Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათილია მარნეულის ორი უბნის შედეგები


პოლიტიკურ ძალებს შორის კვლავაც დავისა და დაპირისპირების საგნად რჩება მარნეულში ჩატარებული არჩევნები, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალების ფონზე. მასალებში ასახულ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს, რომელიც საარჩევნო ბიულეტენებს ყრის საარჩევნო ყუთში, ”ქართული ოცნება” ”ნაციონალური მოძრაობის”, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” ”ქართული ოცნების” მომხრედ და მხარდამჭერად მიიჩნევს. მიმდინარეობს გამოძიება. მანამდე კი, საარჩევნო ადმინისტრაციამ გააუქმა მარნეულის 22-ე ოლქის ორი უბნის საარჩევნო შედეგები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა შესაძლო გაყალბების ამსახველი ვიდეომასალები, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად დაიწყო მოკვლევა და შესაბამისი დასკვნაც გამოიტანა:

”განკარგულება მარნეულის ორი უბნის - 25-ე და 57-ე უბნების - შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არის უკვე გამოცემული”.

ეს სწორედ ის საარჩევნო უბნებია, რომლებსაც ბოლო დღეების ხმაური უკავშირდება, ”ქართული ოცნების” კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილის სასარგებლოდ საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ, ბოლო ინფორმაციით, მერაბ თოფჩიშვილი 51.81%-ით ლიდერობდა.
ხელახლა ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა იმხელაა, რომ ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მთლიანად შედეგებზე მარნეულში...
ლევან ნატროშვილი
არასამთავრობო სექტორი მართებულად მიიჩნევს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების თაობაზე. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ჯერ ისევ გადასაწყვეტია, ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები:

”ხელახლა ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორ უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა იმხელაა, რომ ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მთლიანად შედეგებზე მარნეულში. თუკი ამ ორი უბნის გამოკლების შემდეგ გამარჯვებულს 51% მაინც დარჩება, ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდება”.

კოალიცია ”ქართული ოცნება” თან გამოძიების შედეგებს ელოდება და თან აცხადებს, რომ მომხდარს პროვოკაციის სუნი ასდის, რადგანაც ვიდეომასალაში აღბეჭდილი პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრით არის დაკავებული, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის, ახლო ნათესავია. ამის შესახებ განცხადება 17 ივნისს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც გააკეთა:

”ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლი და ეს ძალიან კარგად ეხერხება ‘ნაციონალურ მოძრაობას’”.

გაყალბების პროცესის კოორდინაციას აკეთებდა ვინმე თამაზ ნავერიანი - ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ეს ადამიანი მოძრაობდა მარნეულის ოლქში უბნიდან უბანზე...
ზურაბ ჯაფარიძე
”კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან” დაკავშირებული ეჭვები კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმაც გამოხატა. მისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ მარნეულში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტივისტების განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული, ხმების გაყალბების პროცესი ასე ღიად მიმდინარეობდა და პროტესტი ასე ღიად არავის გამოუხატავს. ასევე გავრცელებული ვერსიის თანახმად, საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენების ჩამყრელი პირი - ნაზიმ ალიევი - ადგილობრივ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ჯიბრაილ იუსუპოვის, ცოლისძმაა. თუმცა, როგორც თავად იუსუპოვმა უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი 2012 წლამდე, ახლა კი ”ქართულ ოცნების” მხარდამჭერია.

პროვოკაციაზე ლაპარაკი არასერიოზულად მიაჩნიათ ”ნაციონალურ მოძრაობაში”, რომელმაც 17 ივნისს ახალი ვიდეომასალები გამოაქვეყნა და საგანგებო ბრიფინგიც გამართა. გაკეთდა არაერთი კომენტარი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან და მათ შორის იყო უმცირესობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეც:

”გაყალბების პროცესის კოორდინაციას აკეთებდა ვინმე თამაზ ნავერიანი - ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ეს ადამიანი მოძრაობდა მარნეულის ოლქში უბნიდან უბანზე ”ლექსუსის” ავტომობილით... მას მანქანაში ეჯდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბატონი თოფჩიშვილი. ბატონი ნავერიანი პირადად ახორციელებდა ზეწოლას კომისიის წევრებზე და საარჩევნო უბნების წინ მას პირადად ჰყავდა მობილიზებული სხვადასხვა ზონდერჯგუფები”.

ზურაბ ჯაფარიძის მიერ დასახელებული პირები ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებენ, ხოლო მარნეულის 22-ე ოლქის ადმინისტრაციაზე ზეწოლას, თითქოს, იმ მიზნით, რომ მას არ გაეუქმებინა ორი უბნის შედეგები, არ ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუმცა სადავო თემები, ბევრის აზრით, მაინც სამართლიანი გამოძიების დასადგენია. ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებითაც იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ”მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად” და ”მკაცრად დაისჯება ამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG