Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამლები რეცეპტით


წამლების ნაწილი აფთიაქში ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა კითხვები ამ საკითხის გარშემო. მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ექიმებსა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მედიკამენტთა ნაწილის ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვამ.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, მას არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ახალი ინიციატივით უკმაყოფილონი დარჩნენ:

„ხშირად ვნახულობდი კომენტარებს სოციალურ ქსელებზე, ჩვენთან შემოსულ წერილებში, რომ რად უნდა ექიმი წამლის დანიშვნას, „მე უკეთესად ვიცი, რა დავუნიშნო ჩემს თავს“. ეს არის გზა უფსკრულისაკენ. ეს არის გზა არსაით. იქნებ ამ ორი კვირის განმავლობაში უზრუნველვყოთ - იმ ფორმით, რითაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ - მოსახლეობის ერთგვარი დამშვიდება, რომ დეფიციტი და ფასების გაძვირება არ არის მოსალოდნელი“.

შემოღებულია მრავალჯერადი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, რომელსაც ერთხელ გამოიწერს და მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს...
დავით სერგიენკო

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წამლების რეცეპტით გაცემა არ ნიშნავს მათ აკრძალვას. მისივე თქმით, რეცეპტის მისაღებად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ ისარგებლოს ოჯახის ექიმის მომსახურებით. საუბარი შეეხო იმ შემთხვევასაც, როდესაც პაციენტს მუდმივად სჭირდება ერთი და იმავე წამლის მიღება:

„შემოღებულია მრავალჯერადი, ერთწლიანი მოქმედების რეცეპტი, რომელსაც ერთხელ გამოიწერს და მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს. რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ იყიდოს ეს ერთი და იგივე წამალი“.

შეხვედრაზე ძირითადი მსჯელობა საზოგადოების მოლოდინებს ეხებოდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ამცნობდა და თადარიგის დაჭერისაკენ მოუწოდებდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შეტყობინება მიიღო მოწოდებად წამლების წინასწარ მომარაგების შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „პე ეს პეს“ სააფთიაქო ქსელის გენერალურმა დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა განმარტა:

„მესიჯში არ არის მოწოდება იმისა, რომ მოიმარაგონ მედიკამენტები, არამედ არის ის, რომ გაითვალისწინონ, რომ პირველი სექტემბრიდან მათ აუცილებლად სჭირდებათ ვიზიტი ექიმთან“.

საზოგადოებაში გაჩენილი კიდევ ერთი შიში რეცეპტების შემოღების შემდეგ წამლების მოსალოდნელი გაძვირებაა. სწორედ ამის შესახებ დაუსვა შეკითხვა მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტს, ირინა ჭელიძეს:

ნებისმიერ წამალს აქვს როგორც თავისი მოქმედება, ასევე უკუჩვენებაც, ის ხანგრძლივად იქნება მიღებული თუ მოკლე ვადით. ეს უკუჩვენება თუ ექიმმა არ განსაზღვრა, შეიძლება თვითმკურნალობით დაკავებული ადამიანისათვის სავალალოდ დასრულდეს.

რომ გამოხატოთ თქვენი პოზიცია იმაზე, რაც მოსახლეობის ნაწილს აღელვებს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა შექმნის მედიკამენტების დეფიციტს ან გაზრდის მათ ფასს.

არანაირად არ არის ასეთი პროგნოზი ჩვენი მხრიდან. უბრალოდ, შესაძლებელია, თავიდან დადგეს რიგები, რადგანაც მიმართვიანობა გაიზრდება ექიმებთან. თუკი თვითონ ექიმებმა და სამედიცინო დაწესებულებებმა დაარეგულირეს ეს საკითხი, ჩვენ მომსახურების პრობლემა არ გვაქვს.

შეხვედრაზე დამსწრე ექიმები სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებდნენ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ურეცეპტოდ გაცემული ზოგიერთი წამლის ხშირი მოხმარება საკმაოდ მძიმე გვერდით ეფექტებს იწვევს, ამიტომაც ექიმის ჩარევა მნიშვნელოვანია. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა:

„ნებისმიერ წამალს აქვს როგორც თავისი მოქმედება, ასევე უკუჩვენებაც, ის ხანგრძლივად იქნება მიღებული თუ მოკლე ვადით. ეს უკუჩვენება თუ ექიმმა არ განსაზღვრა, შეიძლება თვითმკურნალობით დაკავებული ადამიანისათვის სავალალოდ დასრულდეს“.

საწინააღმდეგო აზრი არც ფარმაცევტულ კომპანიებს ჰქონიათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ამ პროცესში სიფრთხილეა მნიშვნელოვანი. მათი თქმით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს წამლების რეცეპტებით გაცემის თაობაზე, რათა გადაწყვეტილების ამოქმედებას გართულებები არ მოჰყვეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG