Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაუზღვეველი და გადაყრილი მოსავალი


საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ სოფლად მცხოვრებთა დიდი ნაწილი ისევ დაუზღვეველია. ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ისინი სამედიცინო პოლისებით სარგებლობენ, მაგრამ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ჯანდაცვა ისევ ხელმიუწვდომელია. მძიმე ვითარებაა კონფლიქტის ზონის სოფლებში, სადაც მოსავლიანობა ნაკლებია, მოსახლეობის სოციალური ყოფა კი ყოველდღიურად მძიმდება. გლეხებმა არც მოსავლის დაზღვევის შესახებ იციან რამე. ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ზონის ყველა მცხოვრებს მთავრობამ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა მიანიჭოს და ამ ხალხმა სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათებით უნდა ისარგებლოს.

წელს გორის რაიონის სოფლებში, წინა წლებისგან განსხვავებით, უკეთესი მოსავალი მოვიდა, მაგრამ გლეხებმა ბაზარი ვერ მოიძიეს და ახლა გაფუჭებულ ხილ–ბოსტნეულს საქონელს აჭმევენ. ვაის გავეყარე უის შევეყარეო – ახლა გლეხების საქმე ასეა. წინა წლებში გვალვის და სარწყავი წყლის უქონლობის გამო მოსავალი საერთოდ არ მოდიოდა, შარშან კი მოსავალი მოვიდა, მაგრამ გადასაყრელი გახდა. ახალი მემარჯვენეები გამოდიან ინიციატივით, რომ გლეხების დაზღვევაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს და ამით სოფლის განვითარებას ხელი შეუწყოს. გარდა ამისა, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძე მიიჩნევს, რომ ბანკებმა სოფლის მეურნეობისთვის შეღავათიანი კრედიტი უნდა გასცენ, ამის შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიებმა მოსავლის და ფასების დაზღვევა დაიწყონ.

ახლა ბანკები, მაღალი რისკების გამო, კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლებისთვის სესხებს ან საერთოდ არ გასცემენ, ან, თუ გასცემენ, მაღალი პროცენტით. შესაბამისად, რისკებს სადაზღვევო კომპანიებიც ერიდებიან. ექსპერტ თამარ ედიშერაშვილის აზრით, სახელმწიფომ ჯერ სუბსიდირებით უნდა გადაარჩინოს სოფლის მეურნეობა.

ერგნეთისკენ გზად მიმავლებს გორის რაიონის სოფლებში არ შეიძლება თვალში არ მოგხვდეთ ტონობით გადაყრილი კომბოსტო, რომელსაც სოფლის ნახირი თუ ეტანება. გლეხებმა შარშანდელი მოსავლის ნაწილი გადაყარეს, მაგრამ ახალი მოსავლის მოყვანას მაინც ცდილობენ. მათი აზრით, მთავარი პრობლემა ახლა გასაღების ბაზრების მოძიებაა და ამაში ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ. სოფლის მეურნეობის დაზღვევა კი მათ შორეულ პერსპექტივად ეჩვენებათ.
XS
SM
MD
LG