Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ხარვეზები მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამაში


პირველი თებერვლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას“ იწყებს. გორის გამგეობამ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს უკვე მიწის მფლობელთა სიების დაზუსტება მოსთხოვა. წინასწარი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით 30 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. გორის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის განცხადებით, ფერმერთა სიების დაზუსტება აუცილებელია, რადგან გასულ წელს სოფლის მეურნეობის ბარათის გარეშე დაახლოებით 600 ბენეფიციარი დარჩა.

რაც შეეხება თვითონ პროგრამას, ბენეფიციარები იქნებიან ის ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ჰექტარი და 25 მეასედი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აქვთ და მათ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურებისთვის იყენებენ. ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, ორ კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა ოდენობის დახმარებას მიიღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მამუკა ლომსაძის განცხადებით, 50 ლარიან დახმარებას, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, 25 მეასედამდე მიწის მფლობელები მიიღებენ, ხოლო ჰექტარი და 25 მეასედის მფლობელები ჰექტარზე 140 ლარიანი დახმარებით და უფასო ხვნის პროგრამით ისარგებლებენ.

სიების დაზუსტებისას ის პირები, ვისაც ჰექტარსა და 25 მეასედზე მეტი მიწის ფართობი აქვს, პროგრამიდან ამოვარდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებას კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები პრეტენზიებით მიმართავენ. ღოღეთის მკვიდრს გულნარა ღვალაძეს ვერ გაუგია, სოფლის დახმარების პროგრამიდან რატომ ამოაგდეს, როცა ანალოგიური დახმარება შარშან უპრობლემოდ მიიღო. ღვალაძის თქმით, რუსეთის მესაზღვრეების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მისი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთიც მოექცა და არ ესმის, სახელმწიფო დახმარებას რატომ უწყვეტს.

ღოღეთელები ამბობენ, რომ ისედაც მავთულხლართებით შემოვლებულ სოფელში სახელმწიფო მეტ მზრუნველობას უნდა იჩენდეს. ფცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამაზ ბერუაშვილი ღოღეთელებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ სამთავრობო კომისია მათ საკითხს მალე განიხილავს.

ღოღეთში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც ღოღეთელები საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. ციხელაშვილი მათ ჰპირდება, რომ მთავრობა ყველა პრობლემატურ საკითხს - მათ შორის, სიებიდან ამოვარდნილი და მიწის გარეშე დარჩენილი პირების პრობლემას - ახლო მომავალში მოაგვარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი, საქართველოს მასშტაბით, 90 მილიონ ლარს შეადგენს, რითაც დაახლოებით 800 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი“ აგვისტოში დასრულდება.
XS
SM
MD
LG