Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლი აქვს ალექსანდრ სოლჟენიცინს პუტინის მიერ რუსეთის მომავლის განსაზღვრაში


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თითქოს ეჭვქვეშ დააყენა ყაზახეთის, როგორც სახელმწიფოს, ლეგიტიმურობა. ამ განცხადებამ ბევრს მოაგონა მისი სიტყვები, რომლებიც მან უკრაინაში ამჟამად მიმდინარე კრიზისის დაწყებამდე წარმოთქვა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ „უფრო დიდი რუსეთის“ შესახებ პუტინის გეოპოლიტიკური ხედვა მნიშვნელოვნად ეხმიანება ნობელის პრემიის ლაურეატის, ალექსანდრ სოლჟენიცინის მიერ 1990 წელს დაწერილ ესეს.

კრემლის ერთგული პოზიციებით გამორჩეულ ახალგაზრდულ ბანაკ „სელიგერში“ 29 აგვისტოს გამართულ კითხვა-პასუხის არაფორმალურ სესიაზე ახალგაზრდა ქალმა ყაზახეთში „მზარდი ნაციონალიზმის“ თაობაზე გამოთქვა შეშფოთება.

ყაზახებს სახელმწიფო არ ჰქონდათ, ის მან შექმნა. ამ თვალსაზრისით, ის უნიკალური ადამიანია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის...
ვლადიმირ პუტინი

მან იკითხა, ხომ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ყაზახეთში მოვლენები „უკრაინის სცენარით“ განვითარდეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ვეტერანი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, პოსტს დატოვებს, და დაინტერესდა, როგორია კრემლის სტრატეგია ამგვარ პერსპექტივასთან გასამკლავებლად.

„რა შანსები აქვს ევრაზიულ ინტეგრაციას?“ - იკითხა მან.

პუტინმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის, როგორც რუსეთის მოკავშირის, მნიშვნელობას და ქება-დიდება არ დაიშურა ნაზარბაევის, როგორც ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავდადებული, ბრძენი ლიდერის მიმართ. პუტინის თქმით, ნაზარბაევი, შესაძლოა, პოსტსაბჭოთა ლიდერებს შორის ყველაზე უნარიანი იყოს.

თუმცა, ქებასთან ერთად, პუტინის პასუხის ერთმა ასპექტმა შუა აზიის ამ ქვეყანაში საკმაო შეშფოთება გამოიწვია:

„[ნაზარბაევმა] სრულიად უნიკალური რამ გააკეთა - მან სახელმწიფო შექმნა ტერიტორიაზე, რომელზეც სახელმწიფო მანამდე არასოდეს არსებობდა. ყაზახებს სახელმწიფო არ ჰქონდათ, ის მან შექმნა. ამ თვალსაზრისით, ის უნიკალური ადამიანია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის“.

ეს მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა შემდეგ ასე განავითარა:

„ეს დიდწილად ემყარება, როგორც ფილოსოფოსებმა იცით, ამ ევრაზიულ იდეას. როგორ ვითარდებოდა, ვინ უჭერდა მას მხარს საკუთრივ რუსეთში. ყაზახებმა ეს აიტაცეს. ისინი იმ გარემოებიდან გამოდიან, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი რამაა. ხელსაყრელია ეკონომიკის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ე.წ. დიდი რუსული სამყაროს სივრცეში დარჩნენ“.

ამ განცხადებას განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა იმ გარემოებამ, რომ ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გაწევრიანებულია რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ საბაჟო კავშირში. ქვეყნის მოსახლეობის ოც პროცენტზე მეტს ეთნიკური რუსები შეადგენენ - ჩრდილოეთის რეგიონებიდან ბევრში ისინი უმრავლესობის ან საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფების სახით არიან წარმოდგენილი.

უკრაინის გამოყოფა ნიშნავს მილიონობით ოჯახისა და ადამიანის დანაწევრებას. საქმე გვაქვს დიდ სიჭრელესთან - მთელ რეგიონებთან, სადაც უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ...
ალექსანდრ სოლჟენიცინი

რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთმა ცნობილმა ანალიტიკოსმა, მირიამ ელდერმა, ინტერნეტგამოცემა „ბაზფიდში“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ პუტინის ეს სიტყვები - ისევე როგორც მის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებები - ირეკლავს ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც წარმოდგენილია ნობელის პრემიის ლაურეატის, ალექსანდრ სოლჟენიცინის მიერ 1990 წელს დაწერილ ესეში „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“.

ელდერის აზრით, სოლჟენიცინის ხედვა, რომელიც ემყარებოდა უფრო დიდი რუსეთისა და მართლმადიდებლობის იდეებს, „ერთ დროს მას საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილ ფიგურად წარმოაჩენდა - ახლა კი ეს სულ უფრო და უფრო მოდური ხდება“.

სოლჟენიცინს საერთაშორისო საზოგადოება, უწინარესად, საბჭოთა გულაგების სისტემის სააშკარაოზე გამოტანით და კომუნიზმთან შეურიგებელი დაპირისპირებით იცნობს. თუმცა მოგვიანებით - 1999 წელს - სოლჟენიცინი მიესალმა ხელისუფლებაში პუტინის მოსვლას და მას რუსეთის ეროვნული სიამაყის აღდგენის გამო აქებდა.

2007 წელს პუტინმა უკვე დავრდომილი სოლჟენიცინი შინ მოინახულა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის სახელმწიფო პრემია გადასცა.

„როგორ მოვაწყოთ რუსეთი“ საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს გამოქვეყნდა. ამ ტექსტში სოლჟენიცინი აკრიტიკებს საბჭოთა მთავრობის მიერ სპონტანურად გატარებულ სასაზღვრო პოლიტიკას, რომელიც, მისი თქმით, ტრადიციულ რუსეთს ანაწევრებს. ის გამოვიდა „რუსული კავშირის“ შექმნის მოწოდებით, რომელსაც უნდა მოეცვა უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი და ყაზახეთის ეთნიკური რუსებით დასახლებული ტერიტორიები.

სოლჟენიცინს მტკიცედ სწამდა ბელორუსი, უკრაინელი და რუსი ხალხების ფუნდამენტური ერთობისა - სამი ხალხის, რომლებიც ისტორიის განმავლობაში „მონღოლთა შეჭრამ და პოლონურმა კოლონიზაციამ“ განაცალკევა.

სოლჟენიცინი აღიარებს საბჭოეთის პირობებში უკრაინელების მიერ გამოვლილ ტანჯვა-წამებას, თუმცა იქვე წერს, რომ ეს არ ქმნის უკრაინის „ჩამოწერის“ საბაბს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც უწინ არ წარმოადგენდნენ უკრაინის ნაწილს - „ნოვოროსიას, ყირიმს, დონბასს და, პრაქტიკულად, კასპიის ზღვამდე ტერიტორიებს“. დღეს გავრცელებული რიტორიკის მსგავსად, სოლჟენიცინი წერს, რომ თუ უკრაინა დამოუკიდებელი გახდება, ამ რეგიონებს „თვითგამორკვევის“ უფლება უნდა მიეცეთ.

ამავე დროს, სოლჟენიცინი მკაფიოდ გამოდის რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირის მოწოდებით.

ალექსანდრ სოლჟენიცინი, 1974 წელი
ალექსანდრ სოლჟენიცინი, 1974 წელი

„უკრაინის გამოყოფა ნიშნავს მილიონობით ოჯახისა და ადამიანის დანაწევრებას“, - წერს სოლჟენიცინი. „საქმე გვაქვს დიდ სიჭრელესთან - მთელ რეგიონებთან, სადაც უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ. რამდენი ადამიანია, რომელსაც არ ძალუძს ორ ეროვნებას შორის არჩევანი გააკეთოს; რამდენს აქვს შერეული ეთნიკური წარმომავლობა; რამდენი შერეული ქორწინებაა, რომლებიც ამ დრომდე შერეულად არ მიიჩნეოდა. მოსახლეობის დიდ ნაწილში უკრაინელებსა და რუსებს შორის შეუწყნარებლობაზე მინიშნებაც კი არაა“.

და ეს ყველაფერი, მისი თქმით, „ბელორუსებსაც ეხება“.

თუმცა, ამავე დროს, სოლჟენიცინი აკრიტიკებდა საბჭოეთის მისწრაფებას არარუს ერებზე რუსეთის დომინაცია დაწესებულიყო. მისი თქმით, ეს „რუსეთის ეროვნულ არსს“ მიაყენებდა ზიანს.

სოლჟენიცინი გამოდის მოწოდებით დაუყოვნებლივ გაწყდეს კავშირები ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან, მოლდავეთთან, სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსთან და შუა აზიის ყველა ქვეყანასთან, ყაზახეთის გამოკლებით. რუსეთს არ აქვს იმპერიის კონტროლისთვის აუცილებელი ძალა, წერს ის და დასძენს, ეს მხოლოდ ჩვენს ნგრევას დააჩქარებსო.

ამასთან, სოლჟენიცინი კეთილ სურვილებს უთვლის აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ბლოკში შედიოდნენ, და იქვე ამბობს, რუსეთი ვერ შეძლებს მათი ბუნებრივი რესურსებით მომარაგებასო. „მოხარულები ვართ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამო - მათ კეთილდღეობას და თავისუფლებას ვუსურვებთო“, წერს ის და დასძენს, დაე ამიერიდან მათ გლობალური ფასები გადაიხადონ ყველაფერშიო.

XS
SM
MD
LG