Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიგოევის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები


გუშინ, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა ერგნეთის ბაზრობის შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, მაგრამ დაახლოებით ორ საათში, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ, მან პოზიცია შეცვალა და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა. პირველი განცხადების მიხედვით, ოსურ მხარეს ერგნეთის ბაზრობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და, თუ შესაბამის დავალებას მიიღებს და ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ჩიგოევი საკითხს მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს.

როგორც ქართველმა, ისე ოსმა ჟურნალისტებმა ყველაფერი ისე გაიგეს, როგორც ითქვა. ოსურ ინტერნეტგამოცემა ოსრადიოზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „მერაბ ჩიგოევმა ერგნეთის ბაზრის გახსნის იდეას მხარი დაუჭირა“, ამ სტატიის ქვეშ გახსნილ კომენტარებში კი დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად დანიშნული გენერალური პროკურორი კომენტატორების ნაწილმა მოღალატედ გამოაცხადა და მისი იმპიჩმენტიც კი მოითხოვა. უკვე საღამოს ჩიგოევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში პოზიცია რადიკალურად შეცვალა და განაცხადა, რომ ოსური მხარე დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბაზრობის გახსნას ეწინააღმდეგება.

ჩიგოევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბაზრობა ქართულ მხარესაა მოქცეული და მისი გახსნა ქართული მხარის პრეროგატივაა, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ის ტერიტორია, სადაც 2004 წლამდე ეს ბაზარი არსებობდა, ახლა რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშაა. სწორედ ბაზრობის შესასვლელთან მდებარეობს რუსული საგუშაგო. შესაბამისად, ქართული მხარე იქ ვერაფერს გახსნის. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გაიკვირვა, როცა შეხვედრის შემდეგ ჩიგოევის პირველი პოზიციის შესახებ შეიტყო.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ჩიგოევის მიერ ბაზრობის გახსნის იდეის გახმიანებას პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს და პოზიციის სწრაფადვე შეცვლას რუსების ზემოქმედებით ხსნის. მისი აზრით, რუსებს არ უნდათ, რომ ქართველებს და ოსებს შორის ურთიერთობა აღდგეს.

ერგნეთის ბაზრობის შესაძლო გახსნის საკითხი, როგორც კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მოსახლეობისთვის, ისე დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის აქტიური განხილვის თემად იქცა. ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ ბაზრობა არა მარტო კონფლიქტის ზონის ეკონომიურ მდგომარეობას გამოასწორებდა, არამედ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანების დაახლოებასაც ხელს შეუწობდა.

ცხინვალის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ აზრს იზიარებენ - ქართველ კოლეგებთან შეხვედრების დროს მათ არაერთხელ დაუყენებიათ გზების გახსნის, როგორც ჰუმანიტარული მნიშვნელობის, საკითხი, თუმცა ცხინვალში არიან ისეთებიც, ვისთვისაც ამ თემზე საუბარიც კი მიუღებელია. როკის გვირაბის დაკეტვის შემდეგ ადგილობრივი ეკონომისტები შემოდგომიდან პროდუქტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ, რადგან მცირე გამტარობის სავენტილაციო გვირაბი ადგილობრივი ბაზრის შესავსებად დიდ პრობლემებს შექმნის, რაც დეფიციტს გამოიწვევს, ეს ვითარება კი 3 წელიწადს გაგრძელდება, ვიდრე როკის გვირაბის სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება. ამიტომ ყველაზე მეტად ამ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენით ორივე მხარეს ახლა რიგითი ადამიანები არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთის ბაზრობა 2004 წლის ზაფხულში დაკეტეს. მას შემდეგ ვითარება სულ უფრო მწვავდებოდა და, ბოლოს, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG