Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლიანი ევრომაიდანი


ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბოლო ხანს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამო. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კიევში მომხდარ სისხლისღვრაში დაადანაშაულა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც, ბილდტის თქმით, „ხელები სისხლში აქვს გასვრილი.“

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მომხდარ ძალადობაში კიევში სულ მცირე 25 დემონსტრანტი და პოლიციელი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, დაიღუპა. პოლიციის მიერ ევრომაიდნის გაწმენდის წუხანდელი სპეცოპერაციის შედეგად 400-მდე გაიზარდა დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი არბუზოვი უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს "ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობად" აფასებს. ამის თაობაზე არბუზოვმა კომენტარი გააკეთა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას: „ეს არც დემოკრატიის დემონსტრირებაა და არც პოლიტიკური აქცია. ეს ხალხის განწყობით მანიპულაცია და ძალის გამოყენების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა. ასეთი მეთოდებით ვერცერთ ქვეყანაში ვერ გადაიჭრება კონფლიქტი. მათ მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლია.“

უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ შეტაკებების დროს დაღუპულ და დაშავებულ პოლიციელთა ოფიცალური სტატისტიკა გააცნო. „სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა 370-ზე მეტ პოლიციელს. ჰოსპიტალიზებულია შინაგანი ჯარებისა და პოლიციის 350 მოსამსახურე. 74 -ს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. დაღუპულია 9 პოლიციელი,“ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღესვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პავლო ლებედევმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია სადესანტო ბატალიონის კიევში გადასროლის თაობაზე. თუმცა, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 500-კაციანი სადესანტო ბატალიონი დნეპროპეტროვსკიდან კიევში განლაგებული სამხედრო ნაწილებისა და იარაღისა საწყობების დასაცავად გაგზავნეს და არა მომიტინგეთა დასარბევად.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა დღეს, იგი მოელის „კონკრეტულ ზომებს უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, ხოლო „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“ ევროკავშირის წევრებმა შესაძლოა დამატებითი ძალების გამოყენების საკითხიც შეათანხმონ.

ბაროზუ დღეს სამშვიდობო დიალოგის გაგრძელების ინიციატივითაც გამოვიდა. „ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, როგორც პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისის მოგვარების გზას. გვჯერა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და სერიოზულ დიალოგში ჩაერთონ. გვჯერა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკრაინელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების დაკმაყოფილება,“ განაცხადა ბაროზუმ.


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შესახებ იგი დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 პარტნიორი ალბათ აღარ შეიკავებს თავს იმ პირების მიმართ სანქციების შემოღებაზე, რომლებსაც დემონსტრანტების დარბევასთან აქვთ კავშირი. ოთხშაბათს გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ უკრაინის საკითხზე. „ეს შემზარავი ვითარებაა. ჩვენ ვსაუბრობთ 25 დაღუპულზე და ასობით დაჭრილზე, დაა ეს ხდება ჩვენგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. ამრიგად, ჩვენ ვერ დავრჩებით ამ ყველაფრის მიმართ სრულიად გულგრილი და საფრანგეთი მოქმედებას გეგმავს,"- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლორან ფაბიუსმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანელ კოლეგასთან ერთად განიხილავს ცალკეულ ოფიციალურ პირთა მიმართ სანქციების შემოღების საკითხს.

რუსეთის პოზიცია კი ევროპისაგან რადიკალურად განსხვავდება. ოთხშაბათს კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფარა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მოუწოდა უკრაინის ოპოზიციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. რუსეთის მხარე მოითხოვს, რომ ევრომაიდნის ლიდერებმა შეწყვიტონ სისხლისღვრა საკუთარ ქვეყანაში და ყოველგვარი მუქარისა და ულტიმატუმის გარეშე, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მედიასთან საუბარში.

ოპოზიციის აქტივისტებმა, ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების პასუხად, ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს დასავლეთ უკრაინის რიგ რაიონებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG