Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები კანის კინოფესტივალიდან (1)


პირველად ვიფიქრე ფესტივალი ფინანსური პრობლემების გამო „დამოკლდა"-მეთქი (კანის 67-ე კინოფესტივალი წელს 2 დღით ადრე იხურება). თურმე ნუ იტყვი, ევროპის პარლამენტის არჩევნებმა შეუშალა ხელი. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსია ასეთია. მეც კმაყოფილი ვარ - 10 დღეც კი ბევრია ჩემთვის თბილისის დატოვება. არა იმიტომ, რომ კანის ფესტივალი აღარ მხიბლავს. უბრალოდ, ასე აეწყო ცხოვრება - ასე ადვილად ვეღარ ვტოვებ სახლს.

არადა, თითქმის ათი წელია, მაისის ეს თბილი დღეები - ზღვის სეზონი რომ ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემისთანა „მორჟისთვის“ ცივ ზღვაში შესვლა რომ ნეტარებაა - საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. კანის ფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმები გადის. ეს ფაქტია! და ამაზე, მგონი, ყველა თანხმდება უკვე. კანის კინოფორუმზე გაბრაზებულებიც, ნაწყენებიც კი. აგერ ლარს ფონ ტრიერის პროდიუსერები, მიუხედავად იმისა, რომ დანიელი რეჟისორი რამდენიმე წლის წინ პერსონა ნონ გრატა გახდა კანისთვის, ისევ ცდილობდნენ სადმე ეჩვენებინათ „ნიმფომანის“ მეორე ნაწილის სრული ვერსია, მაგრამ არ გამოუვიდათ. აგერ ემირ კუსტურიცა - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ რაღაც შეთქმულებებზე ლაპარაკობს სულიერების წინააღმდეგ - ჩქარობდა, ძალიან უნდოდა თავისი ახალი ფილმის პრემიერა კანის ფესტივალისთვის მოეწყო. ფილმი, როგორც ამბობენ, დაასრულა, მაგრამ კანის კინოფორუმის ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდა.

არადა, ემირ კუსტურიცა „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატია. სხვა დრო იყო და კუსტურიცაც სხვა იყო მაშინ. შეიძლება კანის ფესტივალიც სხვა იყო, არ ვიცი. წელს მხოლოდ ბელგიელ რეჟისორებს, ძმებ დარდენებს აქვთ შანსი „გაასწრონ“ კუსტურიცას; ისინიც ორი „ოქროს პალმის“ ლაურეატები არიან და მათი სოციალური დრამა „ორი დღე და ერთი ღამე“ უკვე ცხადდება “პალმის” მთავარ კანდიდატად დიდი თურქი რეჟისორის, ნური ჯეილანის ახალი ფილმის, „ზამთრის ძილის“ შემდეგ. ჯეილანის ფილმს - მიუხედავად იმისა, რომ „თურქ ტარკოვსკიდ“ წოდებული რეჟისორის ეს სურათი ჯერ მხოლოდ შემრჩევმა კომისიამ ნახა, უამრავი კრიტიკოსი უწინასწარმეტყველებს „ოქროს პალმას“ - ერთი უბრალო მიზეზით: წელს, კანში წარმოდგენილი თანამედროვე საავტორო კინოს ლიდერებს შორის ჯეილანი ერთადერთია, ვისაც „პალმა“ არ მოუპოვებია. სხვადასხვა დროს კანის ფესტივალის მთავარი პრიზის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელები კენ ლოუჩი და მაიკ ლი (მათი ახალი სურათები კანის კონკურსშია ჩართული)... და დარდენებმა, როგორც აღვნიშნე, მთლად ორჯერ იზეიმეს გამარჯვება! უფრო მეტიც, მესამე „პალმის“ მოპოვების დიდი შანსი ჰქონდათ 3 წლის წინ ფილმისთვის „ბიჭი ველოსიპედზე“. რომ არა ჟიურის თავმჯდომარის, რობერტ დე ნიროს პატრიოტიზმი და ტერენს მალიკის „მეშჩანური ეპოსით“, „სიცოცხლის ხით“ აღფრთოვანებული გულაჩუყებული კინოკრიტიკოსების ნამდვილი ისტერიკა.

2011 წელი, როცა მალიკის სურათმა „ოქროს პალმა“ მოიპოვა, უდავოდ საუკეთესო იყო ბოლო ათწლეულის კანის ფესტივალის ისტორიაში. საკონკურსო პროგრამა მაშინ იდეალური იყო.. და ამინდიც!

14 მაისს, ფესტივალის გახსნის დღეს, ფრანგული გაზეთი „ლიბერასიონი“ თითქმის მთლიანად კანის 67-ე ფესტივალს მიეძღვნა. მთავარი სტატიის ავტორები კანის ფესტივალზე მსჯელობას ამინდით იწყებენ. უნდა გულახდილები ვიყოთო, ფესტივალის გახსნის წინ უმრავლესობას აინტერესებს არა ის, თუ რა მოხდება 24 მაისს, როცა შედეგებს გამოგვიცხადებს ჟიური ავსტრალიელი რეჟისორის, ჯეინ კემპიონის ხელმძღვანელობით (კემპიონმა თავის დროს „პალმა“ მოიპოვა თავისი ფილმისთვის „პიანინო“. იგი პირველი კინემატოგრაფისტი ქალია, რომელიც ამ პრიზის ლაურეატი გახდა), არამედ... აინტერესებთ, როგორი ამინდი იქნება ფესტივალზეო. ასეა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზაფხულო სეზონის გახსნის წინ გაქვს შანსი, ცოტა ხნით მაინც ინებივრო ხმელთაშუა ზღვის მართლაც რომ ლაჟვარდოვანი ნაპირის პლიაჟებზე. უბრალოდ, კანის ფესტივალზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა უკვე ვიცით - ეს ტრადიციაა, როცა კანში სულ წვიმს, ფილმებიც არ ვარგა, რომ კინოდარბაზს შეაფარო თავი (ასე იყო, მაგალითად, შარშან - უბადრუკი პროგრამა და თითქმის გადაუღებელი წვიმა), როცა გარეთ მზეა და სითბო, პროგრამა, განსაკუთრებით საკონკურსო პროგრამა, ძალიან მაგარია ხოლმე.

ჰოდა წელს სინოპტიკოსები მზიან ამინდს გვპირდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ კანის 67-ე ფესტივალის საკონკურსო პროგრამაც მაგარი იქნება.

მით უფრო სასიხარულოა წელს ქართული კინოს ასეთი „შემოტევა“ კანში; დეა კულუმბეგაშვილის სურათი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“ კანის კლასიკური კინოს პროგრამაში, ასევე საფრანგეთში მცხოვრები მარი ამაშუკელის ახალი სურათი, რომლითაც გაიხსნა პროგრამა „სხვა მზერით“.

თავად 67-ე კინოფესტივალი კი გაიხნა მონაკოს პრინცესის, გრეის კელის ბიოგრაფიის თავისუფალი ეკრანიზაციით. იმდენად თავისუფალით, რომ მონაკოს „სათავადო“ პროტესტის ნიშნად არ დაესწრო პრემიერას, ერთ-ერთ კომენტარში კი მისმა წარმომადგენელმა სურათი შეაფასა, როგორც „ფარსი“. ძნელია, არ დაეთანხმო დიდ თავადს. „მონაკოელი გრეისი“ თავისი უსუსურობის გამო დროდადრო იმდენად სასაცილოა, რომ სახეზე ხელის აფარება გიწევს, ვინმე გულაჩუყებულმა დარბაზიდან რომ არ გაგაგდოს. გრეის კელის ცხოვრების ერთი ეპიზოდის ეს ეკრანიზაცია (მონაკოს პრინცესას კინოში დაბრუნებას სთხოვს ალფრედ ჰიჩკოკი) კიჩზეც კი ვერ ქაჩავს, რაღაც საშუალოა იაფფასიან სატელევიზიო კინოსა და 70-იანი წლების ჰოლივუდის რეტრო-ფილმებს შორის. იმაზე კი, რაც ნიკოლ კიდმანმა უქნა არა მარტო თავის ნიჭს, არამედ თავის სახესაც, კომენტარის დატოვება არ მინდა, რადგანაც გარეგნობაზე ძალადობა ჩემი საყვარელი თემაა. აქ შეიძლება ვეღარც გავჩერდე.

მაგრამ „გრეისი“ მხოლოდ ფესტივალის გახსნის ფილმია და არ შედის ძირითად საკონკურსო პროგრამაში. კონკურსი კანში ცოტა სხვანაირია. აქ საავტორო კინოს ანიჭებენ უპირტესობას. შესაძლებელია ამიტომაცაა, რომ დროდადრო სულ უფრო იკლებს ჰოლივუდი საკონკურსო პროგრამაში. წელსაც ამერიკული კინო მხოლოდ ორი ფილმით, ისიც „დამოუკიდებელი“ ნამუშევრებითაა წარმოდგენილი. კონკურსში არაა ჩინური კინო (ასე რომ უყვართ ბერლინში), არაა გერმანული, ესპანური ფილმები. არის მხოლოდ დიდი სახელები, რამაც კანის კინოფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს უკვე ათქმევინა „ფესტივალი დაბერდა!“. დაბერდა და დამოკლდა! მაგრამ მთავარი ხომ ხარისხია.

ხარისხი და ბევრი, ბევრი მზე!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG