Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეს შენ გეხება” საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ


სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის სრული უფლება ეძლევათ. ისინი თვლიან, რომ ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ინიციატივა კონსტიტუციის უზენაეს პრინციპებს უგულებელყოფს და საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ასეთ შეფასებას არ იზიარებენ ინიციატორები.

თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და, ერთად აღებული, 10 წლის განმავლობაში უცხოვრია საქართველოში, ექნება სრული უფლება განახორციელოს ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა - დააფუძნოს პარტია და კანონის ფარგლებში დააფინანსოს ის, გახდეს პარლამენტის დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პრეზიდენტი თუ დაიკავოს ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თანამდებობა.

ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” მიერ 5 აპრილს წამოყენებულ ამგვარ ინიციატივას, რომელსაც იმავე დღეს დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ, ”არასაჭიროს”, უსაფუძვლოსა” და ”გაუთვლელს” უწოდებენ სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-3 სექტორისთვის ეს ცვლილებები 2 ძირითადი პრობლემის გამოა მიუღებელი და ეს პრობლემები 10 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დაასახელა:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა უყოს მორგებული პიროვნებებსა და სხვადასხვა გარემოებას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. და ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგანაც საშუალება ეძლევათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და გავლენა მოახდინონ ამ პროცესებზე.”
თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები დამისახელებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან რომელიმე არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ მან შეიძლება ბოროტად გამოიყენოს მისი მოქალაქის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი ...
ლევან ვეფხვაძე

ეკა გიგაურის ორგანიზაცია - ისევე როგორც კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები - თვლის, რომ საქართველოს ”პოლიტიკური ბედი” მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და თუკი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი ექნებათ, მათ აუცილებლად უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ცალსახად მიუღებლად მიიჩნევენ და, შესაბამისად, ინიციატორებს პროექტის გამოთხოვისკენ მოუწოდებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოწოდება არ იქნება გაზიარებული. ცვლილებების ინიციატორი პარტიის ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს ეჭვს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუკი ევროკავშირისკენ მივდივართ, გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიმართ მეტი ნდობაც უნდა გამოვიჩინოთ:

”თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები დამისახელებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან რომელიმე არის ეჭვმიტანილი იმაში, რომ მან შეიძლება ბოროტად გამოიყენოს მისი მოქალაქის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა, მე მაშინ ბოდიშს მოვიხდი... მაგრამ ჩვენ იმიტომ ჩავდეთ ამ ცვლილებებში ევროკავშირი, რომ ევროკავშირში ასეთი რამე გამორიცხულია. და, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ დიდი ოჯახის წევრი. და თუ ვენდობით, ამ საკითხშიც უნდა ვენდოთ.”

ლევან ვეფხვაძე არ უარყოფს, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება დიდწილად მართლაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პოლიტიკური აქტივობის უფლებას და ეს ნაბიჯი განიხილება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ალტერნატივად, თუმცა ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული შემთხვევით ინსპირირებული და შემდეგ განზოგადებული საკონსტიტუციო უფლებით ასევე წარმატებით ისარგებლებს სხვა უამრავი ადამიანი:

”ჩვენ ხომ არ ვწერთ კონსტიტუციაში, რომ ივანიშვილმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა?! ეს ცვლილება გამიზნულია ასობით ათასი ადამიანისთვის. ინდუქციაა ეს. კანონების დიდი ნაწილი სწორედ კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარეობს - ხდება მათი განზოგადება და კანონის სახით შექმნა.”

ლევან ვეფხვაძე
ლევან ვეფხვაძე
”ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეხვდეს და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები უკეთ განუმარტოს სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, პოზიციებს შორის მკვეთრი განსხვავებების გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ ამგვარმა შეხვედრამ რაიმე სახის შედეგი გამოიღოს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მას მართლაც მიეცემა სრული პოლიტიკური აქტივობის საშუალება და პარალელურად შეუნარჩუნდება საფრანგეთის მოქალაქეობაც, დაგეგმილ ცვლილებებს მაინც მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ”ქართულ ოცნებაში”. როგორც პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ეს არის კონსტიტუციის არა ბიძინა ივანიშვილზე, არამედ საკუთარ თავზე მორგების კიდევ ერთი მცდელობა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან.

ფანჯიკიძის თქმით, ”სააკაშვილი იძულებულია დაემორჩილოს საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ მოთხოვნას აღადგინოს კანონიერება და დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უკანონოდ წართმეული უფლება”, მაგრამ, ამავე დროს, ”მისი მმართველობის მანიაკალურ-ავტორიტარული პრინციპი, რომლის თანახმადაც ის ყოველთვის და ყველა შემთხვევაში მართალია, სააკაშვილს აიძულებს არ დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა, რაც დანაშაულის თუ არა, შეცდომის აღიარება მაინც იქნებოდა.” ”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიც სწორედ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას ემსახურება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG