იქექოს ჩემს ისტორიაში, მოძებნოს რაიმე ინტრიგა, მაგრამ მასში უცნაური არაფერია. როგორც პროფესიონალ არქიტექტორს, მე მიყვარს აქ მუშაობა. ვშოულობ ფულს და კარგად ვცხოვრობ ამ ქვეყანაში და აქ არაფერია უცნაური“.
რუსეთში წარმატებული ლანფრანკო კირილო არ მალავს, რომ ოცნებობს ააშენოს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს სასახლე, რომლის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
„ფიორავანტიმ ააშენა კრემლი, რასტრელიმ - ზამთრის სასახლე. ცხადია, მეც ვოცნებობ გავაგრძელო ეს იტალიური კულტურა, რომელსაც აქ იტალიელმა არქიტექტორებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს ყველა არქიტექტორის ოცნებაა“, - ამბობს კირილო.
მაგრამ ძნელი სათქმელია, უწერია თუ არა ლანფრანკო კირილოს ამ ოცნების ასრულება. რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს სასახლის მშენებლობაზე ივლისისათვის დაგეგმილი გამარჯვებული პროექტის გამოვლენა, მოსკოველი არქიტექტორების მოთხოვნით, არქიტექტორებისა, რომლებმაც არასაკმარისად გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება გააპროტესტეს, გაურკვეველი ვადით გადაიდო.