Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როდის მიიღო და დაკარგა ზუგდიდმა ქალაქის სტატუსი


ზუგდიდი სიახლის მოლოდინშია. ქალაქში ყველაზე აქტუალური თემაა - რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ, ვინ იქნება მერი და რას მოუტანს ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თუმცა ქალაქის უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, მას მერი 2006 წლამდე ჰყავდა და ჰქონდა ქალაქის სტატუსი.
ოთარ ფაცაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1994 წლებში, იხსენებს, თუ როდის მიენიჭა ზუგდიდს ქალაქის სტატუსი და ვინ იყო პირველი მერი:

„ზუგდიდს ქალაქის მერი ჰყავდა და ეს დაარსდა 1967 წელს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მეტი ყურადღება მიექციათ მისთვის. ქალაქის მერი მაშინ იყო ანზორ ქუჩულორია. ის ხელმძღვანელობდა ქალაქს. მერე ეს ისევ მთავრობამ გააუქმა“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მერის ხელმძღვანელობის პირობებში ქალაქს მეტი ყურადღება ნამდვილად ექცეოდა, თუმცა იგივე მოხდება თუ არა ახლა, რეფორმის შემდეგ, ამის თქმა უჭირს. ოთარ ფაცაციას განმარტებით, რეფორმა წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გაწერილი ყველა პირობა ზუსტად შესრულდება.

„თითოეულ რეფორმას, რომელსაც ვიღებთ, პარლამენტი ადგენს და მთავრობა ამტკიცებს. ამის შესრულება თუ იქნა, ესაა მთავარი. ჩვენ როგორ შევასრულებთ, ეს უკვე სხვა საკითხია“, - ამბობს ოთარ ფაცაცია.
ქალაქის სტატუსის დაკარგვა, ეს მარტო ქაღალდზე დაწერილი არ არის, აქ ბევრი რამე იგულისხმება. ეს საზოგადოების უკან დახევაა...
მერაბ დანელია

ზუგდიდს ქალაქის სტატუსი 2006 წელს ჩამოერთვა ქალაქზე მეტი კონტროლის გაწევის მიზნით. ის მეტად გახდა ცენტრზე დამოკიდებული, - ასე ფიქრობს მერაბ დანელია, იმ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც გასულ წელს ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ჩამოყალიბდა. შარშან ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

„ქალაქის სტატუსის დაკარგვა, ეს მარტო ქაღალდზე დაწერილი არ არის, აქ ბევრი რამე იგულისხმება. ეს საზოგადოების უკან დახევაა. ვთვლი, რომ თვითმმართველობა ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადგილობრივი კადრების აღზრდას, მათ ჩამოყალიბებას, მათ პოლიტიკურ კულტურას. თვითმმართველობა რეგიონებისთვის განსაკუთრებული პლუსია“, - აცხადებს მერაბ დანელია.

ზუგდიდს რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აქამდე არ ჰქონდა, ამას შეცდომა უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში 2 აპრილს სტუმრობისას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.
ქალაქის სტატუსის დაკარგვა, ეს მარტო ქაღალდზე დაწერილი არ არის, აქ ბევრი რამე იგულისხმება. ეს საზოგადოების უკან დახევაა...

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობას ექნება საშუალება, თავად აირჩიოს ქალაქის მერი, განსაზღვროს საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტოს, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს.

ზუგდიდელები კი უკვე ფიქრობენ და განსაზღვრავენ იმ მთავარ თვისებებს, რომლის მატარებელიც უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის მერი:

„კარგი უნდა იყოს, ხალხისთვის მშრომელი. უნდა იყოს კარგი ნასწავლი და კულტურული კაცი“.

„კარგი ადამიანი უნდა იყოს, სტუმართმოყვარე“.

„ჯერ ერთი, ნაღდი ზუგდიდელი უნდა იყოს, ზუგდიდი ნაღდად უნდა უყვარდეს და ქალაქისთვის რაღაც უნდა გააკეთოს. ღვარძლიანი არ უნდა იყოს“.

„ჯიბეებში არ უნდა იხედებოდეს. რომ დადიან ამ ძვირად ღირებული ჯიპებით, მერსედესებიდან გადმოვარდებიან?!“, - ამბობენ ზუგდიდელები.
საქართველო 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებში 71 საკრებულოს, 12 ქალაქის მერს და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელს აირჩევს. სიახლის თანახმად, ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომლებიც ცვლილებების შედეგად თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მიიღებენ და ახალი ტერიტორიული მოწყობა ექნებათ.
XS
SM
MD
LG