Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიუკ ელინგტონის ალბომი „Money Jungle“


დიუკ ელინგტონი. პარიზი, 1960 წელი
დიუკ ელინგტონი. პარიზი, 1960 წელი
გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დიუკ ელინგტონი უკვე ცოცხალი ლეგენდა გახლდათ და ამერიკული ჯაზის ისტორიაში უდიდესი კომპოზიტორის რეპუტაციით სარგებლობდა. „აფრიკელი სტრავინსკი“, „ჯაზის შექსპირი“ და „ამერიკელი ბახი“ - ეს იმ მუსიკალურ-შემოქმედებითი რეგალიების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მსმენელმა, 30-წლიანი საკომპოზიტორო მოღვაწეობის გათვალისწინებით, დამსახურებულად შეურჩია. თუმცა კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ კომპოზიტორი ელინგტონი ყოველთვის ჩრდილში აქცევდა პიანისტ ელინგტონს, საშემსრულებლო ტექნიკას უწუნებდნენ და იმპროვიზაციულ ერთფეროვნებასაც წამოაძახებდნენ ხოლმე. მართალია, დიუკი არ გახლდათ არტ ტეიტუმი, გამებისა თუ არპეჯიოების ოსტატური გამოყენებით რომ გაეთქვა სახელი, არც ფორტეპიანოს „მაჰარაჯად“ წოდებულ ოსკარ პიტერსონს ჰგავდა, რომლის გიჟურ ტემპს ვერც დრამი და ვერც კონტრაბასი დიდხანს ვერ მისდევდა, და არც ბად პაუელივით შეეძლო, გახელებული მელოდიური პარკერისეული ფრაზებით ემეტყველა. თავადაც ამბობდა, რომ მასზე ვირტუოზი პიანისტი ნაკლებად ითქმოდა და მთავარ ინსტრუმენტად თავისივე ორკესტრს ასახელებდა. თუმცა, ამგვარი თვითშეფასების მიუხედავად, საკუთარ საშემსრულებლო ტექნიკას პერიოდულად წარმოაჩენდა ხოლმე, მეტწილად, კლასიკური ტრიოს ან კვარტეტის ფორმატში. ერთ-ერთ ასეთ ალბომს კი „Money Jungle“ ჰქვია.

ალბომ „Money Jungle“-ის ჩაწერის სურვილი დიუკ ელინგტონს 1962 წელს გაუჩნდა და იდეის განსახორციელებლად დამწყებ პროდიუსერ ალან დუგლასს უხმო. ევროპული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, მათ ერთწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდათ და ახალგაზრდა კაცს დიუკი მუსიკალური ხედვებით მოეხიბლა. დუგლასის აზრით, დისკზე 50-იანი წლების ბოლოსთვის ჯაზში წარმოქმნილ თითქმის ყველა სტილისტურ ფორმას უნდა მოეყარა თავი, სიმფონიზმი და სვინგი რევოლუციურ ბოპს უნდა დაჰკავშირებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელინგტონი არასოდეს უფრთხოდა ექსპერიმენტებს - მისი თაობის კოლეგებისგან განსხვავებით, არქაულ მუსიკალურ ფორმებში გამოკეტვა არ სჩვეოდა და თანამედროვე ჯაზური ტენდენციებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. ჰოდა, ვინაიდან დიუკ ელინგტონი ჯაზის ტრადიციული ფორმების უბადლო მცოდნე ბრძანდებოდა, მათი ნოვატორული გააზრება ახალგაზრდებს დაევალა.

1962 წლის 17 სექტემბრის სისხამ დილას მანჰეტენზე მდებარე ხმის ჩამწერი ლეიბლის „Sound Makers“ სტუდიაში 63 წლის დიუკ ელინგტონი გამოცხადდა, ფორტეპიანოსთან მოკალათდა და მუსიკალური თემების მონახაზების სანოტო ფურცელზე გადატანას შეუდგა. მას 38 წლის მაქს როუჩი შემოუერთდა, ჩარლი პარკერთან ერთად რევოლუციური „ბიბოპის“ ერთ-ერთ შემოქმედად რომ მოიაზრებოდა. ტრიოს მესამე წევრი კი 40 წლის კონტრაბასისტი ჩარლი მინგუსი გახლდათ, რომლის მუსიკალურ აზროვნებაზე ელინგტონს უზარმაზარი გავლენა მოეხდინა, კლასიკურ ტრადიციებს ავანგარდიზმის პრინციპებს უხამებდა. ჩაწერა ერთი ამოსუნთქვით, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე წარიმართა, ხოლო მიღებული შედეგი მუსიკალურმა ჟურნალმა „დაუნბითმა“ შემდეგნაირად დაახასიათა: „დიუკ ელინგტონს ასე ლაღად და თავისუფლად არასოდეს დაუკრავს. პიანისტის, დრამერისა და კონტრაბასისტის დიალოგი თაობათა შორის გაბრძოლებასაც ჰგავს, ჩარლი მინგუსი თავისი ბრაზიანი, აგრესიული მანერით ზოგჯერ ისე უჯანყდება ელინგტონს, თავდაცვა და იმის მტკიცება უწევს, თუ ვინ არის ბენდის რეალური ლიდერი. საბოლოო ჯამში კი, ახალგაზრდებზე დომინირებას მაინც ახერხებს“.

დიახ, „Money Jungle“ დიუკ ელინგტონის, როგორც პიანისტის, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და ტრადიციების ნოვატორული გააზრების კლასიკურ მაგალითად ითვლება. თუმცა ამ ამბავს საინტერესო გაგრძელებაც აქვს: 2011 წელს ერთმა ამერიკელმა ქალმა, უბადლო საშემსრულებლო ტექნიკის მქონე დრამერმა ტერი ლინ კერინგტონმა, გამოსცა ალბომი „Money Jungle: Provocative In Blue“, რომლის ჩაწერაში ისეთმა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან: კონტრაბასისტი კრისტიან მაკბრაიდი, პიანისტი ჯერალდ კლეიტონი და მესაყვირე კლარკ ტერი. მათ ელინგტონის ტრიოს ნახევარსაუკუნოვანი პროექტი გააცოცხლეს, თანამედროვე ჯაზური ხასიათებითა და მუსიკალური ფერებით გაამდიდრეს, ეს საქმე კი იმდენად კარგად გამოუვიდათ, რომ დისკს „გრემის“ 56-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჯაზურ-ინსტრუმენტული ალბომის სტატუსი მიენიჭა.
XS
SM
MD
LG