Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დევნილთა რეგისტრაცია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს


აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიგდში
აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიგდში
ზუგდიდში დევნილთა რეგისტრაციის პროცესი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მეოთხე დღეა ფაიფურის დასახლების ყოფილი სტამბის შენობაში რიგში დგანან ქალაქის ცენტრში ახლად აშენებულ კორპუსში გადასვლის მსურველები. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შიშობენ, რომ ახალ კორპუსებში ოთახების რაოდენობა შეიძლება საკმარისი არ იყოს და ყველა თადარიგის დაჭერას ცდილობს. დევნილები რიგში დგომისას ხშირად ერთმანეთს და შენობის დაცვის წევრებსაც უპირისპირდებიან.

გალელი რატინა კვარაცხელია ამბობს, რომ რეგისტრაცია მოუწესრიგებელია - მოქალაქეები არ არიან დაყოფილი რაიონების მიხედვით, რაც არეულობას ქმნის:

„გალელები, ოჩამჩირელები, სოხუმელები - რატომ არ გაანაწილეს ესენი ცალ-ცალკე? რატომ მიაჩნიათ ეს ხალხი არაადამიანებად? აი, რადაც მივაჩნივართ, ზედ გვეტყობა ის. ვთხოვდი, რა, ყველას, ეხება თუ არ ეხება, როგორმე გულთან ახლოს მიიტანონ და იქნებ რაიმე შედეგი გამოიღოს“.

გალიდან დევნილი ლეილა ჭანტურია შიშობს, რომ ბინის გარეშე დარჩება. სწორედ ამიტომ ის აპირებს მიბაძოს თანასოფლელებს და, საჭიროების შემთხვევაში, შენობასთან ღამეც გაათიოს. მოქალაქეები ასევე აცხადებენ, რომ რეგისტრაცია ანტისანიტარიულ პირობებში მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

„სამი დღეა ვერ შევაღწიე შიგნით, რომ ვუთხრა იმათ ის, რაც მინდა, რაც მიჭირს“, - ამბობს ლეილა ჭანტურია.

„უცხოელი თუ შინაური, ყველა ამას იძახის, დავიცვათ ადამიანის უფლებებიო. ნაცვლად ამისა, ჩვენი დაჩაგვრა, დაცინვა და სულში ჩაფურთხება მიდის. აი, დღევანდელი ფაქტი. უარესი იყო გუშინ, გუშინწინ. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას რიგში მდგომმა ელგუჯა კვარაცხელიამ. მან ისიც თქვა, რომ ლტოლვილთა სამმართველოს მიმართეს თხოვნით, რეგისტრაციისთვის გამოიყოს დამატებითი შენობა, რათა ყველა მსურველმა მოასწროს ამ პროცესის გავლა.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა დევნილების საპასუხოდ აცხადებს, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მოქალაქეთა დიდი რიგები, რეგისტრაციის ვადა 2 თვემდე გაიზარდაო. უწყების ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინების ოდენობას ბევრად აღემატება იქ ცხოვრების მსურველთა რაოდენობა, მაგრამ ფართების გაცემა, მისივე თქმით, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შეავსებს განაცხადს პირველი:

„ყველას ვუხსნი და თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ ავუხნით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის შეავსებ ამას - 1 მაისს თუ 25 ივლისს. ეს 30 ივლისს მთავრდება და მერე დაიწყება ყველა განაცხადის განხილვა. ეს მოხდება კრიტერიუმების მიხედვით: სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა პენსიონერი თუ აფხაზეთის ომის მონაწილე ან დაღუპული ოჯახის წევრი“.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში 8 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა. აქ ბინას 256 დევნილი ოჯახი მიიღებს.
XS
SM
MD
LG