როგორ მუშაობს სახელმწიფო ტრეფიკინგის აღსაკვეთად საქართველოში? რამდენად მწვავედ დგას ადამიანებით ვაჭრობის პრობლემა ქვეყანაში? ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგის თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით არცთუ წარმატებულად. როგორ იცვლება წლიდან წლამდე ტრეფიკინგის ფორმები და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ პრობლემა აღკვეთოს?
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა უმრავლესობა ქალები და არასრულწლოვანი გოგონები არიან. 155 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სწორედ ისინი შედიან იმ 79 პროცენტში, რომლებსაც ტრეფიკიორები სხეულით ვაჭრობას აიძულებენ.
„საინტერესოა, რომ გამოკვლეული ქვეყნების 30 %-ში ადამიანებით მოვაჭრეთა უმრავლესობაც სწორედ ქალია”, - ვკითხულობთ გაეროს კვლევაში.
ადამიანით უკანონო ვაჭრობის, ანუ ტრეფიკინგის, პრობლემა საქართველოშიც მწვავედ დგას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის მონაცემებით, გოგონებს სხეულით ვაჭრობას აიძულებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ისინი უკანონოდ გადაჰყავთ, უმეტესად, თურქეთში, უფრო იშვიათად კი - არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა ტრეფიკინგის პრობლემას 1999 წლიდან იკვლევს. მისი თქმით, საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის ყველაზე დიდი კერა აჭარის რეგიონშია - გონიოსა და ბათუმში. ტრეფიკინგის მსხვერპლნი აქ ძირითადად უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩამოჰყავთ:
„ეს გოგონები ისეთი სოფლებიდან არიან, როგორიც საქართველოში დღეს უკვე აღარ არის. როცა ბათუმში ხვდებიან, ეს მათთვის დაახლოებით იგივეა, ჩვენ რომ, ვთქვათ, მანჰეტენზე მოვხვდეთ. ეს პირველი მიზეზია. მეორე კი ის არის, რომ ზოგი გოგო ფულსაც შოულობს“.
გოგონებს ეს შემოსავალი საკმაოდ ძვირად უჯდებათ. როგორც ნანა ნაზაროვა ამბობს, საკუთარი ქვეყნებიდან წამოყვანამდე მათ სრულიად სხვა სამსახურს ჰპირდებიან, საქართველოში ჩამოსვლისთანავე კი სიტუაცია იცვლება:
„ქალები, რომლებსაც ეს გოგონები ჩამოჰყავთ, მსხვერპლს პასპორტს ართმევენ და მანამ არ უბრუნებენ, სანამ ისინი 7 000-8 000 დოლარს არ გადაუხდიან. სხვათა შორის, ესეც უკვე წარსულშია. ახლა სიტუაცია შეიცვალა“.
ტრეფიკინგის ხერხები და ფორმები წლიდან წლამდე იცვლებაო, - ამბობს ნანა ნაზაროვა. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მკაცრია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიცია, როგორ კონტროლდება საზღვრები და ა.შ.
საქართველოში ადამიანებით უკანონოდ ვაჭრობის ამბავი 2013 წლის მაისში გახმაურდა, როდესაც აჭარაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ერთ-ერთი გოგონა მოკლეს. როგორც ნანა ნაზაროვა ამბობს, პოლიცია სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა, შედეგად კი, ტრეფიკიორების უმეტესობამ ქვეყანა დატოვა, თუმცა მსხვერპლი დარჩა.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ტრეფიკინგთან საბრძოლველად პარლამენტმა 2006 წელს დაამტკიცა კანონი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ჯანმრთელობის დაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში კი სპეციალური სამსახურებია შექმნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან 2015 წლამდე ტრეფიკინგით დაზარალებული 10 ადამიანი გამოვლინდა და ყოველმა მათგანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა:
„2014 წელს ტრეფიკინგის ფაქტზე 6 ადამიანის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2015 წელს - ორის. სანქციებიც ძალიან მკაცრია. მაგალითად, წელს ერთს 12 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს, ყირგიზეთის მოქალაქეს, - 14 წლით“.
ნანა ნაზაროვა კი შენიშნავს, რომ პოლიცია მუშაობს, თუმცა არასაკმარისად ეფექტურად. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პოლიციამ იცის, რომ ამა თუ იმ ადგილას ადამიანებს სხეულით ვაჭრობას აიძულებენ, თუმცა ფაქტებს ვერ უსწრებს და ვერ ამტკიცებს.
„ყველაფერი იციან. ჩვენთან პროსტიტუცია დასჯადი არ არის, ისინი კი (მსხვერპლნი) არ ასახელებენ დამნაშავეებს, ეშინიათ“.
ის, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტურად მუშაობს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშშიც არის აღნიშნული.
„მიუხედავად აშკარა მცდელობისა, საქართველოს ხელისუფლება ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კანონის აღსრულების მცდელობა დაბალია, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, - გაზრდილი“, ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ექსპერტი ირაკლი კლდიაშვილი ამბობს, საქმეს ტრეფიკინგის ახალ-ახალი, განსხავებული ფორმებიც ართულებს. მაგალითად, აჭარაში მსხვერპლს იშვიათად კეტავენ - მას შეუძლია ქუჩაში ჩვეულებრივ იმოძრაოს, ცხოვრობდეს სხვა ადამიანებს შორის, საღამოობით კი ბრუნდება ე.წ. სამსახურში, სადაც მას სხეულით ვაჭრობას აიძულებენ.
„ეს ადამიანი მაინც ჩაკეტილია იმ გარემოში. უბრალოდ, პერიმეტრი აქვს შედარებით დიდი. შენობაში ჩაკეტილი არ არის, თუმცა აქვს მკაცრად განსაზღვრული საკომუნიკაციო ობიექტები. მაგალითად, იცის, სად არის აფთიაქი, სად არის საჭმელი, ბაზარში სად წავიდეს, რა იყიდოს და კონტაქტში მხოლოდ თავის ე.წ. დამსაქმებელთან შედის“.
ირაკლი კლდიაშვილი დასძენს, რომ პოლიციის კონტროლის გამკაცრება გამოსავალი არაა. მეტიც, ამან შეიძლება სიტუაცია გააუარესოს:
„როცა წნეხი გაიზარდა, იქ გაჩნდა წნეხი, რომელიც ვეღარ ამოდის, ხუფშია. აქვე უნდა გაჩნდეს ის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ მათ გამოსასვლელი, საევაკუაციო გზები დაუტოვოს. სახელმწიფოს „კუნთებით თამაში“, იძულების მანქანის ამუშავება არ უნდა გულისხმობდეს, რომ ესენი ალყაში მოვაქციოთ და მერე იქ ჩაიხოცონ“.
მისი თქმით, კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასთან ერთად უნდა გაძლიერდეს სისტემა, რომელიც მსხვერპლს დაეხმარება.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიმინისტროში შექმნილია ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. ფონდის იურისტი ირაკლი ჭყონია ამბობს, 2014-2015 წლებში ბენეფიციარების უმეტესი ნაწილი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები არიანო:
„უმეტესად, ქართველი გვყავს მსხვერპლი. ეს ადამიანები მოტყუებით გადაჰყავთ ერაყში ან თურქეთში, პასპორტებს ართმევენ, შემდგომ პასპორტს არ უბრუნებენ, არც ხელფასს აძლევენ და ისინი იძულებულები არიან რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდნენ“.
ფონდს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის რამდენიმე თავშესაფარი აქვს, მათ შორის - თბილისსა და ბათუმში. ამ თავშესაფრებში შეიძლება მოხვდნენ არამარტო სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, არამედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნიც. ფონდის სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფარმა 2014 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლი 11 ადამიანი მიიღო, მათ შორის - უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე. ბენეფიციართა რიცხვი, 2013 წელთან შედარებით, შემცირებულია. შარშან თავშესაფარში 36 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის - უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე.
ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეაბილიტაციაა მთავარი პრობლემა. უმეტესად, მათ დაზარალებულის სტატუსის მიღებაც კი უჭირთ. სწორედ სტატუსის მინიჭებაა პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ მსხვერპლმა მისთვის კანონით დადგენილი მომსახურება მიიღოს.
„ცოტა ხნის წინ ერთი შემთხვევა გვქონდა. ბათუმში არის ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი, სამი თვის შვილით. ორივე ათაშანგით არის დაავადებული. ვერსად ვერ მივიყვანეთ. არც ერთი თავშესაფარი არ ღებულობს, იმიტომ რომ თურმე წესდებაში წერია, რომ ინფიცირებულ ადამიანს არ მიიღებენ. არც პროგრამები არსებობს, არც დაწესებულებები, რომლებიც ასეთ ადამიანს მიიღებენ“.
თუმცა ტრეფიკინგის პრობლემა, ნანა ნაზაროვას თქმით, მხოლოდ სახელმწიფო პროგრამების ამუშავებითა და კონტროლის გაძლიერებით არ გვარდება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება საზოგადოებას, განსაკუთრებით - საქართველოში. ტრეფიკინგის მსხვერპლი სხვა ადამიანებს შორის ცხოვრობს, მათგან ბინას ქირაობს, იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას. როგორც ნანა ნაზაროვა ამბობს, ადამიანებმა იციან ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ, რომლებიც მათ შორის ცხოვრობენ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ამაზე თვალს ხუჭავენ და, მეტიც, ამით სარგებლობენ კიდეც“.