Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული პრესის მიმოხილვა


ორშაბათს, 19 მარტს, ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა გერმანია და მისი ახალი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებების დამცველი და თეოლოგი იოახიმ გაუკი. სახელმწიფოს მეთაურის რანგში ყოფნისას მთავარ მიზნად გაუკმა პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის დისტანციის შემცირება დაისახა. ევროპული პრესა წერდა, რომ გაუკი, ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტების უმაღლეს ლიგაში იმოქმედებს და ერთგვარ გამოწვევას შეუქმნის არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროკავშირის პოლიტიკოსებს. ავსტრიაში გამომავალი „ვინერ ცაიტუნგი“ ამ გამოწვევის ძირითად სფეროდ იმიგრაციას მიიჩნევს. „ევროკავშირის საზღვრების გასწვრივ ლტოლვილებისადმი გამოვლენილი არაჰუმანური მოპყრობისა და თავშესაფრის საკითხის ირგვლივ ევროპული რეგულაციების ნაკლებობის მიმართ იოახიმ გაუკის მსგავსი ადამიანი ვერც გულგრილი დარჩება და ვერც გაჩუმდება. მაგრამ რა მოხდება, გერმანიის პრეზიდენტი მოულოდნელად თუ ასეთ საკითხებზე დაიწყებს ლაპარაკს? მის სიტყვებს ყურადღებას მიაქცევენ - მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ის ოდნავადაც არ არის კომპეტენტური. ის წინააღმდეგობაში მოვა არა მხოლოდ თავისი მთავრობის, არამედ ევროკავშირის ყველა მთავრობის ქმედებებთან. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპას ამ საკითხთან მიმართებით გამუდმებით აკრიტიკებენ - გერმანიის გარეთ განთავსებულების ჩათვლით - იოახიმ გაუკის სახით თავიანთი პოზიციების გამახმოვანებელი ეყოლებათ. პრეზიდენტი წარმოადგენს შანსს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმა უფრო გაძლიერდება“, - წერდა „ვინერ ცაიტუნგი“ 19 მარტს.

20 მარტიდან ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში საფრანგეთში განვითარებული მოვლენები მოექცა. ორშაბათს თავდამსხმელმა ტულუზაში ებრაულ სკოლაზე მიიტანა იერიში და სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი იმსხვერპლა. ერთი კვირით ადრე თავდასხმაში გამოყენებული იარაღით სამი ჯარისკაცი მოკლეს რეგიონში. პრეზიდენტობის კანდიდატებმა დროებით შეწყვიტეს წინასაარჩევნო კამპანია. ახლა ისინი ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ, რათა ამ მკვლელობების თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას აარიდონ თავიო, - წერდა ევროპული პრესა. კერძოდ, 20 მარტის „ლიბერასიონში“ ვკითხულობთ: „კანდიდატებმა - და განსაკუთრებით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა-კანდიდატმა - თავი უნდა აარიდონ ამ დანაშაულების გამოყენებით ერთმანეთისთვის გასწრების ან პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების ნებისმიერ მცდელობას. წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, როგორ შეიძლება არჩევნებს დაღი დაასვას ბოროტმა ქმედებამ ან საარჩევნო მიზნებით განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ. უპრიანი სოლიდარობის და მორიგი თავდასხმის მსხვერპლად ქცეული ებრაული თემისთვის თანაგრძნობის გამოხატვასა და ამ აქტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შორის ძალიან ფაქიზი ზღვარია. ამ ეტაპამდე კანდიდატებმა, თავიანთი საჯარო გამოსვლების შეზღუდვით თუნდაც მხოლოდ ერთი დღით, შეძლეს მეორე მხარეს არ გადასულიყვნენ. ამ დრამის პირისპირ აღმოჩენისას ერთადერთ ღირსეულ პასუხს ეროვნული ერთიანობის ხშირად გაცვეთილი ცნება წარმოადგენს“, - წერდა „ლიბერასიონი“ 20 მარტს.

ოთხშაბათს, 21 მარტს, ტულუზაში პოლიციამ ალყა შემოარტყა სახლს, რომელშიც თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი 23 წლის კაცი იყო გამაგრებული. ევროპული პრესა ამ დღეს წერდა, საფრანგეთში მომხდარმა მოვლენებმა გამოაჩინა საზოგადოებაში მზარდი განხეთქილება, რომლის ხაზგასმასაც ახდენს ნიკოლა სარკოზი თავის წინასაარჩევნო კამპანიაშიო. კერძოდ, საფრანგეთში გამომავალ მემარცხენე-ლიბერალურ გამოცემა „ნუველ ობსერვატორში“ ვკითხულობთ: „მოტოციკლეტზე შემჯდარი მკვლელის თვალსაწიერში ებრაული, ჩრდილოეთაფრიკული და ვესტინდური წარმოშობის ფრანგი ხალხია. ცხადია, რომ მან აღიქვა [წინასაარჩევნო] კამპანიის ქვეცნობიერი მესიჯი და ის მიიყვანა ექსტრემიზმამდე - უცხო სუბიექტების ფიზიკურ განადგურებამდე. ამ დაავადებულ კაცს მისია ამოძრავებს. ის თავისებურად რეაგირებს დაბინძურებულ კლიმატზე, რომელსაც სიძულვილის პროპაგანდისტები აძლიერებენ“, - წერს „ნუველ ობსერვატორი“ და განაგრძობს: „დიდი შეცდომა იქნებოდა ჩვენი - საფრანგეთის - მკვდრების გლოვა იმ პროპაგანდის გახსენების გარეშე, რომელმაც, შესაძლოა, ეს შეშლილი კაცი შთააგონა.“

საფრანგეთის მოვლენები ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში კვირის ბოლომე დარჩა. ხუთშაბათს, 22 მარტს, 30 საათზე მეტი დროის განმავლობაში გაგრძელებული ოპერაციის ბოლოს, ტულუზაში სპეცდანიშნულების რაზმმა იერიში მიიტანა შენობაზე, რომელშიც ეჭვმიტანილი იმალებოდა. ეჭვმიტანილი, რომელიც თავს ისლამისტად აცხადებდა, იერიშისას დაიღუპა. ევროპული პრესა წერდა, რომ ისლამი ერთი ფანატიკოსის ქმედებებში დამნაშავე არ არის და ხაზს უსვამდა მსგავსებებს ისლამიზმსა და რადიკალურ მემარჯვენეობას შორის. იტალიაში გამომავალი „სტამპა“ წერდა: „ალაჰის შეშლილი მიმდევარი ახლა ტულუზაში ამოძვრა უფსკრულიდან. არა მემარჯვენე-ექსტრემისტი საჰაერო მედესანტე, რომელიც საფრანგეთის ისტორიის ყავისფერ სპექტრს იცავს, არამედ იმ ყოველდღიური ინტიფადის ჯარისკაცი, რომელიც გარეუბნებში ბობოქრობს. როგორ მოხდა, რომ ამ ორი მკვლელობის ახსნისთვის პოტენციურ დამნაშავეებად ეს ორი - საპირისპირო თუ არა, ერთმანეთისგან დაშორებული - სამყარო დასახელდა? ორივე ერთნაირადაა შესაძლებელი. ისლამისტი ტერორისტი და ნეონაცისტი ჩვენი საზოგადოების ანდერგრაუნდში ბინადრობენ. ორი ფუნდამენტურად განსხვავებული კოშმარი, რომელიც ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ისე, რომ კონტაქტში არ შედის, ხოლო როცა შედის, რეალურად, ერთმანეთს აძლიერებს. ეს ორი, ურთიერთშემავსებელი კოშმარია.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG