წინასწარი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს 13 მარტის რიგგარეშე სხდომას, რომელიც პრეზიდენტმა, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, ლარის სტაბილურობის პრობლემების განსახილველად დანიშნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის „ხმაური ხმაურისთვის“ და რიგგარეშე სხდომაზე არდასწრება „სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იქნება. უმრავლესობის ბოიკოტის შემთხვევაში სხდომა ჩაიშლება. რაზე მიუთითებს შექმნილი ვითარება?
„ვერ ავყვებით პოლიტიკურ ოპონენტებს საგანგაშო რეჟიმისა და საგანგებო ვითარების დამკვიდრების მცდელობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე. დავით უსუფაშვილს არ უკვირს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ, მაგრამ, მისი თქმით, არც ოპონენტებს უნდა გაუკვირდეთ, თუკი უმრავლესობა არ იმონაწილევებს პრეზიდენტის მიერ 13 მარტს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაში:
„რიგგარეშე სხდომა არის სამართლებრივ–პოლიტიკური ინსტიტუტი და პარლამენტის წევრები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს - მოდიან სხდომაზე, ანუ ეთანხმებიან ამ საკითხის ასეთ რეჟიმში განხილვას, თუ არ ეთანხმებიან. ამაზევე მიუთითებს პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომების გაცდენა არ ისჯება არაფრით... არასაპატიო მიზეზით გაცდენა - ის, რაც მორიგი სხდომებისთვის არის დადგენილი - რიგგარეშე სხდომებს არ ეხება, იმიტომ რომ კანონმდებელმა ეს გაიაზრა და გაითვალისწინა“.
რიგგარეშე სხდომის შემთხვევაშიც კვორუმი არის პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი თუ არ გამოცხადდა (იქნება ეს მორიგი სხდომა თუ რიგგარეშე სხდომა), ასეთ შემთხვევაში სხდომა ვერ ჩატარდება...გიორგი კახიანი
დავით უსუფაშვილის გარდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა არაერთი წარმომადგენლის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, პოზიცია ერთიანია და 13 მარტის სხდომაზე 87-წევრიანი უმრავლესობის ვერც ერთ წარმომადგენელს ვერ ვიხილავთ, მით უფრო, რომ მათ რიგებში ვარაუდობენ, რომ რიგგარეშე სხდომა მიზნად ისახავდა ხმაურის ატეხას და პოლიტიკური ტემპერატურის აწევას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დანიშნული საპროტესტო აქციის წინ. პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი და „თავისუფალი დემოკრატების“ ზეპირი მიმართვის საფუძველზე დანიშნა. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუკი უმრავლესობა სხდომაზე არ მივა, ნიშნავს, რომ მას ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი:
„ისინი პატივს არ სცემენ ინსტიტუტებს საქართველოში – საუბარია საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე და საქართველოს პარლამენტზე“.
თუკი უმრავლესობა 13 მარტის რიგგარეშე სხდომაზე არ გამოცხადდება და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ საკომიტეტო მოსმენით შემოიფარგლება, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ვერც სხდომა შედგება, რადგანაც საჭირო კვორუმისთვის არასაკმარისი იქნება უმცირესობის 51 დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატების“ 8 დეპუტატისა და 4 დამოუკიდებელი დეპუტატის დასწრება.
„რიგგარეშე სხდომის შემთხვევაშიც კვორუმი არის პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატი თუ არ გამოცხადდა (იქნება ეს მორიგი სხდომა თუ რიგგარეშე სხდომა), ასეთ შემთხვევაში სხდომა ვერ ჩატარდება“, – განუცხადა რადიო თავისუფლებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თვალთახედვით, არამართებული იქნება, თუკი უმრავლესობა არ გამოცხადდება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე. 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რიგგარეშე სხდომისადმი მთავრობისა და უმრავლესობის დამოკიდებულება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა: 1. პარლამენტი არ ასრულებს ხელისუფლების მაკონტროლებლის როლს; 2. მთავრობის მოქმედება არღვევს ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობას; 3. ირღვევა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სიტუაცია არასასიამოვნოა, თუმცა შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია რომ კანონის ჩარჩოები არც პრეზიდენტს დაურღვევია და არც პარლამენტარებს. მისთვის ნათელია, რომ დეპუტატების ¼–ს ჰქონდა უფლება რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიემართა პრეზიდენტისთვის, ხოლო პრეზიდენტს, თავის მხრივ, ჰქონდა უფლება დაენიშნა ასეთი სხდომა.
ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ თებერვლის ბოლოს მან ერთხელ უკვე უთხრა ოპოზიციას უარი იმავე ტიპის მოთხოვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის მოწვევის თემად ლარის სტაბილურობაა დასახელებული, ექსპერტი სიტუაციას, მთლიანობაში, პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს:
„ბუნებრივია, რომ ლარის კურსის ვარდნისა და ეკონომიკური პრობლემების სერიოზული განხილვა ამ სხდომაზე ვერ მოხერხდებოდა. ეს იქნებოდა პოლიტიკური სხდომა, ძირითადად გამოყენებული იმისთვის, რომ ეკრიტიკებინათ მთავრობა და ა.შ. და ა.შ. უმრავლესობას, რა თქმა უნდა, აქვს ნება იმისა, რომ მივიდეს ან არ მივიდეს ამ სხდომაზე... და ის, ცხადია, შეეცდება, რომ პოლიტიკურად არაფრის მომცემი დებატები აიცილოს თავიდან“.
რიგგარეშე სხდომისგან განსხვავებით, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ბევრად არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნა 10 მარტს, როდესაც რიგგარეშე სხდომის დანიშვნით გაწბილებულმა უმრავლესობამ ერთგვარი სამაგიერო გადაუხადა პრეზიდენტს და ფრაქციათა ხელმძღვანელები არ მიავლინა მასთან, პრეზიდენტის სასახლეში ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების განსახილველად. ექსპერტი თვლის, რომ ასეთ დროს არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ მთლიანად ხელისუფლების დევალვაცია ხდება, რაც საკმაოდ სახიფათოა ქვეყნისთვის.