Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა კავშირი 2012 წლის ბიუჯეტსა და 2012 წლის არჩევნებს შორის?


2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილი აქტივობები ხელისუფლების ხელში საარჩევნო ხმების შესაგროვებლად მთავარ ინსტრუმენტად იქცევა, აცხადებენ წარმომადგენლები კოალიციისა ”არჩევნის თავისუფლებისთვის”. მათი მტკიცებით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში წარმოდგენილია ისეთი ტიპის ხარჯები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შესაძლოა, ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გასაზრდელად იქნეს მიჩნეული. რა კონკრეტულ ხარჯებსა და აქტივობებზე საუბრობენ კოალიციის წარმომადგენლები და როგორ უპასუხებს მათ ბრალდებებს ხელისუფლების მხარე?

კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” საზოგადოებას 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზს სთავაზობს და მასში არსებულ იმ ე.წ. ”ოინებზე” საუბრობს, რაც, მათი ვარაუდით, ხელისუფლების ხელში საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად მთავარ იარაღად გადაიქცევა.
ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება...

როგორც კოალიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, ხარჯების დეტალიზაცია ფორმალურ მხარედ არის ქცეული. მათი თქმით, თუკი 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი არსებობდა, 2012 წლის ბიუჯეტში ის განახევრებულია:

”საბიუჯეტო საკითხებში გარკვეული და საარჩევნო ტექნოლოგიებს დაუფლებული ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება”, ნათქვამია განცხადებაში.

დავით ნარმანია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და წარმომადგენელი კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისთვის”, ბიუჯეტის ანალიზისას აღმოჩენილ იმ მექანიზმებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ხელისუფლებას ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაში დაეხმარება. ერთ-ერთი მათგანია რეგიონალური ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაზრდა, ინფრასტრუქტურისა, რომლის დიდი ნაწილიც უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით ფინანსდება. როგორც დავით ნარმანია ამბობს, ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ”კოზირია” ხელისუფლების ხელში და ამის მიზეზს შემდეგნაირად ხსნის:
დავით ნარმანია
დავით ნარმანია

”მთავრობა იღებს დიდი მოცულობით ვალს, ამ ვალით იწყებს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მომდევნო წლებში იქნება გასასტუმრებელი. ეს, ერთი შეხედვით, მისაღებიც კი არის, ამ ყველაფრის უკან რომ არ იდგეს მმართველი ძალა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ხსნის და მომავალშიც გახსნის კრედიტებით დაფინანსებული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტებს, რომლის გასტუმრება თითოეული ჩვენგანის კისერზე გადავა”, - ამბობს დავით ნარმანია.

დავით ნარმანია მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების კარგ ინსტრუმენტად მიიჩნევს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობის გასამმაგებას. თანხამ წელს 297 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, ეს ის თანხებია, რომლითაც პრეზიდენტი საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების გახსნის მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა და ამით ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს.
მთავარი, რაც თვალში გვხვდება, ბიუჯეტის მუხლები ისე არის შედგენილი, რომ კონკრეტულად რას მოხმარდება ეს თანხები, არ ჩანს...

2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება სხვადასხვა სახის სოციალურ დაცვაზე მიმართული ხარჯების მოცულობა - მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯები, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამები. კერძოდ, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან პენსიის მოცულობა 125 ლარიდან 140 ლარამდე იზრდება. ასევე პირველი სექტემბრიდან დაფინანსდება ”სოციალურ პაკეტში” შემავალი ფულადი გასაცემლები. ირაკლი მელაშვილი, წევრი კოალიციისა ”არჩევნის თავისუფლებისთვის”, აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორედ სექტემბრიდან გაზარდოს სოციალურ დაცვასა და სასოფლო-სამეურნეო პროგრამების დაფინანსებაზე მიმართული ხარჯები პირდაპირ უკავშირდება შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ამომრჩეველთა მოსყიდვის პოლიტიკას:

”მთავარი, რაც თვალში გვხვდება, ბიუჯეტის მუხლები ისე არის შედგენილი, რომ კონკრეტულად რას მოხმარდება ეს თანხები, არ ჩანს. ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ბიუჯეტი არ იძლევა ისეთი ფართო ინტერპრეტაციების საშუალებას, როგორც ეს ბიუჯეტი. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის საარჩევნო ხარჯების ბიუჯეტი და არა ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი”, - მიაჩნია ირაკლი მელაშვილს.

წარმომადგენლები კოალიციისა ”არჩევნის თავისუფლებისთვის” 2012 წლის ბიუჯეტის ერთ მახასიათებელზეც მიუთითებენ. მათი მტკიცებით, ფინანსთა სამინისტრომ არ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტების პროგრამული ფორმით მომზადების პრინციპი და ამით ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები. აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. ისინი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე დოკუმენტად მოიხსენიებდნენ.
2011 წელს არჩევნები არ ყოფილა, მაგრამ პენსია გაიზარდა. ახლა, 2012 წელს, რაკი საარჩევნო წელია, საპენსიო პაკეტი არ გავზარდოთ?..

ზურაბ მელიქიშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში 2011 და 2012 წლების ბიუჯეტების შედარებით დახასიათებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობას არაფერი გაუთვალისწინებია ისეთი, რაც მათ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მოპოვებაში დაეხმარებოდა:

”2011 წელს არჩევნები არ ყოფილა, მაგრამ პენსია გაიზარდა. ახლა, 2012 წელს, რაკი საარჩევნო წელია, საპენსიო პაკეტი არ გავზარდოთ? ავიღოთ თუნდაც სოფლის მეურნეობა, ყველა იყო მოწადინებული, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაზრდილიყო, არ უნდა გაგვეზარდა დაფინანსება?”

რაც შეეხება ბიუჯეტის პროგრამულ დაგეგმარებას, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი წელი, როდესაც ბიუჯეტი პროგრამულ დაგეგმარებაზე გადავიდა, შესაბამისად, არსებობს ხარვეზებიც, რომლებიც შემდგომში მეტ დახვეწას საჭიროებს და სწორედ ამიტომ ხელისუფლება ელოდება მთელ რიგ რეკომენდაციებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მთავარი საფინანსო გეგმის საერთო მოცულობა 7 მილიარდ 940,4 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 370 მილიონით მეტია.
XS
SM
MD
LG