აშშ-ის სენატორთა ჯგუფი გაწბილებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯიმ რიში, აგრეთვე დემოკრატები ჯინ შაჰინი და ბენ კარდინი, ეხმაურებიან საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. „უკიდურესად გაწბილებული და შეწუხებული ვართ მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მთავრობის არაერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც შემდეგ ვკითხულობთ: „სამართლებრივი დევნა არ შეიძლება იქცეს პოლიტიკურ იარაღად და ეროვნული გახლეჩის წყაროდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშეა. ჩვენ და ბევრი სხვა მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვა ქართველ ლიდერებს, ყურადღება გაამახვილონ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანა წაიყვანონ წინ და არა უკან. დღევანდელი ქმედება და მისი მსგავსი სხვა ქმედებები დამატებით არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წასაყვანად“, - ნათქვამია ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1