Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს შენ გეხება!“ - ფარული მიყურადების წინააღმდეგ


„ეს შენ გეხება! - ისევ გვისმენენ!“ - ამ სლოგანით გაერთიანდა სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, რათა პარლამენტს შეახსენოს, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება გრძელდება და ამისთვის ხელის შესაშლელად საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციას სისტემური ცვლილებები არ განუხორციელებია და კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან სამართალდამცავ ორგანოებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ.

სამოქალაქო სექტორი, ერთი მხრივ, მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, პარლამენტს შეახსენებს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას, რათა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, დასრულდეს წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა, როცა უსმენდნენ განურჩევლად ყველას. ეკა გიგაურის თქმით, სამწუხაროდ, უკანონო თვალთვალი და მიყურადება დღესაც გრძელდება:

„არჩევნების შემდეგ ჩვენ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება გადახედავდა ამ პრაქტიკას და შეცვლიდა იმას, რასაც ჰქვია მიყურადება და თვალთვალი და ჩვენ ვერ ვნახეთ ვერანაირი წინგადადგმული ნაბიჯები. დღესაც ვფიქრობთ, რომ ისინი გვისმენენ; მათ შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მოუსმინონ დაახლოებით 21 ათას ადამიანს ერთდროულად ან ამაზე მეტს და ამის არანაირი მონიტორინგის მექანიზმი არ არსებობს“.

მონიტორინგის მექანიზმების შექმნას და რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანას ემსახურება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში გასულ წელს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ კანონპროექტი, რომლის განხილვასაც წინააღმდეგობა ხვდება პარლამენტში, დააკანონებდა მოსმენისა და თვალთვალის შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეულ დანაშაულებებზე და, ისიც, სასამართლოს ნებართვით:

ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა ისევ გრძელდება. ვიცით, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს ორჯერ მეტი საშუალება შეძენილი იმისთვის, რომ მოსმენები იყოს და ამისთვის უნდა იმუშაონ როგორც არასამთავრობოებმა,ისე ჩვენ...
სერგო რატიანი
„სისტემა, რომელიც სჩადიოდა იმ რაღაც გაუგონარ სიბინძურეებს, ისევ მოქმედია, არაფერი არ შეცვლილა პრაქტიკულად. კანონმდებლობა დაადგენს ძალიან მკაფიო მექანიზმებს საპარლამენტო, სასამართლო და დემოკრატიული კონტროლისა; ასევე გაზრდის მოქალაქეების უფლებებს, თვითონ მოახერხონ დაიცვან თავიანთი ინტერესები, რაც არ იყო მოქმედ კანონმდებლობაში; გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტს; ასევე განსაზღვრავს და შეზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რომელიც გააჩნიათ შინაგან საქმეთა ორგანოებს ოპერატორი კომპანიების მიმართ“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ეთანხმებიან უკანონო მიყურადება-თვალთვალის შეზღუდვის აუცილებლობას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი ამბობს, მოსასმენი სისტემები გაორმაგდა კიდეც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ:

„ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემა ისევ გრძელდება. ვიცით, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს ორჯერ მეტი საშუალება შეძენილი იმისთვის, რომ მოსმენები იყოს და ამისთვის უნდა იმუშაონ როგორც არასამთავრობოებმა,ისე ჩვენ“.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ...
ალექსანდრე ჭიკაიძე
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, არ შეიძლება საკითხისადმი საზოგადოების მიდგომა იყოს: „ეს ხელისუფლება ამას არ იკადრებს“. ამაზე აკეთებსს აქცენტს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე არსებობს, ის აცხადებს, მსგავსი ინიციატივის შესახებ არ მსმენიაო, თუმცა, დასძენს, რომ საკითხის განსახილველად მზად არის:

„თუ ვინმე საუბრობს უკანონო მოსმენებზე, უნდა ჰქონდეს ფაქტები. თუ ვინმე საუბრობს უკანონო მოსმენების დაუშვებლობის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, ეს გახლავთ მეორე საკითხი. და თუ ვინმე ბედავს თანამედროვე, „ქართული ოცნების“ საზოგადოებაში ამ უკანონო ქმედებას, ის აუცილებლად მხილებული და დასჯილი უნდა იყოს. ხოლო მეორე მომენტი თავისთავად პროცედურული საკითხი გახლავთ და შემობრძანდებიან, ალბათ, საკანონმდებლო ინიციატივით და ჩვენ ამას განვიხილავთ“.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც, მას შემდეგ, რაც უკანონო მოსმენის საკითხი გასული თვის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა, ირწმუნებოდა, რომ უკანონო მიყურადება არ ხდება. იგივე გაიმეორა მან კამპანია „ეს შენ გეხებას“ ინიციატივის საპასუხოდ:

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ. როცა რეალური საფუძვლები იყო, რატომღაც მაშინ დუმდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დღეს ამის შესახებ აქტიურად საუბრობს".

ამასთან, შს მინისტრის განმარტებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის დასარეგულირებლად კონსულტაციებიც იმართება და, საბოლოოდ, იმგვარ კანონმდებლობაზე შეჯერდებიან, რომელიც მისაღები იქნება სამინისტროსთვისაც და მოქალაქეებისთვისაც.

ფარული მიყურადება-თვალთვალის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დღესაც ფლობს მიყურადების საშუალებებს, თუმცა მტკიცება იმისა, იყენებს თუ არა მათ უკანონოდ, ჭირს. ამდენად, ომბუდსმენის სიტყვებით, მნიშვნელოვანია მონიტორინგისა და კონტროლის გამართული მექანიზმის არსებობა, რაც კანონმდებლობით უნდა იყოს გარანტირებული.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG