Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმები დაეკისრათ ახალქალაქის საუბნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს


აქცია ახალქალაქში
აქცია ახალქალაქში
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. 19 ივნისს, შედეგების გაბათილებისა და განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საოლქო კომისიაში სხდომა, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველოსა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა საჩივრები განიხილა. 8 უბანზე დაწერილი 30-მდე საჩივარი ძირითადად გადასწორებულ ოქმებსა და გაბათილებულ ბიულეტენებს ეხებოდა. სამდღიანი აქციის შემდეგ კახა კუკავა აცხადებს, რომ დაიცავს ყველა პროცედურას და ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

დაახლოებით, 200-მდე მხარდამჭერი სამი დღის განმავლობაში აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს. ახალქალაქში ამბობენ, რომ საოლქო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს 6 ათასამდე ხმა მოჰპარეს. აქციის მონაწილეები N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიას შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს.

8 უბანზე დაწერილი საჩივრების განხილვის შედეგად საოლქო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ახალქალაქის მე-10, მე-16, 25-ე და 46-ე უბნების კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს გადასწორებული ოქმების გამო 500-500-ლარი ჯარიმა დაეკისრათ. პირველი და 23-ე უბნების ბიულეტენები ხელახლა გადაითვალეს. განმეორებითი არჩევნების ჩატარების
გადაწყვეტილება საოლქო კომისიას არც ერთ უბანზე არ მიუღია, – აცხადებს N40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პაატა ფანჯაკაძე.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მისი წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი სხდომაზე ახალქალაქის პირველი უბნის შედეგების გაბათილებასა და არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვდა.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა არასაპარლამენტო ოპოზიცია. ლიდერები ამბობენ, რომ ბრძოლას უკვე თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გააგრძელებენ, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG