საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხმა, დაესაჯა რუსეთი საქართველოში 2008 წლის შემოჭრისთვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა. „ის ფაქტი, რომ საქართველოში 2008 წელს გამოყენებულ სცენარს, როცა სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიები, რუსეთი ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ამტკიცებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი პარტნიორები რუსეთს წინ ვერ აღვუდექით,“ განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო ფრანს პრესს. მისი შეფასებით, მოსკოვის მიერ ყირიმის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოში გამოყენებული ტაქტიკის გამოძახილია. „დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია,“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამჯერად უფრო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა, რათა კრემლმა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია ვეღარ შეძლოს. „უნდა მოხდეს აშკარა და ძლიერი საპასუხო ქმედებების ფორმულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასდროს განმეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების იდეა ჩავარდება,“ უთხრა ფრანს პრესს გიორგი მარგველაშვილმა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან ზეწოლის შესაძლო გაძლიერებაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისი საქართველოს ხელისუფლებას აიძულებს უფრო ფხიზლად იყოს.
მარგველაშვილი: 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის მარცხმა მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა
ყველაზე პოპულარული
1