სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა, რაც 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივ დაკავებასა და რუსეთიდან დეპორტაციას უკავშირდებოდა - პროცესს, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 3 ივლისის გადაწყვეტილებისა, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა. დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე რუსეთი და საქართველო ერთი წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდნენ.
იმდენად დამაჯერებელი არგუმენტები, ფაქტები გვქონდა, რომ ვიცოდი, გავიმარჯვებდით... მაგრამ ვნერვიულობდი, ვაითუ რამე შეიცვალა... არ ვიცოდი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ ეს რუსები... მაგრამ გავიმარჯვეთ. ახლა ჩემს სიხარულსაც ვერ გამოვხატავ, ისეთ დღეში ვარ...ნინო ძიძავა
სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს 7 წლის განმავლობაში ელოდა ნინო ძიძავა, რუსეთიდან ქართველების მასობრივი გამოძევების დროს დაღუპული თენგიზ ტოგონიძის მეუღლე. 48 წლის მამაკაცი რუსმა სამართალდამცველებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2006 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს და დაახლოებით 15 დღე იზოლატორის სრულიად გაუსაძლის პირობებში ამყოფეს. შემდეგ კი, როცა ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანს ექიმის დახმარებაზეც უარი უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, ხოლო როცა ის, დეპორტაციისთვის მომზადებულ სხვა არაერთ ქართველთან ერთად, სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვში გადაჰყავდათ, გზაში, ავტობუსში გარდაიცვალა. რუსები ჩემს ქმარს თურმე ”ქართველ ღორს” ეძახდნენ და ცუდად რომ გახდა, ავტობუსის კარი არ გაუღეს, წესიერად რომ ესუნთქა, - თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო ძიძავამ, რომელსაც ახლა სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანმა გადაწყვეტილებამ ენით აუწერელი სიხარული მიანიჭა:
”იმდენად დამაჯერებელი არგუმენტები, ფაქტები გვქონდა, რომ ვიცოდი, გავიმარჯვებდით... მაგრამ ვნერვიულობდი, ვაითუ რამე შეიცვალა... არ ვიცოდი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ ეს რუსები... მაგრამ გავიმარჯვეთ. ახლა ჩემს სიხარულსაც ვერ გამოვხატავ, ისეთ დღეში ვარ”.
3 ივლისის სასიხარულო გადაწყვეტილებამდე საკმაოდ გრძელი და რთული გზა იყო გასავლელი. ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის ფაქტების დასამტკიცებლად და 2300-ზე მეტი დაზარალებულისთვის კომპენსაციის მოსაპოვებლად, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წლის მარტში შეიტანა. პირველი საჯარო მოსმენა 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა. 2009 წლის 30 ივნისს სასამართლომ დასაშვებად ცნო საქმის განხილვა, ხოლო 2009 წლის 15 დეკემბერს საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. ამის შემდეგ, 2011 წელს, 31 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დიდ პალატაში საქმის ზეპირი განხილვა მიმდინარეობდა - სტრასბურგელი მოსამართლეები ორივე მხარის მოწმეებს უსმენდნენ და მათ შორის იყო გარდაცვლილი თენგიზ ტოგონიძის მეუღლეც. 2012 წლის 13 ივნისს, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გამართული მოსმენით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა და სასამართლომ სწორედ 3 ივლისს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე დაიწყო მუშაობა. ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქცენტზე ლაპარაკობს სტრასბურგში მყოფი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:
”ევროპელმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ მაშინ რუსეთში ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების დაკავების, დაპატიმრების და მასობრივი გამოძიების, რაც იყო ადმინისტრაციული პრაქტიკა მაშინდელ რუსეთში ეთნიკურად ქართველი ადამიანების წინააღმდეგ”.
ამავე აქცენტს აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის - ”მემორიალის” - უფროსი იურისტი კირილ კოროტეევი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სულაც არ ცვლის საერთო სურათს:
”ჩემი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს ცალკე უნდა განეხილა დისკრიმინაციის საკითხი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აღიარებული დარღვევები და სასამართლოს დასკვნა, რომ გამოიკვეთა ადმინისტრაციული პრაქტიკა - ეს უკვე ნიშნავს, რომ იყო ძალიან მძიმე დარღვევები რუსეთის მხრიდან”.
რუსი უფლებადამცველი, უხეში კალკულაციის შედეგად, ვარაუდობს, რომ დაზარალებულებისთვის გამოყოფილი საერთო კომპენსაცია რამდენიმე ასეულიდან მილიონ ევრომდე უნდა იყოს. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და საკითხი ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაწყდეს რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებების შედეგად.
როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მხარეებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საქმეში ისევ სასამართლო ჩაერევა. საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებისა და პოზიციის შემთხვევაში, რუსეთი ვერ მოახერხებს თავი აარიდოს ფინანსურ პასუხისმგებლობას.