Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლუზი „ჩეს რეკორდსის“ სამარკო ნიშნით. ნაწილი II


წინა სიუჟეტში ხმის ჩამწერი სტუდიის „Chess Records“-ის განვითარების იმ პერიოდზე შევჩერდი, როცა მადი უოტერსის ალბომი „I Can't Be Satisfied“ გამოიცა. ის რევოლუციური მნიშვნელობის გამოდგა, რადგან პირველად მოხდა მისისიპური აკუსტიკური ბლუზის ქალაქურ ყაიდაზე მოქცევა, მისი ელექტრიფიცირებულ ჟღერადობაზე გადაწყობა და, რაც მთავარია, ახალი ბლუზური ბგერის დაბადების საწინდარიც გახდა, რომელსაც „ჩიკაგური ბლუზი“ ეწოდა.

მისისიპური ხალხური მუსიკის ურბანიზირების პროცესში მადი უოტერსთან ერთად ისეთი არტისტებიც იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიც იყვნენ: ოტის სპანი, ლითლ უოლტერი, ჯეიმს კოტონი და, რა თქმა უნდა, „Chess Records“-ის ნამდვილი განძი - უილი დიქსონი, რომელიც ძმებმა ჩესებმა ჩიკაგოს რომელიღაც უხეირო კლუბში შემთხვევით იპოვეს. პროდიუსერების უმთავრეს ინტერესს დიქსონის საკომპოზიტორო ნიჭი წარმოადგენდა, რადგან მის თხზულებებს შორის რამდენიმე ათეული გენიალური ნაწარმოები ეგულებოდათ, რომლებსაც ლეიბლის არტისტები - მადი უოტერსი, ჰაულინ ვულფი თუ სონი ბოი უილიამსონი - სუპერჰიტებად აქცევდნენ. თავად დიქსონის სოლო აქტივობას კი ძმები მაინცდამაინც არ ახალისებდნენ. ერჩივნათ ერთგვარ "რუხ კარდინალად" დარჩენილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ვარსკვლავად იქცეოდა და მეტიც უნდა გადაეხადათ. მიუხედავად ამ გარემოებისა, უილი დიქსონისათვის "Chess Records"-ი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო ადგილი გახლდათ. სწორედ იმ პერიოდში შექმნა ბლუზური შედევრები: "I Can't Quit You Baby“, „Spoonful“, „You Shook Me", „Back Door Man", „Hoochie Coochie Man" და ჩიკაგური ბლუზის ჰიმნად ქცეული „Little Red Rooster“, რომელიც სტუდიის ერთ-ერთმა წამყვანმა არტისტმა, ჩესტერ არტურ ბერნეტმა, იმავე ჰაულინ ვულფმა, შეასრულა.

50-იან წლებში, უილი დიქსონისა და ზემოხსენებული მუსიკოსების წყალობით, „Chess Records“-ი „ჩიკაგური ბლუზის“ წამყვან და პრესტიჟულ ლეიბლად იქცა. თუმცა მეტად ძლიერი კონკურენტიც გამოუჩნდა. ხმის ჩამწერ სტუდია "Vee-Jay"-ს ვგულისხმობ, რომელმაც უკადრებელი იკადრა - ჩესების გარშემო თავმოყრილ ბლუზმენებზე ნადირობა და მათი გადაბირება დაიწყო. სოლიდური ფინანსური შეთავაზებით, ჯერ გიტარისტი და ჰარპისტი ჯიმი რიდი მოთაფლეს, შემდეგ კი, კრივის ენაზე რომ ვთქვა, „Chess Records“-ი ნოკ-აუთში გაისტუმრეს: „მისისიპელ შამანად“ წოდებული ჯონ ლი ჰუკერი, კლასიკური შედევრით „Boom, Boom“, ცხვირწინ ააცალეს. არადა, „ბუგის მეფეს“ ჩესების სტუდიაში რამდენიმე ჩანაწერის გაკეთება უკვე მოესწრო და ძმებიც ჰუკერზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ნიჭიერი მუსიკოსების - შესაბამისად, კაპიტალის - გადინების პროცესი 2-3 წელი გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, ჩესები დანებებას არ აპირებდნენ და კონკურენტს საკადრისი პასუხიც მალევე გასცეს: ერთ მშვენიერ დღეს „Chess Records“-ის კარი უზარმაზარმა აფროამერიკელმა შეაღო, თავი მძიმეწონოსან ყოფილ მოკრივედ წარადგინა, მართკუთხა ფორმის გიტარა მოიმარჯვა და ღიმილით განაცხადა, რომ დიდებული სიმღერა დაწერა. უცნობი ელას მაკდენიელი, იგივე ბო დიდლი, ხოლო ხსენებული თხზულება „I'm a Man“ გახლდათ, რომელიც ბლუზური ჩარტის ლიდერი შეიქნა, „Chess Records“-მა კი დროებით დაკარგული პირველობა დაიბრუნა.

ლეონარდ და ფილიპ ჩესი კონკურენტს კიდევ ერთ „სიურპრიზს“ უმზადებდნენ: ერთხელ მადი უოტერსი სტუდიაში ვიღაც გამხდარ, თვალებდაჭყეტილ ყმაწვილთან ერთად გამოჩნდა და სტუმარი შემდეგნაირად წარადგინა: „ეს ბიჭი შეიარაღებული ყაჩაღობისათვის ციხეში იჯდა. როგორც ამბობს, ამ საქმეს უკვე შეეშვა და არც ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ეტანება. პროფესიით კოსმეტოლოგი და დალაქი კი ბრძანდება, მაგრამ ისეთ უცნაურ ელექტრო-ქანთრის უბერავს, მსგავსი არაფერი მომისმენიაო“. ეს კაფანდარა, უცნაური ტიპი შავი როკენროლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჩაკ ბერი გახლდათ. თუმცა მასზე და „Chess Records“-ში გატარებულ წლებზე შემდეგში იყოს.
XS
SM
MD
LG