Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქალთა მიმართ ძალადობის აქციებს ზუგდიდიც შეუერთდა


ზუგდიდში, კინოთეატრ ატრიუმთან, შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ქუჩაში გამოსვლით და მშვიდობიანი აქციით უნდა დაგმონ. არასამთავრობო სექტორის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალგაზრდები დღევანდელი გამოსვლით ქვეყნის 22 ქალაქში გამართულ აქციას შეუერთდნენ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა.

„ნუ გაამართლებ ძალადობას“, „ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე“, „ოჯახში ძალადობა ყველას გვეხება, შეაჩერე“ - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით იყვნენ მოსული აქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილი ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან შედგებოდა. შეკრების ორგანიზატორებმა გამოსვლისას აღნიშნეს, რომ დღეს მოქალაქეთა მხრიდან უფრო მეტ აქტიურობას ელოდნენ, რადგან ეს პრობლემა ყველა მოქალაქეს ეხება. ფსიქოლოგ ნინო ჯანაშიას განცხადებით, დღევანდელი აქციით მისი იმედი არ გამართლდა, მას ეგონა, უფრო მეტი ზუგდიდელი გააპროტესტებდა ძალადობას:

„მეტი მოქმედებისკენ გადავიდეთ. კარგია, რომ დღეს ახალი თაობა ესწრება ამ ღონისძიებას, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მონაწილეობა იქნება გააზრებული ქმედებების დონეზე. მე გთხოვთ, ახალგაზრდებო, რომ თქვენ ერთმანეთში ილაპარაკოთ იმაზე, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეგეხოთ ის თქვენ, რომ ეს პროცესი იყოს გააზრებული და სწორად წარმართული პროცესი“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალის მიმართ ძალადობამ საქართველოში საგანგაშო რიცხვს მიაღწია. მათი თქმით, არ შეიძლება საზოგადოება კვლავ გულგრილი დარჩეს დანაშაულის მიმართ და მოძალადის მიერ 25-ე ქალის მკვლელობა დაუშვას.

აქციის ორგანიზატორის განცხადებით, დღეიდან ქალის მიმართ ძალადობა უფრო ხშირად იქნება გაპროტესტებული, რათა საზოგადოება მგრძნობიარე გახდეს ამ პრობლემისადმი. ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ზამირა ღადუას განცხადებით, ძალადობა ის თემაა, რომელზეც არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორი თანხმდება და ერთ აზრზეა:

„დღეს ნათლად ჩანს, რომ მერია, საკრებულო, არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების გვერდით დგანან, რადგან ის პრობლემა, ის მანიფესტი, რაც დღეს იკითხება ამ აქციაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ არ შეიძლება გაჩუმება. არ შეიძლება არ დავდგეთ ყველა ერთმანეთის გვერდით. კი არ უნდა გადავფაროთ ეს პრობლემა, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ მეტი სიყვარულით, მეტი სითბოთი, მეტი სიკეთის კეთებით ეს ადამიანები მოვაბრუნოთ საზოგადოებისკენ“.

ზუგდიდში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან აქციაში უფრო ატიურად ჩართული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აღმოჩდნენ. ძალადობა ქუჩაში გამოსვლით მამაკაცთა მცირე ნაწილმა დაგმო. მამრობითი სქესის ასეთ პასიურობას არ იზიარებს ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენელი მიშა როგავა:

„როგორც ქალები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, მამაკაცებმაც უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და მამაკაცებიც უნდა ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. ჩემი, როგორც მოქალაქის, პოზიციაა, რომ კაცებმაც უნდა გადავდგათ ნაბიჯი ქალების უფლებებისთვის“.

დღევანდელ აქციაზე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ზუგდიდში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სამართლებრივ თუ მორალურ დახმარებას გაუწევენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხუხუას განცხადებით, არ შეიძლება მოქალაქეთა პასიურობა ამ პრობლემის მიმართ და თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობაზე, უნდა მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს. „ახლა სიჩუმე დანაშაულია“, - უთხრა მან შეკრებილებს.

დღევანდელი აქციით ზუგდიდი ჩაერთო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16- დღიან კამპანიაში. ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, დისკუსიების გამართვას აპირებენ.

XS
SM
MD
LG