Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენება სიცოცხლის ფასად


საქართველოში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედებაში ადანაშაულებენ. საუბარია 36 წლის მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიების გაჭიანურებაზე. წინასწარი ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს, ხოლო 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის მეუღლის მტკიცებით, მამუკა მიქაუტაძეს მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

„ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით. მამუკა მიქაუტაძე“ - ასე სრულდება პოლიციის განყოფილებაში შედგენილი თითქმის ორგვერდიანი დაკითხვის ოქმი, რომელიც 5 ივლისით არის დათარიღებული და რომლის მიხედვითაც ავტოსადგომზე მყოფ მამუკა მიქაუტაძისათვის მეგობარს, გელა მანჯავიძეს, ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა, შეუთავაზებია. დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ:

„გელას მანამდე არასდროს მოუტანია ჩემთან ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. თუმცა მან იცოდა, რომ მე დროდადრო მოვიხმარდი ხოლმე აღნიშნულს და, ჩემი მოსაზრებით, სწორედ იმიტომ მოიტანა, რომ ჩემთვის მოეცა იგი. დასმულ შეკითხვაზე მოგახსენებთ, რომ მე დაახლოებით 10 დღის წინ მოვიხმარე მარიხუანა, რომელიც ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მომცა. მისი არც ვინაობა ვიცი და არც მისამართი. იგი ვნახე პირველად და მას შემდეგ აღარც მინახავს".

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამგვარი ჩვენება მამუკა მიქაუტაძეს ნებაყოფლობით მიეცა:

ადვოკატს არ მისცეს საშუალება, რომ შეხვედროდა დაკავებულს. არ მისცეს ამის საშუალება არც გელა მანჯავიძეს, რომელიც არის ამ საქმეში მონაწილე მეორე პერსონა და არც აწ უკვე გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძეს. ადვოკატი ელოდებოდა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გარეთ, ორდერით ხელში...
გიორგი მშვენიერაძე
“ნებაყოფლობით ადამიანი საკუთარი მეგობრისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს. არადა, ამ ჩვენებაში წერია, რომ გელა მანჯავიძე მივიდა მამუკა მიქაუტაძესთან ავტომობილით, რომელშიც იმყოფებოდა მისთვის (მიქაუტაძისათვის) უცნობი ორი ქალი და ამ ქალების თანდასწრებით ამოიღო მარიხუანა და უთხრა (გელამ მამუკას), რომ ეს არის მარიხუანა და შენ მოგიტანეო. ცოტა დაუჯერებელია, რომ ასე საჯაროდ, უცხო ადამიანების თანადასწრებით, გახსნილად საუბრობდნენ იმაზე, რომ ერთმა მეორეს ჩამოუტანა ნარკოტიკული საშუალება“.

ახალგაზრდა იურისტების მსგავსად, კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ - გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია, ხოლო პოლიციის ქცევა აფიქრებინებს, რომ მამუკა მიქაუტაძე გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რამაც იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა:

„ადვოკატს არ მისცეს საშუალება, რომ შეხვედროდა დაკავებულს. არ მისცეს ამის საშუალება არც გელა მანჯავიძეს, რომელიც არის ამ საქმეში მონაწილე მეორე პერსონა და არც აწ უკვე გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძეს. ადვოკატი ელოდებოდა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გარეთ, ორდერით ხელში, და გამომძიებელი მასთან კომუნიკაციას გაურბოდა და სწორედ ამ დროს ხდებოდა გარკვეული ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების განხორციელება“.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ პოლიციის შენობიდან გამოსულ მამუკა მიქაუტაძეს მეუღლისთვისაც უთქვამს. ზიზი ეძგვერაძის თქმით, მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს და ამის გამო თავის მოკვლას აპირებდა. მამუკა მიქაუტაძის საქმეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც სწავლობს:

გელა ხვედელიძის მაგალითი აჩვენებს, რომ შს სამინისტროში თვითონ მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ებრძოლოს დაუსჯელობის სინდრომს...
თეა წულუკიანი
„ჩვენ დღეიდან დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. მას შემდეგ, რაც გვექნება დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია, გავაკეთებთ განცხადებას, თუმცა უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ არის სერიოზული დარღვევები საქმეში, რაც ცალსახად ჩანს ამ ეტაპზეც. ამიტომ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის უახლოესი თვეების განმავლობაში“.

სახალხო დამცველის გარდა, მამუკა მიქაუტაძის საქმის გამოძიებას ასევე ყურადღებით აკვირდება იუსტიციის მინისტრიც. თეა წულუკიანი საზოგადოებას ურჩევს მოთმინებით აღიჭურვოს და გამოძიების დასრულებას დაელოდოს:

„გელა ხვედელიძის მაგალითი აჩვენებს, რომ შს სამინისტროში თვითონ მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ებრძოლოს დაუსჯელობის სინდრომს და, რა თქმა უნდა, ყველამ ჩვენ ვიცით, რომ მიქაუტაძის საქმეზე რა შედეგიც დაიდება (თუკი აღმოჩნდა, რომ ვინმე არის დამნაშავე), ამისდა მიხედვით გამყარდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დაიკითხა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის 8 თანამშრომელი. ასევე გამოკითხული არიან მამუკა მიქაუტაძის მეგობრები და მისი თანამშრომლები. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე თანამშრომლების და სხვა პირების მიმართ. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომლის პასუხსაც ველოდებით 9 ივლისისათვის“, უთხრა ნინო გიორგობიანმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG