Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი თანამდებობას დატოვებს


ზუგდიდი
ზუგდიდი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 25-26 იანვარს ჩატარებული შიდა ატესტაციის შედეგები ცნობილია, მაგრამ რამდენი თანამშრომელი დატოვებს, საბოლოო ჯამში, თანამდებობას, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ და სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელმა კობა ქანთარიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ზეპირ ატესტაციაში მონაწილეობა სულ 33-მა საჯარო მოხელემ მიიღო. შედეგების მიხედვით, 10 თანამშრომელი სავსებით შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, 19 - ნაწილობრივ. ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურის დატოვების შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო 9 საჯარო მოხელემ, საიდანაც სამი გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 6 კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

დატოვებენ თუ არა თანამდებობას საჯარო მოხელეები, რომლებმაც ატესტაციის მიხედვით, ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი შედეგები უჩვენეს, კობა ქანთარიას განცხადებით, გადაწყვეტილებას ამის თაობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიიღებს. ამასთან, რწმუნებულის პირველი მოადგილის თქმით, ატესტაციის შედეგების მიხედვით, ცნობილია, რომ ამ კატეგორიაში მყოფი ცხრა საჯარო მოხელე კვალიფიკაციის ამაღლებას საჭიროებს:

„ვინც საჭიროებს კვალიფიკაციის გავლას, ის აპრიორი არ გათავისუფლებულა. კურსები იქნება და იქ გავაგზავნით ასეთ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ვინც ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ეს პიროვნებები, მათთვის ეს არის დატოვების საფუძველი და გათავისუფლების საფუძველიც. მხოლოდ ისინი თუ დატოვე, უნდა ჩამოაქვეითო“.

გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა ქანთარიას განმარტებით, ჯერჯერობით ყველა თანამშრომელი რჩება დაკავებულ თანამდებობაზე, რადგან მათ, კანონის მიხედვით, მუშაობის გაგრძელების ვადა 4 მარტამდე აქვთ.

ატესტაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ და თანამდებობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ლევან შონიას დანიშვნისთანავე დატოვა რამდენიმე სამსახურის უფროსმა.

აქედან სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი კახაბერ ჩანგელია და საფინანსო-სამეურნეო სამსახურის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი მალხაზ ციკუტანია, რომლებმაც თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ. ინტერნეტგამოცემა livepress.ge -ის ცნობით, საქმე საკრებულოში, რომლის თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, მათ უსამსახუროდ დარჩენიდან ერთ კვირაში შესთავაზეს.

კითხვაზე, იყო თუ არა საკრებულოში აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა თეიმურაზ ბასილაიამ Livepress.ge-ს განუცხადა, რომ ახალი თანამშრომლები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დარჩებიან კონკურსის გამოცხადებამდე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აპრილშია დაგეგმილი.

„მალხაზ ციკუტანია მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა სამეურნეო საკითხებში და კახაბერ ჩანგელია იმავე თანამდებობაზე დაინიშნა მხოლოდ სოციალურ სფეროში“.

სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი კახაბერ ჩანგელია თანამდებობის დატოვების მიზეზად ახალ ხელმძღვანელობას ასახელებს:

„ფაქტიურად იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მუშაობა არ შეიძლებოდა. ახლა ზეწოლა და ასეთი არ იყო, მაგრამ გესმით, რომ იქ უკვე სხვა სიტუაციებია“...

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომლების შერჩევას მარტში გეგმავენ. გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა ქანთარიას განცხადებით, საჯარო მოხელეებს კონკურსის წესით მიიღებენ.
XS
SM
MD
LG