Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოვთქვათ პროტესტი ეკლესიის წინააღმდეგ, ანუ „პუსი რაიოტის“ ნიუიორკელი წინამორბედები


„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში
„პუსი რაიოტი“ სასამართლოს დარბაზში
რუსეთის პანკჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრებმა საქვეყნოდ გაითქვეს სახელი იმით, რომ მოსკოვში მაცხოვრის ეკლესიაში შევიდნენ და ღვთისმშობლის მიმართ გალობა აღავლინეს: „ღვთისმშობელო, გვიხსენ პუტინისგანო“. „პუსი რაიოტს“ აშშ-ში ჰყავდა წინამორბედი, სოციალური მოძრაობის სახით. მისი წევრები გაგანია მესის დროს შეიჭრნენ ნიუ იორკის კათოლიკურ ეკლესიაში, როცა იქ კარდინალი წირავდა. თავიდანვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ნიუ ორკში 1980-იან წლებში - იმუნოდეფიციტური სინდრომის, შიდსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დროს - მოძრაობა Act Up-ი სისტემას ან პრეზიდენტს არ ებრძოდა. მისი წევრების სამიზნე იყო კათოლიკური ეკლესია, რომელიც პრეზერვატივების მოხმარების წინააღმდეგი იყო და არ აღიარებდა ჰომოსექსუალების უფლებებს, ასევე უარყოფდა აბორტს. ეკლესიის პოზიცია კი გავლენას ახდენდა მასაზე და, შესაბამისად, პოლიტიკურ მიდგომაზეც. ამის შეცვლა სურდა Act Up-ს, რომელიც, ერთი მხრივ, შემოკლებაა წინადადებისა - „ძალის გამოთავისუფლების შიდსის კოალიცია“ და, ამავე დროს, ინგლისურად არევას, ცუდად მოქცევასაც ნიშნავს. ნიუ იორკის კათოლიკურ წმინდა პატრიკის ეკლესიაში 1989 წლის ათ დეკემბერს მთავარეპისკოპოსი ჯონ კარდინალი ო’კონორი, ტიტულოვანი სასულიერო პირი, წირავდა. გარეთ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი გამოწყობილი იყვნენ ზოგი მასხარის, ზოგი კათოლიკე სასულიერო პირის სამოსში, ზოგიც იესო ქრისტეს განასახიერებდა. მათი მოთხოვნა უკიდურესად სერიოზული იყო. შიდსის ვირუსმა იმ პერიოდისთვის უკვე 40 ათასი ამერიკელი იმსხვერპლა. ის, რომ კათოლიკური ეკლესია პრეზერვატივის მოხმარების წინააღმდეგ გამოდიოდა, ბევრი ამერიკელისთვის, ირიბად მაინც, ამ მასობრივი სიკვდილის მიზეზი იყო. საპროტესტო მოძრაობის წევრი კინორეჟისორი ჯიმ ჰაბარდი ასე იხსენებს იმ დღეს:

„ძალიან ცივი დღე იყო, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოსახატად ეკლესიის გარეთ მაინც შვიდი ათასამდე ადამიანი მივიდა. მღელვარე დღე იყო. ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ მართლაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ცდა, შეგვეცვალა პოლიტიკური მიდგომა ნიუ იორკში შიდსთან დაკავშირებული კრიზისისადმი.“
პოლიცია კარგად იყო გაწვრთნილი და მშვიდად მოქმედებდა - იცოდა, როგორ დაეკავებინა ხალხი, მიეყვანა ისინი მანქანებთან და წაეყვანა პოლიციაში ოქმის შესადგენად. ჩვენ ბრალად წაგვიყენეს შენობაში ძალადობრივი შეჭრა ...
მაიკლ პეტრელისი

ეკლესიასთან აქცია პირველი არ იყო. მანამდე გამოსვლები შედგა საავადმყოფოებთან, უოლ სტრიტზე, ნიუ იორკის ცენტრში, ასევე ნარკომანიის ფედერალური უწყების შენობასთან. მაგრამ რაც ეკლესიის აქციას მოჰყვა, უპრეცედენტო იყო. როგორც გითხარით, წირავდა კარდინალი ო’კონორი. კვირა დილის ლოცვა კათოლიკეთათვის წმიდათაწმიდა მომენტია. ამ დროს კი ეკლესიაში ქაოსი დაიწყო. მაიკლ პეტრელისიც აქციის მონაწილე იყო:

„მოძრაობა Act Up-ის წევრები და ფემინისტების წარმომადგენლები ცდილობდნენ ხმამაღლა წაეკითხათ მოთხოვნების ნუსხა. მორწმუნეები თავიანთ ლოცვებს ამბობდნენ. პროტესტის სხვა მონაწილეები ძირს დაწვნენ და გასასვლელები ჩახერგეს. ეკლესიის მომსახურე პერსონალი ცდილობდა მორწმუნეთათვის ეკლესიის განცხადება ჩამოერიგებინა. მე კი სკამზე შევდექი და სასტვენით სტვენა დავიწყე.“

პეტრელისთან ამ დროს მივიდა პოლიციელი, რომელმაც თავაზიანად სთხოვა ჩამოსულიყო სკამიდან და დამჯდარიყო. პეტრელისი მას დაემორჩილა, მაგრამ მოშორდა თუ არა პოლიციელი, კვლავ სკამზე შედგა და პირდაპირ მიმართა კარდინალს ხმამაღალი მოწოდებით:

„შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა!“ პეტრელისი მთელი ხმით გაჰყვიროდა: „შეწყვიტეთ ჩვენი ხოცვა!“. ეკლესიაში ამ დროს პოლიციის რაზმები შევიდნენ და ხალხის დაპატიმრება დაიწყეს. პოლიციელებს საკაცეებით გაჰყავდათ ძირს მწოლიარე ადამიანები, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.

„ეკლესიაში მყოფი პროტესტის მონაწილეების აღვირახსნილობისა და ბრაზის მიუხედავად, პოლიცია კარგად იყო გაწვრთნილი და მშვიდად მოქმედებდა - იცოდა, როგორ დაეკავებინა ხალხი, მიეყვანა ისინი მანქანებთან და წაეყვანა პოლიციაში ოქმის შესადგენად. ჩვენ ბრალად წაგვიყენეს შენობაში ძალადობრივი შეჭრა. საღამომდე ყველა გაგვათავისუფლეს.“

ვითარება იმან გაართულა, რომ ამ ქაოსში საპროტესო აქციის მონაწილეებმა ვერც კი შენიშნეს, რომ მესა გრძელდებოდა. პეტრელისი აღიარებს:

„ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ დროს თურმე ღვთისმსახურება გრძელდებოდა და ზიარების დრო დამდგარიყო. მლოცველები და საპროტესტო აქციის მონაწილეებიც მივიდნენ საკურთხეველთან სეფისკვერის მისაღებად. Act Up-ის ერთმა წევრმა, რომელმაც ის-ის იყო მიიღო სეფისკვერი მთავარეპისკოპოს ო’კონორის ხელიდან, ხმამაღლა გამოაცხადა, მე თქვენ სწავლებას არ ვეთანხმებიო, და სეფისკვერი დაფშვნა. ნამცეცები ძირს დაიყარა, მღვდლის მოსამსახურე ძირს დაიხარა და სეფისკვერის ნაფხვენების შეგროვება დაიწყო.“

ეკლესიამ ეს აქტი შეაფასა როგორც კათოლიკეებზე თავდასხმა. კარდინალი სიკვდილამდე თავისი პოზიციის ერთგული დარჩა. წმინდა პატრიკის ეკლესიაში ეს აქტი დაიგმო ამერიკის საზოგადოებაში, დაგმო ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, ასევე არაერთმა გაზეთმა. აქტი შეფასდა როგორც აღმსარებლობაზე თავდასხმა. ჯეფ სტოუნი, გეი, კათოლიკეების ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. მისი ჯგუფი წლების განმავლობაში ცდილობდა ეკლესია მშვიდობიანი გზებით დაერწმუნებინა, რომ შეეცვალა პოლიტიკა:

მაშინ არ ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ეკლესიაში შეჭრას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეკლესიაში შეჭრამ და კარდინალთან დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. მოძრაობა Act Up-ი ყურადღების ცენტრში მოექცა ...
ჯიმ ჰაბარდი

„ამ ქვეყნის კანონმდებლობით, ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლა, ცხადია, ისჯება. და, ალბათ, არავის ეეჭვება, რომ ეს სწორია. ისმის კითხვა: როგორ უნდა გამოთქვა პროტესტი ეკლესიის ქმედების წინააღმდეგ და, ამავე დროს, პატივი სცე მორწმუნეებს, ასევე რელიგიური ლიდერების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე?“

Act Up-ის აქტიურობამ შედეგი გამოიღო. უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან იმუნოდეფიციტური ვირუსის მატარებლებს და შიდსით დაავადებულებს კანონი იცავს დისკრიმინაციისგან, მთავრობამ შეიმუშავა შიდსის დაძლევის საგანგებო პოლიტიკა, რისი მეოხებითაც მილიონობით დოლარი გამოიყო ამ ვირუსის დაძლევის მიზნით კვლევის გასავითარებლად. ეკლესიის პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ კარდინალს იმასაც უფასებენ, რომ ნიუ იორკში შიდსით დაავადებულები მოინახულა. კათოლიკური ეკლესიის საავადმყოფოებს შიდსის საგანგებო პროგრამა აქვთ და, ალბათ, შეიცვალა ამერიკელების დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის მიმართ. ეკლესია აღარ იყო ხელშეუხებელი. ეს არის, რისი დაძლევაც ახლა მართლმადიდებლებს სჭირდებათ რუსეთში. პანკ-პარაკლისის ავტორებს, „პუსი რაიოტის“ წევრებს, რამდენიმეწლიანი ციხე ელით ხულიგნობისა და ქრისტიანობის მიმართ უპატივცემულობის ღიად გამოხატვისთვის. პუტინის რუსეთში ეკლესია კვლავ ხელშეუხებელია, მაგრამ, აი, რას ამბობს, კინორეჟისორი ჰაბარდი, რომელმაც ნიუ იორკის ამბებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „გაერთიანებული ბრაზი“:

„მაშინ არ ვიცოდი, რა მოჰყვებოდა ეკლესიაში შეჭრას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეკლესიაში შეჭრამ და კარდინალთან დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. მოძრაობა Act Up-ი ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი დახმარებით, კრიზისი იმ დონემდე მივიდა, რომ მთავრობა და მედია მიხვდნენ, რომ ზომები უნდა მიეღოთ.“

„პუსი რაიოტის“ წევრებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია, რომ ეკლესია ფარისევლურია, რომ ციხე - ეს მინიატურული რუსეთია. მათ გერმანიის ბუნდესტაგის 120-მა დეპუტატმა მხარდაჭერა გამოუცხადა. „პუსი რაიოტს“ პოპმომღერალი მადონაც სოლიდარობას უცხადებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG