Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალი კონკურსი გორის მერიასა და საკრებულოში


საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ: გორის მერიამ და საკრებულომ საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსი კიდევ 20 ვაკანსიაზე გამოაცხადა. სოციალურ ქსელებში კი უკვე ჩატარებული კონკურსის შესახებ დისკუსია არ წყდება. ისინი, ვინც გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშა კონკურსს, კომისიის მიკერძოებულობაზე ლაპარაკობს, დასაქმებულები კი, როგორც წესი, პრეტენზიას არ გამოთქვამენ. გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი დავით ბზიშვილი გასაუბრების შემდეგ სამსახურში არ აიყვანეს. მისი აზრით, კომისიის წინაშე წარმატებით გამოვიდა და ამიტომგადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბზიშვილი კიდევ ერთხელ აპირებს ახალ ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსში ბედი სცადოს.

კონკურსის დასრულებას დაემთხვა პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, იოსებ ხერხეულიძის, ადმინისტრაციულ შენობასთან შიმშილობის აქციის დაწყება. ხერხეულიძემ ტესტირების ეტაპი წარმატებით გაიარა, მაგრამ გასაუბრების შემდეგ უარი მიიღო. მისი აზრით, კომისიამ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებზე შეაჩერა არჩევანი და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თანამებრძოლებს არჩევნებისდროინდელი დამსახურება არ დაუფასა.

ხერხეულიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს გორის გამგეობის წარმომადგენელი გიორგი წვერავა. მისი თქმით, იმ ვაკანსიაზე, რომელზეც პრეტენზიას ხერხეულიძე აცხადებდა, ბევრად კვალიფიციური კადრი შეირჩა, რომელმაც ტესტირებაზეც უფრო მაღალი ქულა მიიღო.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ იმ პირებს, ვისაც ტესტირება უკვე გავლილი აქვს და საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილს გამოთქვამს, მხოლოდ გასაუბრების გავლა მოუწევთ. სხვა შემთხვევაში აპლიკანტმა კონკურსის ყველა ეტაპი თავიდან უნდა გაიაროს.

კონკურსის მიმდინარეობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აკვირდებოდა. საიამ უკვე დადო შესაბამისი დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ გასაუბრების დროს ბოლომდე არ იყო გარკვეული კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმები. გარდა ამისა, იურისტებს პრეტენზია მერიაში ჩატარებული კონკურსის მიმართ გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც ჰქონდათ: კონკურსანტს უნდა გადაეწყვიტა ჩაწერილიყო თუ არა გასაუბრება და მონიტორის საშულებით მოესმინა თუ არა ეს პროცესი გვერდით ოთახში მყოფ დამკვირვებელს. საია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს კონკურსი მეტი გამჭვირვალობით ჩაატაროს.

XS
SM
MD
LG