Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი პარლამენტში და ვერშემდგარი კენჭისყრა


გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში
12 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი წარდგა ყოველწლიური ანგარიშით ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”. მასშტაბური შრომისთვის ომბუდსმენს მადლობა არაერთგზის გადაუხადა როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, ასევე უმრავლესობამ. 645-გვერდიან დოკუმენტში თავმოყრილია 2011 წელს გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები და ასევე ზოგადი ტენდენციები ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული არაერთი მიმართულებით. ანგარიშის მოცულობითი ნაწილი ეძღვნება სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ პრობლემებს, რომლებიც ასახული იყო სახალხო დამცველის შარშანდელ ანგარიშშიც. შესაბამისი კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილებისა და ალტერნატიულ წინადადებათა პროექტებს.

მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ეჭვი შეიტანა ელექტრონული წესით გამოთვლილ შედეგში, სხდომათა დარბაზში დღის ბოლოს დარჩენილი დეპუტატების დათვლა პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მიანდო. დაახლოებით 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ კვორუმი მართლაც არ შედგა; იმ დეპუტატებს კი, რომელთა პულტებიც რეგისტრაციის დროს კოლეგებმა გამოიყენეს, რეგლამენტის თანახმად, თითო თვის ხელფასი დაექვითებათ.

თუ ჩვენ ახლა ყველას ერთად გვინდა და უმრავლესობა მზად ხართ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ მომავალ წელს დღევანდელთან შედარებით კიდევ ათჯერ ცუდი მდგომარეობა იყოს ...
გიორგი ახვლედიანი
ასეთი ვითარების გამო, 12 აპრილის სხდომაზე კენჭისყრა ვეღარ მოხერხდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის ”ცნობად მიღებას” გულისხმობს და ასევე კენჭისყრის გარეშე დარჩა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ შემუშავებული ალტერნატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ყველა ფაქტი, დამნაშავეთა დასჯის მიზნით, შესაბამისად უნდა იქნეს გამოძიებული. სახალხო დამცველის ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“, შარშანდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, წელსაც დააყენეს 2 მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეზე. მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს, სხვა საკითხებთან ერთად, მომავალ სასესიო კვირაში ეყრება კენჭი. ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის თქმით, თუკი ხსენებულ მინისტრებს წელსაც დაიცავს, სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უმრავლესობამ უნდა აიღოს:

”თუ ჩვენ ახლა ყველას ერთად გვინდა და უმრავლესობა მზად ხართ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ მომავალ წელს დღევანდელთან შედარებით კიდევ ათჯერ ცუდი მდგომარეობა იყოს, კი ბატონო, მაშინ ახლაც ამბრაზურასავით გადაეფარეთ ამ ორივე მინისტრს.”

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული მწვავე ფაქტების არსებობის მიუხედავად, უმრავლესობის წარმომადგენლები 12 აპრილის სხდომაზე მაინც ცდილობდნენ, რომ პრობლემები, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ჭრილში განეხილათ და კოლეგებს შეახსენებდნენ, რომ ადრე გაცილებით უარესად იყო საქმე და რომ რეფორმებმა არაერთი დადებითი შედეგი გამოიღო. უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გაიხსენა დრო, როცა ციხეებს ქურდები აკონტროლებდნენ:

”ის ქურდები რომ ჩაგრავდნენ, სცემდნენ, ფულს სძალავდნენ სხვა პატიმრებს, ეს არ გახსოვთ? ამ ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის რომ შემოდიოდა წამალი, ნარკოტიკული საშუალებები, სასმელები, სიგარეტი და ასე შემდეგ, რაც თავისთავად უკანონობაა, ხოლო სხვა პატიმრებისთვის არ შემოდიოდა და ისინი მშიერი იხოცებოდნენ, ეს იყო ადამიანის უფლებების დაცვა?! ეს იყო სამართლიანი სასჯელაღსრულების სისტემა?!”

პარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა
სახალხო დამცველის ანგარიში, ცხადია, ასეთ ფაქტებს არ მისტირის, თუმცა ჯერ კიდევ საკომიტეტო მოსმენის დროს გაირკვა და 12 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც დადასტურდა, რომ სახალხო დამცველის ყველაზე კრიტიკული შეფასებები სწორედ პენიტენციარულ სისტემაში შექმნილ მდგომარეობას და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქმიანობას უკავშირდება.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, პრობლემად რჩება პატიმრების მიმართ „არასათანადო მოპყრობა”, რაც ”საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“ და რაც დიდწილად წახალისებულია დაუსჯელობის სინდრომის საფუძველზე. ანგარიშის თანახმად, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, პენიტენციარული სისტემის წარმომადგენელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაისაჯა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ”ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დაფარვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე.”

პრობლემად რჩება საპატიმრო დაწესებულებების გადატვირთულობა: 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღირიცხებოდა 24 244 პატიმარი, მაშინ როცა ლიმიტი 23 630 ადგილს შეადგენდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში სწორედ გადატვირთულობის პრობლემა წარმოადგენს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველს. 2010 წლის მსგავსად, 2011 წელსაც შემაშფოთებლად რჩება სტატისტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების გარდაცალების ფაქტებთან დაკავშირებით. 2011 წელს აღრიცხულია პატიმართა გარდაცვალების 140 ფაქტი, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 142-ს შეადგენდა. პატიმართა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი, დაავადება, რომელის გავრცელებაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დიდწილად უკავშირდება საკნებში არსებულ არასათანადო პირობებს. სავალალო სიტუაციაა პატიმართა მკურნალობის თვალსაზრისითაც. სახალხო დამცველი არასაკმარის რესურსზე საუბრობს:
მართალია, სახელმწიფოს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი დაეშალა აქცია, მაგრამ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა შეიძლება არათანაზომიერად შეფასდეს ...
გიორგი ტუღუში

”ამის ნათელი მაგალითია სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანის დაყოვნება, მკურნალობისთვის ნაკლებად ეფექტური სამკურნალო საშუალებების გამოყენება, უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელება, როდესაც, სპეციალისტთა ნაკლებობის გამო, სხვა პროფილის ექიმს უწევს მისთვის არაპროფილური საქმიანობის შესრულება, რაშიც მას საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია. ზოგჯერ ექიმის მოვალეობას შესაბამისი განათლების მქონე მსჯავრდებულებიც კი ასრულებენ - მაგალითად, ქსანში და რუსთავის მე-16 დაწესებულებაში.”

ანგარიშში ასახულია სამართალდამცველი ორგანოების მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი, მათ შორის არის ღირსების შემლახველი მოპყრობა და ძალის არაპროპორციული გამოყენება. ამ კუთხით, ომბუდსმენის მიერ საგანგებოდ აღინიშნება 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტი:

”ჩემ მიერ არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, მართალია, სახელმწიფოს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი დაეშალა აქცია, მაგრამ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა შეიძლება არათანაზომიერად შეფასდეს. ასევე დაფიქსირდა, და ამ ანგარიშშიც აისახა, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ბრალდებულთა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდებოდა დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც.”

სახალხო დამცველი პროკურატურას 26 მაისის აქციასთან დაკავშირებული კონკრეტული საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათ შორის აღინიშნება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები. სახალხო დამცველისთვის არასაკმარისია რამდენიმე სამართალდამცველის და ისიც მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯა, მაშინ როცა რიგი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ანგარიშში ასახულია, მაგალითად, 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის ფაქტი, რომელიც, გამონაკლისის სახით, სახალხო დამცველის შარშანდელ ანგარიშშიც მოხვდა.

სახალხო დამცველის ანგარიში ასევე შეეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და, შესაბამისად, ფართოდ მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში.

დადებით კონტექსტში განხილულ მოვლენებს შორის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2011 წელს „მკვეთრად შემცირდა“ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევები და 2011 წელს სახალხო დამცველის აპარატისთვის არავის მიუმართავს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის განცხადებით. ანგარიში სასამართლო სისტემაში მიმდინარე გარკვეულ წარმატებულ რეფორმებსაც უსვამს ხაზს, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების არასათანადოდ დასაბუთება.

სახალხო დამცველის ძირითად გამოსვლას პარლამენტის 12 აპრილის სხდომაზე მოჰყვა დებატები, შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები და სწორედ ამ დაახლოებით 4-საათიანი პროცესის შემდეგ უნდა გამართულიყო კენჭისყრის პროცედურა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არასაკმარისი კვორუმის გამო, მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG