Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ძალა და პოლიტიკური ნება


ცხინვალის რეგიონი
ცხინვალის რეგიონი
გასულ კვირაში საქართველოს სამხედრო უწყება მშვიდად გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე ქართულ სივრცეში რუსეთის შვეულმფრენის მორიგ გამოჩენას. თბილისი ფიქრობს, რომ შექმნილ ვითარებაში ასეთ დარღვევებზე დიპლომატიური რეაქცია უფრო შედეგიანია, ვიდრე საჰაერო თავდაცვის ამოქმედება, ოპონენტები კი საქართველოს ხელისუფლების ასეთ აუღელვებლობას მის უპრინციპობასა და რუსეთის მიმართ ზედმეტ სიფრთხილეს მიაწერენ.


საფრთხე, რომელიც პოლიტკორექტულობაში არ იმალება

როგორი პოლიტკორექტულიც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის არამეგობრული ქმედებების პასუხად მიღებული მიმართვები, არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, სადაც საგნებს თავისი სახელები ჰქვია. ასეთია, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ახალი ხელისუფლების მიერ გასული წლის აპრილში დამტკიცებულ სახელმძღვანელო დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხედ არის მიჩნეული. კონცეფციაში მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი.

დაახლოებით, ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული...
ირაკლი ალასანია
მაგრამ ერთია ის, თუ როგორაა ასახული სახელმძღვანელო დოკუმენტში უსაფრთხოების გარემო და მეორეა პოლიტიკური კონიუნქტურა, რაც სასხლეტზე ხელის გამოკვრის საშუალებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იძლევა. ამ შემთხვევაში ყოველგვარი ირონიის გარეშე შეიძლება გავიხსენოთ ის ეგზოტიკური სადღეგრძელო, რომელსაც ცნობილი საბჭოთა კომედიური ფილმის - „კავკასიელი ტყვე ქალის“ - ერთ-ერთი გმირი წარმოთქვამს სურვილებისა და შესაძლებლობების თაობაზე.

პოლიტიკაში კი ყველაფერი უფრო მკაცრად არის განსაზღვრული. მაშინაც კი, როცა გაქვს შესაძლებლობაც და სურვილიც, ვთქვათ, ადეკვატური სამხედრო ძალით აღკვეთო შენს ტერიტორიაზე შემოფრენილი მოწინააღმდეგის ავიაციის პარპაში, ამის საშუალებას ობიექტური გარემოება არ იძლევა. ასეთ ვითარებასთან, ასეთ კონიუნქტურასთან აქვს საქმე დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც იძულებულია გვერდზე გადადოს სურვილიც და შესაძლებლობაც და მოთმინებით მოეკიდოს რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს, რაც, როგორც ირაკლი ალასანიამ უთხრა გასულ კვირაში ჟურნალისტებს, თურმე ათასს აღწევს.

„დაახლოებით, ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ერთადერთი სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება

საომარი მოქმედებების შედეგად, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი...
მაგრამ იბადება შეკითხვა, რისთვისღა უნდა ამყოფო ჯარი „მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში“, დახარჯო ფული და ადამიანური რესურსი, თუკი ამ ძალას საჭიროების შემთხვევაში ვერ გამოიყენებ? იქნებ დადგა დრო, ათასმეერთე შემთხვევაში მაინც აფრინდეს რაკეტა მოწინააღმდეგის სამიზნისკენ?

სამწუხაროდ, სურვილისა და შესაძლებლობის შედეგიანი დამთხვევა პოლიტიკაში არ არის ისეთი მარტივი, როგორც გარედან ჩანს, გარდამავალ პროცესში მყოფი ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისათვის კი ეს შეიძლება კატასტროფულიც იყოს. საქართველომ 2008 წლის აგვისტოში ერთხელ უკვე სცადა ძალის გამოყენება რუსეთის მხრიდან მცოცავი აგრესიის შესაჩერებლად, თითქოს საერთაშორისო სამართალიც საქართველოს მხარეზე იყო, ქვეყანას სამხედრო შესაძლებლობაც ჰქონდა, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილსა და ხელისუფლებას - სურვილი კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, მაგრამ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შემდეგ საქართველომ მძიმე დანაკარგი განიცადა და საბრძოლო ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„საომარი მოქმედებების შედეგად, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 130 ათასამდე ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე“.

ამ მძიმე დანაკარგის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ დროებით დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ანუ ბრძოლის საწარმოებლად აუცილებელი ოპერატიული სივრცე საქართველოს ხელისუფლებისათვის კიდევ უფრო შეიკუმშა. რუსეთის სამხედრო ბაზა, შესაბამისი საარტილერიო, საავიაციო და სატანკო მხარდაჭერით, თბილისიდან 35 კილომეტრის მანძილზე, ახალგორშია განლაგებული. საქართველოს მხრიდან რუსეთის სამხედრო ძალების პროვოკაციის აღკვეთას კი შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია და რუსეთის მხრიდან ახალი სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები მოჰყვეს. შექმნილ ვითარებაში - როცა იცი, რომ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება როგორც უდანაშაულო ადამიანების, ისე საქართველოს ევროპული მომავალი - საქართველოს ხელისუფლებას, მოთმინებისა და წარსული შეცდომების გათვალისწინების გარდა, სხვა გზა არ რჩება.

„ამ კომისიის მიზანი არის სამხედრო ასპექტების შესწავლა: როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ტაქტიკურ, ოპერატიულ და, მათ შორის, სტრატეგიულ დონეზე; რა ვერ შეძლეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და რა იყო ამის მიზეზი“, თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გასული წლის ბოლოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდა, რომ შუალედური შედეგები სწორედ წელს, გაზაფხულზე, გახდება ცნობილი.

ძნელია შეიტანო ეჭვი კომისიის წევრების პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში, მაგრამ როგორიც უნდა იყოს მათ მიერ გამოტანილი დასკვნა, იგი არაფერს შეცვლის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შექმნილ ვითარებაში „სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის საკუთარ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისაგან თავის შეკავებაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG