Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჰაგნ ჩახალიანის ამნისტია-თავისუფლება


ვაჰაგნ ჩახალიანი (შუაში)
ვაჰაგნ ჩახალიანი (შუაში)
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე განხორციელებული ამნისტიის აქტის შესაბამისად, 24 იანვარს საპატიმრო დატოვა მოქალაქე ვაჰაგნ ჩახალიანმა, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უწოდეს. მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2009 წელს დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით. კერძოდ, ბრალდებული იყო მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობაში, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენაში და ხულიგნობაში.

ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას პირველი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა. მის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ვაჰაგნ ჩახალიანი ბოლო წლებში ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი და 2003-2008 წლებში საქართველოს გაძლიერებისა და ქვეყნიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ლიდერი იყო. ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი არის ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი და რუსეთის დაზვერვის მთავარი და დაუფარავი ემისარი საქართველოში. კიდევ უფრო დააკონკრეტა ვაჰაგნ ჩახალიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

”ეს ადამიანი არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში. ის მუშაობდა წლების განმავლობაში რუსეთის გრუს რეზიდენტურასთან, მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, მან დაარბია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მან დაარბია ქართული პოლიცია ახალქალაქში. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და ის ეწინააღმდეგებოდა რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან“.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად თვლის და მას მძიმე შეცდომად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის თხოვნით გაათავისუფლეს. ის, რომ გარეგინ მეორის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის დროს ეს საკითხი მართლაც დაისვა, არც ბიძინა ივანიშვილმა უარყო:

”პატრიარქმა, სასომხეთის კათალიკოს-პატრიარქმა და ჩემი პოზიცია იქაც უნდა გენახათ. ალბათ, ჩანაწერებიც არსებობს. ის, რაც მე არ მეხება, როგორც წესი, მე არ ვეხები. მე არ განვსაზღვრავ არც პატიმრების გათავისუფლებას და არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მივუთითებ. იქაც ეს კარგი მაგალითი იყო. მე დამისვეს შეკითხვა, იმწუთში გადავამისამართე და მე პასუხი არ გამიცია. მე არა ვარ კომპეტენტური-მეთქი ვუპასუხე და იქ რაღაც პასუხი გასცეს. უპასუხა სოზარმა. სოზარ სუბარი იყო. მე მგონი, რაღაც იცოდა ამის შესახებ და პასუხიც გასცა. და არც მახსოვს, სხვათა შორის, რაზე იყო საუბარი”, განმარტა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, ვინ არის ჩახალიანი.

”ინფორმირებულია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოსგან, და მე ვიცი, რომ სხვა ინფორმაციებიც ჰქონდა. თვითონ ინფორმირებული იყო, თუ ვინ არის ჩახალიანი, რა არის გაკეთებული, რა ზიანი მოუტანა და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსათვის”, ამბობს ვანო მერაბიშვილი.

ვაჰაგნ ჩახალიანის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი, შენიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პარლამენტს განაჩენის გადასინჯვისათვის უკანონო განაჩენების გადამსინჯავი კომისიის შექმნისთანავე მიმართავს. ვაჰაგნ ჩახალიანი, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ინიციატივით, პოლიტპატიმართა სიაშიც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, იგი ამ სიაში აღარ აღმოჩნდა. ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრძოლის გაგრძელებას ამ მიმართულებითაც გეგმავს:

”ჩემ მიერ იქნა წარდგენილი განცხადება პარლამენტში წინა კვირას, მისგან გამოვიტანე ეს განცხადება, სადაც იგი ითხოვს, რომ ვინაიდან ვერ მოხვდა პირველ სიაში, განიხილონ იმ 80 კაციან სიაში, რომელიც შემდგომ კვლავ განიხილებოდა”.

დაბოლოს, ჩვენ დავუკავშირდით თავად ვაჰაგნ ჩახალიანსაც, რომელმაც გვითხრა;

”0,001 პროცენტით მაინც რომ ყოფილიყო ან სეპარატიზმი, ან შეიარაღებული ჯგუფის ფორმირება, დამიჯერეთ, დიდი ხნის წინ სწორედ ამ მუხლებით გამასამართლებდნენ. ახალქალაქელი სომხების სეპარატიზმში დადანაშაულება უკვე ჩვევად ექცათ. ვინც ხელისუფლებას არ მოსწონს, პირდაპირ სეპარატისტს უწოდებს. უმრავლესობა, რომელმაც არ იცის აქ რა ხდება, ადვილია მოატყუო, თითქოს სეპარატისტებს ავტონომია და დამოუკიდებლობა უნდათ. ფაქტები სად არის, სად არის ფაქტები?“

ვაჰაგნ ჩახალიანი ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლებით იყო მსჯავრდებული. მას ბრალი ედებოდა მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობაში, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენასა და ხულიგნობაში.
XS
SM
MD
LG