1-2 სექტემბერს თბილისს სტუმრობდნენ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე. ისინი თბილისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ჩამოვიდნენ და შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ქართულ გამომცემლობებსა და ჟურნალისტებთან. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. იურგენ ბოოსმა თბილისში ვიზიტისას გამომცემლობებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
რადიო თავისუფლება: 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც ამ პერიოდში დადგება მწერლების, გამომცემლების, სახელმწიფოს წინაშე?
იურგენ ბოოსი: მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ძლიერი ლიტერატურაა. და მიმაჩნია, რომ ამაზე ბევრი უნდა იმუშაოთ. ბევრმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ამ საკითზე. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ავტორები, უნდა ვიპოვოთ მთარგმნელები. უნდა მოვიძიოთ ის უცხოელი გამომცემლობები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ლიტერატურით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით საზრუნავი თემა. აქ სხვადასხვა დონეზე მოუწევს საქართველოს მუშაობა. მომდევნო სამი წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სახის მოსამზადებელი სამუშაოები ავტორებისთვის, გამომცემლობებისა და მთარგმნელებისთვის, მათ შორის ტრენინგები. მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ ამ პროცესში ჟურნალისტებს. მიმაჩნია, რომ ფესტივალის მზადების პროცესმა საქართველოსთვის წარმატებით უნდა ჩაიაროს, რადგან სხვანაირად ვერ იქნება: საქართველოს ძალიან მდიდარი ლიტერატურა აქვს, მდიდარი ტრადიციებით.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად არიან უცხოელი გამომცემლობები დაინტერესებულნი ქართული ლიტერატურით?
იურგენ ბოოსი: გამომცემლობები ყოველთვის ეძებენ ორიგინალურ ხმას, ორიგინალურ ამბებს, ისტორიებს. ეძებენ იმას, რაც ერთი ქვეყნის ლიტერატურას მეორე ქვეყნის ლიტერატურისგან გამოარჩევს. საქართველო ამ მხრივ, მართლაც, გამორჩეულია. ქართული ლიტერატურა, როგორც უკვე ვთქვი, მდიდარი ტრადიციის მქონეა, რომელიც თავის თავში მოიცავს, ამასთანავე, ევროპულ ტრადიციებსაც. საქართველო, თავისი რთული ისტორიითა თუ თანამედროვეობით, ძალიან საინტერესოა უცხოელი მკითხველისთვის. ქართულ თანამედროვე ლიტერატურას ძლიერი ხმა აქვს. ჩვენ გვაინტერესებს რაზე წერენ და როგორ წერენ ქართველი მწერლები. ჩვენთვის საინტერესოა ქართველი მწერლების მიერ გადმოცემული პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიები. ეს მათ წიგნებში კარგად აისახება. ჩვენ ქართული ლიტერატურა, ქართველი ავტორები როგორმე ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა მათ ისტორიებზე.
რადიო თავისუფლება: ბატონო იურგენ, რას ნიშნავს სტუმარი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის, ქართული ლიტერატურისთვის, ქართული კულტურისთვის? რადგან თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ეს მხოლოდ ქართული ლიტერატურის წინსვლისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული კულტურისთვის.
იურგენ ბოოსი: ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ფრანკფურტის ფესტივალის ფარგლებში მოვიცვათ, მხოლოდ რამდენიმე დღით არ შემოიფარგლება. მზადება იწყება რამდენიმე ხნით ადრე და ეს პროცესი თვეების მანძილზე გრძელდება. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ მსოფლიოს რას ნიშნავს ქართული კულტურა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ განაცალკევებთ ქართულ ლიტერატურას მთლიანად ქართული კულტურისგან, ქართული მუსიკისგან, ფილმებისგან და ა.შ. ჩვენ ამ სფეროებს ერთად უნდა მოვუყაროთ თავი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ მსოფლიოსთვის საერთო სურათის ჩვენებას. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხუთი დღის მანძილზე, რა პერიოდშიც ფესტივალი მიმდინარეობს ხოლმე, ფრანკფურტს 10 000-მდე ჟურნალისტი სტუმრობს და 60-დან 70 %-მდე სტატიებისა, რომლებიც იმ პერიოდში იწერება, იწერება სტუმარი ქვეყნის შესახებ. სტუმარ ქვეყანას 100-მდე სხვა ქვეყანა ეცნობა. ქართული კულტურის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდება.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ამ ფესტივალის მზადების პროცესში სად არის საქართველოს სუსტი რგოლი? რა არის ის, რაც უნდა გავაუმჯობესოთ? ალბათ, არის ისეთი თემები, რისი გაუმჯობესებაც გვჭირდება...
იურგენ ბოოსი: დიახ, არის არაერთი საკითხი, რომელიც, მართლაც, საჭიროებს გაუმჯობესებას. ქართველი გამომცემლობები ისე არ არიან საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილები, როგორც შეუძლიათ, რომ იყვნენ. ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ასევე გვაქვს სერიოზული პრობლემები მთარგმნელობით დონეზე. სამწუხაროდ, არც ისე ბევრი მაღალი დონის მთარგმნელია ბაზარზე, რამდენიც საჭიროა. და ეს არა მხოლოდ გერმანულ ენას ეხება, არამედ სხვა ენებსაც. ამიტომ ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ეს მთარგმნელები, ვიმუშაოთ მათთან. ეს არის ორი ის მთავარი სუსტი წერტილი და გამოწვევა, რომელიც აუცილებლად და დროულად უნდა გამოსწორდეს. უნდა შეიქმნას წიგნის ინდუსტრიის ქსელი და ასევე უნდა შეიქმნას მთარგმნელების ქსელიც. შემდეგ ეს ორივე ქსელი უნდა გაერთიანდეს, რომლებსაც ექნებათ ერთი კონკრეტული მიზანი, ერთი ხმა.
მე მიმაჩნია, რომ ძლიერი ხმა, ძლიერი ავტორი, ძლიერი წიგნი თავის გზას მაინც იპოვის, მაგრამ თუკი არ გაქვს სათანადოდ განვითარებული ადგილობრივი ბაზარი, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაიმკვიდრო ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამის თქმა მინდა, როდესაც ვამბობ, რომ ქართული გამომცემლობები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი საერთაშორისო ბაზარზე...იურგენ ბოოსი
რადიო თავისუფლება: და თქვენ როგორ ამჩნევთ, რამდენად არიან ქართული გამომცემლობები დაინტერესებულნი იმით, რომ გაიტანონ თავიანთი წიგნები საზღვარგარეთ? სამწუხაორდ, ქართველი ავტორები ხშირად ჩივიან, რომ გამომცმელობები ბევრს არაფერს აკეთებენ ამისთვის.
იურგენ ბოოსი: გამომცემლობები რომ არ იყვნენ დაინტერესებულნი ამით, მაშინ არც მე ვიქნებოდი აქ. პირველი კონტაქტები ჩვენ სწორედ ქართველ გამომცემლობებთან გვქონდა. ბუნებრივი სურვილია, როცა ტექსტი იწერება, ის უნდა გამოიცეს, მაგრამ ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ ეს წიგნები უნდა გაიყიდოს კიდეც. ამ წიგნებს ასე უფასოდ ვერ დაარიგებ. ამიტომ გამომცემლობებს ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება მართებთ. მე მიმაჩნია, რომ ძლიერი ხმა, ძლიერი ავტორი, ძლიერი წიგნი თავის გზას მაინც იპოვის, მაგრამ თუკი არ გაქვს სათანადოდ განვითარებული ადგილობრივი ბაზარი, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაიმკვიდრო ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამის თქმა მინდა, როდესაც ვამბობ, რომ ქართული გამომცემლობები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი საერთაშორისო ბაზარზე. და სწორეს ეს უნდა მოხდეს მომდევნო სამი წლის მანძილზე. ჩემი, როგორც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის პრეზიდენტის, ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია იქნება ერთად მოიყარონ თავი იმ ადამიანებმა, იმ ძლიერმა ხმებმა, რომლებიც დღეს ქართულ კულტურას ქმნიან. აქედან გამომდინარეობს მეორე რეკომენდაციაც: თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, რას ელით. ყველა ქვეყანას, რომელსაც აქამდე სტუმარი ქვეყნის სტატუსი ჰქონია, აქვს თავისი კონკრეტული გეგმა. აი, მაგალითად, როდესაც ჩვენ სტუმარი ქვეყნის სტატუსით თურქეთი გვყავდა, ისინი ცდილობდნენ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ თავიანთ ლიტერატურაზე, რომელიც მართლა ძალიან საინტერესო და თვითმყოფადია. ასე რომ, ყველა ქვეყანას თავისი მიზანი და მისია აქვს და მგონია, რომ საქართველომ ზუსტად უნდა ჩამოაყალიფოს ის მიზანი, რაც უნდა, რომ მან ფრანკფურტის წიგნის ფესტივალისგან მიიღოს და ამაზე მომდევნო თვეების მანძილზე ინტენსიურად უნდა იმუშაოს.