Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხატვის შეზღუდული თავისუფლება


17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ თანამოაზრეებს ორი კვირით ადრე დაანონსებული მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, ასევე მიმდებარე ქუჩებში მობილიზებულმა სამღვდელოებამ და ხალხმა, რომლებიც თავის თავს უზნეობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებად გვაცნობდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს დაედევნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ცდილობდა ისინი საგანგებოდ მობილიზებული ავტობუსებით გაერიდებინა ტერიტორიიდან, ხალხის მასამ მაინც შეძლო რამდენიმე ავტობუსისათვის ალყის შემორტყმა და ფანჯრების ჩალეწვა. ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები 17 მაისს მომხდარ ფაქტს აფასებენ როგორც ჰომოფობიის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ გამოხატულებას ბოლო წლების განმავლობაში.

17 მაისის აქციის კულმინაცია ლგბტ აქტივისტებით სავსე მიკროავტობუსისათვის ქვების დაშენა იყო. მიკროავტობუსში თავმოყრილ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პოლიციის დახმარებით ცდილობენ გაერიდონ ჯვრებით, დროშებით, ხატებით ხელში თავიანთ ასობით მოწინააღმდეგეს, ქვებს უშენენ. მიკროავტობუსის ფანჯრები ჩამსხვრეულია. ხალხის გაავებული მასა ყვირის, ილანძღება და ერთმანეთს მათი ჩაქოლვისაკენ მოუწოდებს. ”ეს გარყვნილები”, „არ გაატაროთ, სცემეთ!” - ისმის მსგავსი შინაარსის შეძახილები. პოლიცია ცდილობს როგორმე მიკროავტობუსი სამშვიდობოს გაიყვანოს.

ვითარების დაძაბვამდე ლგბტ თემის წარმომადგენლები და აქციაში მონაწილე აქტივისტები თავისუფლების მოედანზე, სკვერში იყვნენ თავმოყრილები. ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი და აქტივისტი მაგდა კალანდაძე გვეუბნება, რომ როდესაც ათი ათასი ადამიანი ოცდაათის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის, ეს ფაქტი ჰომოფობიის ფარგლებს სცდება:

ეს არის პროტესტი უზნეობის წინააღმდეგ და საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც არ შეიძლება ეს უზნეობა აღმოცენდეს. ჩვენ ყველანაირი აგრესიის გარეშე გამოვედით ჩვენი პოზიციის გამოსახატად...
მღვდელი შიო
”ეს უკვე სხვა რამეა, სისხლი გწყურია და გინდა შენზე დაჩაგრულის ყურება.
ჰომოფობია კი, რის გასაპროტესტებლადაც აქ მოვედით, არის ძალიან ცუდი მოვლენა, ის, რასაც უნდა ებრძოლო, სანამ შეგიძლია, ხოლო ის, რომ საქართველოში გაცილებით მწვავედ დგას ეს პრობლემა, ამის დასტურია დღევანდელი დღე და ამის დასტურია შარშანდელი 17 მაისი, როდესაც ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩემი მოტივაცია კი ის არის, რომ ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა და მისი უფლება უნდა იყოს დაცული და ამას, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იცავდეს”.

თორმეტი საათისათვის რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გადაკეტილი იყო. წინ სამღვდელოება, მათ უკან ხალხი და სამღვდელოების წინ პოლიციის კორდონი იდგა. მღვდელი შიო, რომელსაც რადიო თავისუფლება გაესაუბრა, აცხადებდა, რომ ისინი ძალადობის წინააღმდეგნი იყვნენ და, უბრალოდ, უზნეობას აპროტესტებდნენ:

”ეს არის პროტესტი უზნეობის წინააღმდეგ და საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც არ შეიძლება ეს უზნეობა აღმოცენდეს. ჩვენ ყველანაირი აგრესიის გარეშე გამოვედით ჩვენი პოზიციის გამოსახატად”.

ცოტა მოშორებით, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, მამა ბასილ მკალავიშვილის მრევლს მოეყარა თავი. სხვების მსგავსად, ეთერ ლაბაძესაც ხელში გაზეთშემოხვეული ჭინჭარი უჭირავს. ის თავის თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დგას, ჭინჭრის რევოლუციით იმუქრება:

”ჭინჭარი უნდა ყველა არამართლმადიდებელს და, მით უმეტეს, მამათმავლებს. ამით კი იმას გამოვხატავ, რომ ფეხებში უნდა მოვცხო. რატომ და მართლმადიდებლურია ჭინჭარი და არა ტყვია. არ არის საჭირო ახალგაზრდობის გარყვნა და თუ ასეთია, იყოს თავისთვის, დამალული”.

მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოება და მათ გარშემო შეკრებილი ადამიანები მედიასთან აცხადებდნენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ, დღის პირველი საათისათვის მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა. ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ასეულობით ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია და თავისუფლების მოედანზე, სკვერში შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანისკენ დაიძრა.

ცდილობდნენ შიგნით შემოსულიყვნენ, მინებს უბრახუნებდნენ. საბოლოო ჯამში, მინები მაინც ჩაამსხვრიეს. ვცდილობდით არ დავზიანებულიყავით და ძირითადად ძირს ვისხედით, მაგრამ ხანდახან მე და ნათია ვდგებოდით, რადგან კარს გლეჯდნენ და საფრთხე იყო, რომ ავტობუსში შემოსულიყვნენ და ჩვენ კი შიგნიდან კარს ვიჭერდით. მძღოლი იყო ძალიან დაბნეული, რამდენჯერმე კარი თავად გააღო და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ისინი შეგვეკავებინა...
თამთა მელაშვილი
ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი აქციის სხვა მონაწილე აქტივისტები პოლიციამ იქვე მობილიზებულ ავტობუსებში გაანაწილა.
ერთ-ერთი ყვითელი ავტობუსი, რომელშიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, აქციის მონაწილე ხუთი ქალი იჯდა, თავისუფლების მოედნიდან ლესელიძის ქუჩისკენ დაიძრა, რომ როგორმე ხალხის მასას მოშორებოდა, რაც საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. სხვადასხვა საგნებით, ჯოხის ტარებით თუ სკამებით შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ”ქრისტიანებად”, ”ქართველებად”, „მრევლად“, ”პატრიოტებად” წარადგენდნენ, ავტობუსს გარს შემოერტყნენ. ყველა ყვიროდა, ილანძღებოდა, გამეტებით უშენდნენ მუშტებს ავტობუსს და ცდილობდნენ შიგ შესვლას. ავტობუსის რამდენიმე ფანჯარა ჩაიმსხვრა. გარედან ვხედავდი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, თამთა მელაშვილს. დანარჩენები თავიდან არ ჩანდნენ, თავდაცვის მიზნით ავტობუსის იატაკზე ისხდნენ. ბოლოს, ავტობუსში სასულიერო პირი შევიდა. პოლიციის დახმარებით, დიდი მცდელობის შემდეგ, ავტობუსმა ხალხის მასა გაარღვია. თამთა მელაშვილს მოგვიანებით ტელეფონით დავუკავშირდი და ვკითხე, რა ხდებოდა შიგნით:

”ცდილობდნენ შიგნით შემოსულიყვნენ, მინებს უბრახუნებდნენ. საბოლოო ჯამში, მინები მაინც ჩაამსხვრიეს. ვცდილობდით არ დავზიანებულიყავით და ძირითადად ძირს ვისხედით, მაგრამ ხანდახან მე და ნათია ვდგებოდით, რადგან კარს გლეჯდნენ და საფრთხე იყო, რომ ავტობუსში შემოსულიყვნენ და ჩვენ კი შიგნიდან კარს ვიჭერდით. მძღოლი იყო ძალიან დაბნეული, რამდენჯერმე კარი თავად გააღო და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ისინი შეგვეკავებინა. გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ, ხელებს ურტყამდნენ მინებს და კარს და არ აძლევდნენ ავტობუსს გადაადგილების საშუალებას. წინა და უკანა მინები მაინც ჩაამსხვრიეს. საბოლოო ჯამში, ვინც ჩვენ, ეს ხუთი ადამიანი, გადაგვარჩინა, იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი. თავიდან რომ შემოვიდა, მე მეგონა... არ ვიცი, რა მეგონა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ გვიცავდა. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არა მგონია, რომ გადავრჩენილიყავით... გვკითხა, ჟურნალისტები ხართო? ერთ-ერთ ჩვენგანს კამერა ეჭირა. ჟურნალისტები ვეგონეთ. მაგრამ როცა გავცდით იმ ადგილს, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ აქციის მონაწილეები ვიყავით და ვკითხე კიდეც, ახლა ნანობთ-მეთქი ჩვენს გადარჩენას? გვიპასუხა, რომ არ ნანობდა. სულ ეს იყო”...

თამთა მელაშვილი ამბობს, რომ პოლიცია მათ დაცვას ცდილობდა, თუმცა იმ ადგილას პოლიციელები გაცილებით ნაკლები იყვნენ, ვიდრე ხალხი. ხოლო ის, რომ ის და მისი მეგობრები მაინც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გადაარჩინა, ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო, რადგან გარშემო, მისი თქმით, იყო გაცილებით მეტი აგრესიული ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირებიც.
საბოლოო დასკვნა კი, მისი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილის, ასეთია:

”დღეს მე მქონდა შეგრძნება, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც პოლიცია ბოლომდე ვერ მიცავს, სადაც მე ვერ მიცავს მთავრობა და სადაც ადამიანთა უმრავლესობა არის ფუნდამენტალისტი და ეს ბოლო ფაქტორი არის ჩემთვის ყველაზე დიდი საშინელება. გამოჩნდა, რომ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ უმცირესობა ხარ თუ განსხვავებული შეხედულებები გაქვს, შეუძლია ძალიან ადვილად, ქრისტიანობის და ზნეობის სახელით, მართლა მოგკლას, და ამ საფრთხის წინაშე პირველად ცხოვრებაში დღეს მართლა დავდექი”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG