მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში 9 სექტემბერს კვლავ მოექცა ავიაკატასტროფა, რომელიც 17 ივლისს მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში. ნიდერლანდმა გამოაქვეყნა წინასწარი ანგარიში იმის შესახებ, თუ, სავარაუდოდ, რამ გამოიწვია მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოვარდნა.
მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ნაჯიფ ტუნ რაზაკი როგორც ამბობს, ნიდერლანდელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი 17 ივლისს უკრაინაში ჩამოაგდო ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტამ. რაზაკის ეს განცხადება მოჰყვა ნიდერლანდის უსაფრთხოების საბჭოს წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებას.
საბჭოს ანგარიშით, თვითმფრინავი ჩამოაგდო მასში დიდი რაოდენობისა და მაღალი ენერგიის საგნების შეჭრამ.
როგორც ანგარიშში ასევე აღნიშნულია, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კატასტროფა გამოიწვია ტექნიკურმა ხარვეზებმა ან ეკიპაჟის შეცდომამ. ამ გარემოებაზე ყურადღება გაამახვილა მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა ლიუ ტიონ ლაიმ 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გამოძიებამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟი სათანადოდ იყო კვალიფიცირებული რეისის შესასრულებლად და რომ თვითმფრინავის მდგომარეობა ფრენისათვის შესაბამისი იყო“, - აღნიშნა ტრანსპორტის მინისტრმა მალაიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება მალაიზიის პრემიერ-მინისტრის მინიშნებას თვითმფრინავის, სავარაუდოდ, რაკეტით ჩამოგდებაზე, ეს, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ ვარაუდად ითვლება და, პრემიერ-მინისტრის თქმით, საჭიროა საგამოძიებო სამუშაოების გაგრძელება მტკიცებულების მოსაპოვებლად.
კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ გამოძიების საბოლოო დასკვნებს? - ამ შეკითხვას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში უპასუხა ნიდერლანდის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ტიბე იოუსტრამ: „სულ ცოტა, ერთი წელიწადი დასჭირდება ჩვენ მიერ საბოლოო ანგარიშის მომზადებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დასკვნა საგნებზე, მაღალი ენერგიის საგნებზე, რომლებმაც შეაღწიეს თვითმფრინავში, მაგრამ შემდგომი გამოძიების საქმეა ამ საგნების წარმოშობა და მათი დახასიათება“, - უთხრა ჰააგაში „როიტერსის“ კორესპონდენტს ნიდერლანდის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ.
17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ, როგორც ცნობილია, 298 ადამიანი შეიწირა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. ცნობილია ისიც, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ სეპარატისტები თავდაპირველად არ აძლევდნენ უცხოელებს ადგილზე გამოძიების ჩატარების საშუალებას.
კიევსა და დასავლეთში არაერთხელ გამოუთქვამთ ბრალდება, რომ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს ავიალაინერი, რადგან ის უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი ეგონათ და რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით, რომლითაც მეამბოხეები მოსკოვმა მოამარაგა. მაგრამ კრემლი და სეპარატისტები უარყოფენ ბრალდებას და, თავის მხრივ, უკრაინას ადანაშაულებენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა 9 სექტემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არ გააჩნიათ იარაღი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, მიუხედავად ცნობებისა, რომ „ბუკის“ ტიპის სარაკეტო სისტემა იყო განთავსებული ტერიტორიაზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ და ამ დანადგარიდან გაისროლეს რაკეტა, როცა ავიაკატასტროფა მოხდა.
რახან ნიდერლანდელი გამომძიებლების წინასწარ ანგარიშში არავის უყენებენ რაიმე სახის ბრალდებას, მოსალოდნელია, რომ მოსკოვის და დასავლეთის პოზიციები არ შეიცვლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკისრება ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა.
34-გვერდიანი ანგარიში 9 სექტემბერს გამოქვეყნდა ნიდერლანდის უსაფრთხოების საბჭოს ვებსაიტზე.