Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნისტებმა სტალინის მონუმენტის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს


მშენებარე კვარცხლბეკი სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში
მშენებარე კვარცხლბეკი სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში
იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 61 წელი გავიდა. გორში ადგილობრივი კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ და მისი მონუმენტის აღმართვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, სტალინის მონუმენტი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში ჩამოხსნეს. იმავე საკრებულოს გადაწყვეტილებით, მონუმენტი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ახალმა უმრავლესობამ მონუმენტის აღმართვა 2013 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღისთვის გადაწყვიტა. ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხაც გამოიყო. თავის მხრივ, სტალინისტებმა სპეციალური ფონდი შექმნეს და დამატებითი თანხები მოიძიეს. სტალინის სახლის წინ მონუმენტისთვის კვარცხლბეკის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ სამუშაოები მალევე შეჩერდა. გორში ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩები ჩამოვიდნენ და საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს, რომ ძეგლი არ აღემართათ. სტალინისტები აცხადებენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ევროპის ლიდერები საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან.

ევროპის სახელმწიფოების ელჩების თხოვნას ადასტურებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის სექტემბერში ლიტვის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გორში სტალინის ძეგლის დადგმა აღარ იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.

გორელების აზრი კი მონუმენტის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე აღმართვასთან დაკავშირებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ მონუმენტი უნდა დაიდგას, მეორე ნაწილისთვის კი ძეგლის აღმართვა მუზეუმის ტერიტორიაზეც მიუღებელია.

ამჟამად სტალინის მონუმენტი ქალაქგარეთ, ერთ-ერთი სამშენებლო ორგანიზაციის ტერიტორიაზე ინახება. ქალაქში ჩამოსული ტურისტები ამ ადგილს ხშირად აკითხავენ და დაწვენილი ძეგლის ფონზე ფოტოებს იღებენ. გორელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ მუზეუმის ტერიტორიაზე ბელადის მონუმენტი ჰორიზონტულ მდგომარეობაში განთავსდება, ქალაქში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
XS
SM
MD
LG