Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ურთიერთბრალდებები გორში


გორი
გორი
დღე ისე არ გავა, რომ რომელიმე ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლაზე განცხადება არ გააკეთონ. გორში ჯერჯერობით ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. დაიძაბა კრიმინოგენური ვითარება და კოალიციის ლიდერებმა პასუხისმგებლობა ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნებს დააკისრეს. გარდა ამისა, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციისთვის ემზადება. მისი თქმით, კოორდინატორებს „ქართული ოცნების“ სახელით ფულს გამოსძალავენ და ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იდგებიან.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები დაიბარეს და უთხრეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მათთან მივლენ შავბნელი წარსულის მქონე ადამიანები, მოსთხოვენ ფულს, შემდგომ ამ თანხას თვითონ ნაციონალები გადაუხდიან ამ კოორდინატორებს და ესენი გადასცემენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფორმით ცდილობენ ვითომ გამოძალვას. ამ ფაქტებს მერე საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ. ეს სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ აჩვენონ, თუ როგორ დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებიან დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. ეს არის ფანდი და მე ამის დადასტურებას შევძლებ, რომ შეგნებულად ხდება ეს ყოველივე და შეგნებულად უნდათ, რომ ჩირქი მოსცხონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – ამბობს ვახტანგაშვილი.
ეს უკვე ნამეტანია, რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაც პროვოკაციები, უკვე მართლა ნამეტანია. თუ სადმე რამე ხდება, ეს არის თვითშემოქმედება ...
ზვიად ხმალაძე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ხმალაძე, აცხადებს, რომ არც საკრებულოს წევრების და არც მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიმართ მუქარის და ზეწოლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. იგი ვახტანგაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ პროვოკაციას არ გეგმავს:

„ეს უკვე ნამეტანია, რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაც პროვოკაციები, უკვე მართლა ნამეტანია. თუ სადმე რამე ხდება, ეს არის თვითშემოქმედება, ამაში დარწმუნებული ვარ. გორში მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, ვალდებულია თავისი მხარდამჭერები როგორღაც გააკონტროლოს.“

კვირის ბოლოს გორის მე-4 საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნები გაიმართება. უბანი იმის გამო ჩაიშალა, რომ პოლიციამ უბნის დოკუმენტაცია 1 ოქტომბრის ღამეს განყოფილებაში დაულუქავად წაიღო. ნაციონალებმა ხმების მოპარვაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს, ოპოზიცია კი ხელს ნაციონალებისკენ იშვერს და აცხადებს, რომ არჩევნების ჩაშლა, რომელიც უკვე მოგებული ჰქონდათ, მათ ინტერესში არ შედიოდა.
XS
SM
MD
LG