Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტში სტუდენტების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს


სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:47 0:00
გადმოწერა

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

15 მარტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტთან რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა და წინა დღით უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მიერ რამდენიმე სტუდენტის ცემის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემი სტუდენტების მეგობრებმა და, უბრალოდ, მათ მიმართ სოლიდარულად განწყობილმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, დამნაშავეების დასჯა, უფრო კონკრეტულად კი, მოძალადეებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოსთხოვეს. კვიტაშვილი პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებთან გამოვიდა და დაჰპირდა, რომ ყველა ზომას მიიღებს, რათა მსგავსი ფაქტი უნივერსიტეტში აღარ განმეორდეს.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან თვითმმართველობის წევრების მხრიდან სტუდენტებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დღის პირველ საათზე დაიწყო და მას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ. პლაკატებით ხელში რამდენიმე ასეული ახალგაზრდა 14 მარტს მომხდარ ფაქტს გმობდა, რომლის დროსაც უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტს თვითმმართველობის წევრებმა და მათმა 20-მდე მეგობარმა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ”საქმე კაცურად გაურჩიეს” და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

როგორც დაზარალებული სტუდენტები აცხადებენ, თვითმმართველობა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტის, თორნიკე უსტარაშვილის ბლოგმა გააღიზიანა, სადაც სტუდენტები თავიანთ ცხოვრებასა და სტუდენტურ პრობლემატიკაზე წერდნენ. არც იმას მალავდნენ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ”ჩანასახშივე უფუნქციო ინსტიტუტად” მიაჩნდათ და, შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც თავს არიდებდნენ. 15 მარტს უნივერსიტეტის სტუდენტებმა არა მხოლოდ მოძალადე სტუდენტების დასჯა მოითხოვეს, არამედ თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზანმიმართულად ხარჯვაზეც გაამახვილეს ყურადღება:

”ეს თვითმარქვია თვითმმართველობაა.”
თვითმმართველობა ფულს ჭამს, ”გრიალებს” ჩვენი ფულით, ხან მალაიზიაში არიან, ხან სად ...
აქციის მონაწილე

”თვითმმართველობის წევრები გვეუბნებოდნენ, რომ პატრულში დარეკვა ბოზობას ნიშნავდა თურმე. იქ ისეთი ხალხია მოკალათებული, ვისაც არ სიამოვნებს თავისუფალი აზრის მოსმენა და ქვის ხანის მეთოდებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, მუშტი-კრივით.”

”მათი საქმიანობისათვის გამოყოფილი ფინანსები, როგორც ჩვენ ვიცით, მიზნობრივად არ იხარჯება - რაღაც კონცერტებზე ხარჯავენ ფულს, მაშინ როცა უნივერსიტეტში ქართული წიგნები არ არსებობს. როცა ბიუჯეტს ვითხოვთ, სრულ ინფორმაციას არავინ გვაწვდის.”

”თვითმმართველობა ფულს ჭამს, ”გრიალებს” ჩვენი ფულით, ხან მალაიზიაში არიან, ხან სად და რეალურად რაც სტუდენტობას აწუხებს, ის არავის ადარდებს და ასეთი ხალხი კიდევ სხვებზე ძალადობს”...

რამდენიმე მიმართვის შემდეგ სტუდენტებმა აქციაზე უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გამოსვლა მოითხოვეს.

ალექსანდრე კვიტაშვილი სტუდენტებთან მალევე გამოვიდა, მან წინა დღეს მომხდარ ფაქტს მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ არ დაუშვებს უნივერსიტეტში სტუდენტების რამდენიმე ნაწილად დაყოფას, თუმცა მასთან აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდათ - მოძალადეების დასჯა.
აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და გააფრთხილა ისინი ...
შსს

”ვნახოთ, გაირკვეს, ვინ ვის აფრთხილებს და იმ დისციპლინარულ ზომებს, რომელსაც უნივერსიტეტის ქცევის კოდექსი ითვალისწინებს, აუცილებლად გავატარებთ. ჯერ არ ვიცი, ეს რა იქნება, - სტუდენტის სტატუსის შეჩერება, გარიცხვა თუ სხვა რამე, - მაგრამ ზომები ამ ამბავს ნამდვილად მოჰყვება. ჩემი წასვლაც რომ დასჭირდეს აქედან ამ ამბავს, მაგასაც გავაკეთებ.”

აქვე ვიტყვით, რომ 14 მარტს მომხდარ ამბავთან დაკავშირებით შსს მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლა. როგორც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჩხუბში მონაწილეთა ასაკის გათვალისწინებით, უპირატესობა მიენიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდებისთვის გამაფრთხილებელი ოქმი შედგა.

"აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და გააფრთხილა ისინი, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში..

უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე სალაპარაკოდ სტუდენტებმა რექტორს გარკვეული პერიოდულობით შეხვედრების დანიშვნაც მოსთხოვეს. ალექსანდრე კვიტაშვილი მათ ამას საჯაროდ დაჰპირდა. შეხვედრების თარიღი კიდევ დაზუსტდება, თუმცა, წინასწარი შეთანხმებით, ყოველი თვის 20 რიცხვში კვიტაშვილი მზადაა სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფს შეხვდეს.

სტუდენტები გამაფრთხლებელ აქციას 16 მარტსაც გამართავენ. მათ მოთხოვნებს შორის თვითმმართველობის რეორგანიზაცია ერთ-ერთი პირველია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG