Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სოფელი კერძო პირს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებს


სოფელ ორულუს სამამფორიოს უბანში მცხოვრები 35 ოჯახი აცხადებს, რომ სოფელში არსებული ერთადერთი 32 ჰექტარი ფართობის საძოვარი კერძო პირმა, ზურაბ გვილავამ, უკანონოდ შეიძინა და უკვე ოთხი წელია საკუთარი მიწით სარგებლობის უფლება არა აქვთ. ორულუს მკვიდრთა განცხადებით, კერძო პირმა რამდენჯერმე სცადა ტერიტორიის ირგვლივ მიწა მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამოეღო და თხრილები გაეკეთებინა, მაგრამ ადგილობრივებმა ამის საშუალება არ მისცეს.

სოფლის მკვიდრის, ლამარა მამფორიას განცხადებით, მსგავსი მცდელობის შემთხვევაში მოქალაქეები ყოველ ჯერზე შეიკრიბებიან და საძოვრებზე სამუშაოების შესრულების უფლებას არავის მისცემენ:

„დიდი ხანია ეს მიწა ჩვენს საკუთრებაშია. ჩვენი პირუტყვი - ხარ-კამეჩი და ძროხა - ამ საძოვრით სარგებლობს. ეს მიითვისა გვილავამ და ჩვენ ცოცხალი თავით ამას არ დავანებებთ“.

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრის, ნელი გუგუჩიას განცხადებით, ოთხი წლის წინ 32 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზების შედგენასა და ოფიციალურად დარეგისტრირებაში დახმარებას შეჰპირდა მათ ზურაბ გვილავა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მოქალაქეები მოტყუებული დატოვა:

„ზოგჯერ - საბუთის ბეჭედი არ არისო, ხან ეს არ არისო, ხან ის. საბოლოოდ, ეს მიწა ჩვენ არ გადაგვიფორმეს. ჩვენგან, მთლიანობაში, 3 500 ლარი აიღეს და წავიდნენ. ბოლოს, მოვიდნენ და გვითხრეს, ეს მიწა ჩვენიაო და გვედავებიან ამას“.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ზურაბ გვილავა, რომელმაც მათი მიწის ნაკვეთები „თაღლითური გზით მიითვისა“, სოფელში არ იმყოფება. თუმცა მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, 14 აპრილს შეკრებილ მოსახლეობას ზურაბ გვილავას სახელით მისი წარმომადგენელი, გელა ქუხილავა, შეხვდა. მისი ცნობით, ზურაბ გვილავას საკუთრებაში არსებულ შპს „გიორგი 21-ს" 32 ჰექტარი მიწის ფართობი წლების მანძილზე სახელმწიფოსგან ჰქონდა იჯარით აღებული და არა მოსახლეობისგან და მოგვიანებით ის, როგორც კერძო პირმა, კანონის სრული დაცვით გადაიფორმა:

„ეს ამბავი სასამართლოში იყო გასაჩივრებული და სასამართლომ მესაკუთრე გაამართლა. დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა“.

გიორგი ქუხილავას არ ეთანხმება მომჩივან მოქალაქეთა ინტერესების დამცველი ადვოკატი ნინო კვარაცხელია. ის დარწმუნებულია სამამფორიოს უბანში მცხოვრებთა სიმართლეში და საქმის გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას მიმართა:

„პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, რის საფუძველზეც უნდა შეჩერდეს მიწის ნაკვეთის დამუშავება, ვინაიდან საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია. უნდა გაირკვეს ყველაფერი, რა საბუთები აქვს და რის საფუძველზე გადაიფორმა მიწა“.

მოსახლეობა მოითხოვს, სანამ საქმის ძიება მიმდინარეობს, მიწით სარგებლობის უფლება მიეცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. თავის მხრივ, ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას პროტესტისგან თავის შეკავებას და კერძო პირთან მოლაპარაკებას ურჩევს.

პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელთა რჩევისამებრ, უახლოეს დღეებში სოფლელები ორულუს რწმუნებულს და მიწის მესაკუთრეს შეხვდებიან და შეეცდებიან კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ.
XS
SM
MD
LG