Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსი - პოლიტიკური პროცესის ნაწილი


გასული წლის მიწურულს, 27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამით დასრულდა თითქმის ერთწლიანი სამუშაო პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკური პერიპეტიების ნაწილად იქცა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს კოდექსმა უკვე დაუწესა თამაშის წესები. თუმცა, პირდაპირი მნიშვნელობის გარდა, საარჩევნო კოდექსი და მისი მიღება სწორედ პოლიტიკური დისკურსით ჩაიწერა წლის მნიშვნელოვან მოვლენებში.
მზად ვარ, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ...

საარჩევნო რეფორმა გასულ წელს პრიორიტეტთა რიგში აღმოჩნდა, თუმცა ამ პრიორიტეტის ფესვები უფრო შორს თუ არა, სულ მცირე 2010 წლის მეორე ნახევარში უნდა ვეძიოთ. საქმე ისაა, რომ საარჩევნო კოდექსისა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობაზე საუბარი ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვის რამდენიმე ფორმატიდან ყველაზე ქმედითი გამოდგა პოლიტიკური „რვიანი“, ანუ ინტერპარტიული გაერთიანება, რომელმაც ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობა 2010 წლის 4 ოქტომბერს დაასრულა. „რვიანის“ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებების წარმოების მზაობას მალევე მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებაც.

” მე ვთავაზობ ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას, საპარლამენტო ოპოზიციასაც, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, ნებისმიერ მსურველ პოლიტიკურ ძალას, ხვალ მობრძანდნენ პარლამენტში 3 საათზე. მე ყველას ველოდები. მზად ვარ, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, ერთად ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებზე, რომლითაც გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს. ეს პროცესი უნდა იყოს ღია, ეს პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული, ეს პროცესი უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის”, განაცხადა 2010 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

ოფიციალურად სწორედ ამ დროიდან იწყება ახალი საარჩევნო კოდექსის სადავო დებულებებზე ინტერპარტიული დავა და სჯა-ბაასი,რომელშიც საწყის ეტაპზე 16 პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. შეთანხმების თანახმად, პარტიებს, საარჩევნო კოდექსის თავების მიხედვით, თავიანთი პრეზენტაციები უნდა წარედგინათ. შეიძლება ითქვას, რომ საამისოდ გაწერილი გრაფიკი მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაარღვია. დიალოგის დაწყებიდან სამიოდე თვეში კი, საერთაშორისო ორგანიზაციების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, პროცესი შეჩერდა. შემდეგ ისევ განახლდა, თუმცა ნათელი გახდა, რომ ჩიხი გარდაუვალი იყო. პროცესის რღვევა კი, ფაქტობრივად, მაშინ გამოჩნდა, როდესაც მოლაპარაკებების დაწყებდან 6 თვის თავზე, 2011 წლის მაისში, მმართველმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობა პარტიებს ინდივიდუალურ რეჟიმში შესთავაზა.

” თუ ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტულია, უფრო მოსახერხებელია ინდივიდუალური მოლაპარაკებები... უფრო მეტიც, თუ მოლოდინი, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, უფრო მეტია ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს, ოპოზიციური ”რვიანი” მზად არის ინდივიდუალური მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს ხელისუფლებასთან, ისე როგორც სხვა მსურველ ორგანიზაციებთან, ერთი მარტივი დეტალის გათვალისწინებით: ამ მოლაპარაკებების დროს ოპოზიციური ”რვიანი“ იქნება ერთი მხარე და მომლაპარაკებელ მეორე მხარეს იქნება ის, ვისაც სურვილი აქვს”, გვითხრა მაშინ ახალმა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ.

თუმცა მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლამ და ოპოზიციის შეთავაზებების უარყოფამ „რვიანის“ დაშლა და მისი ეგრეთ წოდებულ „ექვსიანად“ გადაკეთება განაპირობა. „ახალმა მემარჯვენეებმა” და ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ხელისუფლებასთან დიალოგი განაგრძეს. „ექვსიანად“ გაფორმდნენ დარჩენილი პოლიტიკური ძალები - „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები, „ხალხის პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, ”საქართველოს გზა” და კონსერვატიული პარტია. „ექვსიანმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას მილიონი საარჩევნო ხმის კამპანიის სახე მისცა და ჯერ კიდევ „რვიანის“ ფარგლებში წინწამოწეულ თემას -სამართლიანი არჩევნების მოსაპოვებლად მშვიდობიანი და მასშტაბური სამოქალაქო მოძრაობის გაშლას - მიმართა. ბოლოს კი, ოპოზიციურ ”ექვსიანად” წოდებული პოლიტიკური კოალიცია ”თავისუფალი არჩევანიც” დაიშალა. 4 პარტიის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებიდან გამოჩნდა, რომ კოალიციის დაშლა თანაგუნდელებმა, ერთი მხრივ, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას, მეორე მხრივ კი, ”ეროვნულ ფორუმს” დააბრალეს - ირაკლი ალასანიას იმის გამო, რომ იგი რეგიონში გასვლით ღონისძიებებს დამოუკიდებლად გეგმავდა, „ეროვნულ ფორუმს“ კი იმიტომ, რომ 27 სექტემბრის ”ქართველთა მარში” ასევე პარტნიორებთან შეუთანხმებლად დაგეგმა და ჩაატარა.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა რაოდენობრივად ძალიან ბევრი შენიშვნა, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც პრობლემური იყო, ყველაფერზე გვქონდა რეკომენდაციები წარდგენილი ...

შედეგად, ოპოზიციური „ექვსიანი“ პრაქტიკულად ჩამოსცილდა საარჩევნო კოდექსის პროექტის დახვეწის პროცესს და პასიური მაყურებლის როლში აღმოჩნდა, კოდექსი კი, საბოლოოდ, მაინც ინტერპარტიული შეთანხმების პროდუქტად გაფორმდა. მისი საფუძველი გამოდგა 2011 წლის 27 ივნისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლებისა და ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ხელმოწერილი 10 პუნქტიანი დოკუმენტი - შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებსა და ღონისძიებებზე. დოკუმენტს, მთლიანობაში, 8 პოლიტიკური სუბიექტი მიუერთდა: ”ნაციონალური მოძრაობა”, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, „სახალხო“, ქრისტიან-დემოკრატები”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”მრეწველები”, ”დემოკრატიული პარტია” და პარტია ”საქართველოს ევროპელი დემოკრატები.” ახალი საარჩევნო კოდექსის ინიცირება პარლამენტის ბიუროს 19 სექტემბრის სხდომაზე მოხდა, დასრულებული სახე კი კოდექსმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეკემბრის ბოლოს მიიღო. კოდექსის ხარისხს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი შემდეგნაირად აფასებს:

” რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა რაოდენობრივად ძალიან ბევრი შენიშვნა, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც პრობლემური იყო, ყველაფერზე გვქონდა რეკომენდაციები წარდგენილი. იქიდან არის ამორჩეული შედარებით უმნიშვნელო საკითხები, ანუ ის საკითხები, რომლებსაც, საერთო ჯამში, დიდი გავლენა საარჩევნო გარემოზე არ აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორიც არის საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მონაწილეობა აგიტაციაში, რასაც დიდი გავლენა აქვს ამომრჩეველზე, ასევე საარჩევნო სისტემის დახვეწის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული.”

ევროპული და თვისებრივად ახალი დოკუმენტი, რომელშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებების ყველა პუნქტი აისახა და რომელიც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შესაფერის გარემოს შექმნის - ასე კოდექსს მასზე მომუშავე სუბიექტები ახასიათებენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე ამბობს:

” შეიძლება ეს არ არის სრულყოფილი კანონი და ამაზე პრეტენზია ვერასოდეს ვერ ექნება კანონს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი.”

მაშინაც, როცა შეეძლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, კარგად ვერ გამოიყენეს ეს ბერკეტი, ცოტა პასიურები არიან თავიანთ საქმეში ...
კოდექსი კი, რომელშიც ნაწილობრივ აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ძალაში ტოვებს მარკირების პროცედურას, აუქმებს პარლამენტის წევრობისათვის საჭირო ხუთწლიან საცხოვრებელ ცენზს, აგიტაციას არ უკრძალავს გუბერნატორებსა და გამგებლებს, ძალაში ტოვებს არათანაბარ საარჩევნო ოლქებს, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას აძლევს დამოუკიდებელ კანდიდატებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კი -პატიმრებს, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. შეიცვალა ასევე მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა ბალანსი და იგი საკონსტიტუციო ცვლილებით დაკანონდა შეფარდებით 77-73-ზე, რომელშიც 77 პროპორცული წესით იქნება არჩეული, 73 კი - მაჟორიტარულით.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან ერთად, შეიცვალა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ისეთი კანონები, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოჰყვა, კერძოდ, იმ პარტიებისთვის, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ავანგარდში იყვნენ და ბოლოს საერთოდ ჩამოსცილდნენ ამ პროცესს. არჩევნებისა და პიარტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პარტიებმა არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კანონშემოქმედებით პროცესზე რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ:

”მაშინაც, როცა შეეძლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, კარგად ვერ გამოიყენეს ეს ბერკეტი, ცოტა პასიურები არიან თავიანთ საქმეში და ახლა მოუწევთ იმ კანონებით მონაწილეობის მიღება არჩევნებში, რაც მიღებულია როგორც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, ისე ახალი საარჩევნო კოდექსი.”

ახალი საარჩევნო კოდექსი, კახი კახიშვილის შეფასებით, ბოჭავს ოპონენტს, ბოჭავს მოქალაქეს და მოქმედების ფართო ასპარეზს უხსნის ხელისუფლებას. მისი აზრით, კოდექსი, მთლიანობაში, განსაკუთრებული სიახლეებით არ ხასიათდება, რადგან არ შეცვალა საარჩევნო სისტემა, ფუნდამენტური ცვლილებები არ შეიტანა დავათა განხილვის წესში, არ შეცვალა მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ბარიერი და გააფართოვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზები.
XS
SM
MD
LG