Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰენრი მანჩინისა და დასტი სპრინგფილდის შესახებ


ჰენრი მანჩინი
ჰენრი მანჩინი
დღევანდელი სიუჟეტი 2 იუბილარს დაეთმობა. ამ საქმეს რომ ქრონოლოგიურად მივუდგეთ, პირველად ენრიკო ნიკოლა მანჩინი, იგივე ჰენრი მანჩინი, უნდა ვახსენო. ამერიკელი კინოკომპოზიტორი 1924 წლის 16 აპრილს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, დაიბადა.

მამამისი მშრომელი კაცი იყო, თუმცა, ფოლადჩამომსხმელი ქარხნის მუშის კვალობაზე, მუსიკის რამდენიმე სასულე ინტსრუმენტზე მშვენივრად უკრავდა. ჰოდა, ვაჟს ჯერ ფლეიტაზე დაკვრა შეასწავლა, ხოლო მოგვიანებით ერთად მუზიცირებასაც მოჰყვნენ. „იტალიის შვილები“ - ასე ერქვა იმ ბენდს, რომელშიც ირიცხებოდნენ. როცა ჰენრი 12 წლის შეიქნა, მამამ ფორტეპიანოს მასწავლებელი - მაქს ედკინსი - დაუქირავა. ყმაწვილმაც სწორედ მასთან მეცადინეობისას გამოავლინა საკუთარი საკომპოზიტორო მიდრეკილებები, აღფრთოვანებულმა პედაგოგმა კი შეგირდის მიერ შექმნილი თხზულებები თვით ბენი გუდმენს გააცნო. ამ უკანასკნელმა პატარა იტალიელს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და საშემსრულებლო თუ საკომპოზიტორო წიგნიერების გაღრმავება ნიუ-იორკში, პრესტიჟულ ჯულიარდის სკოლაში, ურჩია.

ჰენრი მანჩინის ჯულიარდში დიდხანს არ უსწავლია, რადგან მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო და ამერიკის სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, 4 წელი ევროპაში იმსახურა. ფრონტიდან დაბრუნებულმა კი, მალევე იპოვა საკუთარი ადგილი: იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და პოპულარულ ბენდში - გლენ მილერის ორკესტრში - პიანისტობა და სვინგური მუსიკალური თემების არანჟირება ანდეს. მართალია, „სვინგის მეფე“ უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ორკესტრში ყოფნამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჰენრი მანჩინის პიანისტური ოსტატობის დახვეწასა და, რაც მთავარია, საკომპოზიტორო ხელწერის ჩამოყალიბებაზე. ჰოდა, როცა 1954 წელს ენტონი მენის ბიოგრაფიული ფილმი „გლენ მილერის ისტორია“ გამოვიდა, ჰენრი მანჩინის კარიერაში პირველი „ოსკარი“ გადაეცა ლეგენდარული ბენდლიდერის მუსიკალური თემების არანჟირებისათვის,

მოგეხსენებათ, რომ იმდროინდელი ამერიკელი კინოკომპოზიტორები მეტწილად ევროპულ კლასიკას ეყრდნობოდნენ, ხოლო ჰენრი მანჩინის არ სჩვეოდა ჟანრობრივი შეზღუდვები. გლენ მილერის ორკესტრში დაგროვილი სვინგური გამოცდილების წყალობით, ბაზისად ჯაზურ მოტივებს იყენებდა, ფილმებისათვის მთავარ მუსიკალურ თემას თხზავდა და მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებით წარმოადგენდა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მანჩინისა და რეჟისორ ბლეიკ ედვარდსის მრავალწლიანი თანამშრომლობა გამოდგება. „დიდი რბოლა“, „ღვინის და ვარდების დღეები“, „ვარდისფერი პანტერა“ - ეს იმ ფილმების ნაწილია, რომელთათვისაც ჰენრი მანჩინიმ დაუვიწყარი მუსიკალური განწყობა შექმნა.

ჰენრი მანჩინის შესახებ საუბარს ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური თემის ხსენებით დავასრულებ. რა თქმა უნდა, 1961 წლის ფილმის „საუზმე ტიფანისთან“ მთავარ სიმღერას „მთვარიან მდინარეს“ ვგულისხმობ, რომელიც კინოკომპოზიტორმა ჯონ მერსერთან ერთად შექმნა.

დაბოლოს, კიდევ ერთი იუბილარის შესახებ. 1939 წლის 16 აპრილს ლონდონში მომღერალი მერი იზაბელ კეტრინ ო ‘ბრაიენი, იგივე დასტი სპრინგფილდი, დაიბადა - ქალი, რომელიც 4 ათწლეულის განმავლობაში თანაბარი წარმატებით მოღვაწეობდა ერთმანეთისგან სრულიად გასხვავებულ ისეთ მუსიკალურ ჟანრებში, როგორიცაა: ჯაზი, იტალიური ქალაქური სასიმღერო ფორმები, სოული, ბოსანოვა თუ რიტმენ-ბლუზი. ის იმდენად პოპულარული გახლდათ, რომ ბრიტანელი გოგონების კერპად იქცა, მამაკაცები მისი გულის მოსაგებად ერთმანეთს ეცილებოდნენ, ხოლო კრიტიკოსები „სოულისა და რიტმენ-ბლუზის თეთრ დედოფლად“ მოიხსენიებდნენ. თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ დასტი სპრინგფილდის ეროტიზმითა და სექსუალურობით სავსე იმიჯის მიღმა მეტად ტრაგიკული პიროვნება იმალებოდა. პირად ცხოვრებაში უამრავი სირთულე ჰქონდა: პრობლემები ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან, სულიერი ტრავმები უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობების გამო, გაუთავებელი ბრძოლები ურიცხვ მოშურნესთან და უხამს ჭორებთან. მისი ცხოვრება და შემოქმედება ცალკე სიუჟეტს იმსახურებს, დროის სიმცირის გამო კი, ამჯერად მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს წარმოგიდგენთ.
XS
SM
MD
LG