Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეღიპუცები


სანამ მთავარს მოგახსენებთ, მანამდე მცირე შესავალს გავაკეთებ. მაშ ასე, 3 თვით ბერლინში გახლით. ამ დროის განმავლობაში იქ პოლიციელი სულ ხუთჯერ დავინახე – ორჯერ მანქანით, სამჯერაც ფეხით მოსიარულე წყვილი. თან, რაც მთავარია, აქედან ორჯერ ისინი დემონსტრაციას იცავდნენ. პირველი რაღაც ალილოსავით იყო, თეთრ ანაფორებში გამოწყობილნი გალობით მიდიოდნენ ქუჩაზე. მეორედ ხალხის უფრო დიდი ნაკადი ძაღლების უფლებების გაზრდას მოითხოვდა. ხელშიც, შესაბამისად, ძაღლისგამოსახულებიანი ტრანსპარანტები ეჭირათ. პოლიციელები მესამედ მეტროს სადგურ “კოტბუსერ ტორზე“ ვნახე, სადაც დილერები ჰეროინს ყიდიან. ნარკოტიკს აქ იმიტომ ვაზუსტებ, რომ, გორლიცერ-პარკში, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაშიშისა და მარიხუანის დილერები დგანან, პოლიციელი ერთხელაც არ მინახავს. ღამით (ამ დროს პოლიციელს ბერლინის ქუჩებში უბრალოდ ვერ ნახავ) დაუცველად ერთხელაც არ მიგრძვნია თავი. გასაგებია, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, ანუ დიდი ძმა გიყურებს. ხილულ პოლიციელს ისევ ფარული კამერა ჯობია, მგონი. ნაკლებად გამაღიზიანებელი მაინცაა. მექანიკურად დავთვალე და თბილისის აეროპორტიდან შინისკენ მიმავალს კი ზუსტად თოთხმეტმა საპატრულო მანქანამ ჩამიარა.

კიდევ ერთიც: სექტემბერში ბერლინს რომის პაპი ესტუმრა. მისი ვიზიტი ყველა ცენტრალურმა არხმა გააშუქა. კანცლერი მერკელი და მინისტრთა კაბინეტი პონტიფექსს თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა. ორკესტრმა ჰიმნი შეასრულა. პროტოკოლის მიხედვით, კანცლერმა და პაპმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს – პირველმა მანქანამდე მიაცილა მეორე. საკმაოდ ზომიერი, თავშეკავებული (ქართული საზომით კი – ცივი) მიღება იყო. ანუ საგანგებოდ ამ ამბისთვის არც აეროპორტში მიგვრილი და მოყიჟინე ხალხის კორიდორში გაუვლია პონტიფექსს და არც წაჩოქილ მინისტრებს აღუბეჭდავთ მისი ხელის ზურგი ამბორით. ამ დახვედრამ გერმანელთა დიდი ნაწილი ერთობ გააღიზიანა, პრესამაც და ტელევიზიამაც მეორე დღესვე დიდი ამბავი ატეხა, საიდან აქვს ბუნდესკანცლერს ნახევარი საათი მსგავს ვიზიტებზე დასახარჯადო. არადა, მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია არა თაგვის ცურცლზე, არამედ რომის პაპზე. ახლა წარმოიდგინეთ, კანცლერი პერმანენტულად ვიღაც სტინგებთან ან კრის ბოტებთან შეხვედრებზე რომ ხარჯავდეს დროს, რა მოხდებოდა? საგულისხმო აქ მარტო ის კი არაა, რომ ათასგვარი სტინგების და ბოტების კონცერტები ბერლინში ყოველდღიური ამბავია და მათი სტუმრობები ცით მოვლენილ სასწაულად არ ითვლება, არამედ მათთან საგანგებოდ შეხვედრა და მით უფრო – ამის ტელევიზიით ჩვენება, უბრალოდ არ ეგების. სხვა თუ არაფერი, თუნდაც მარტო პრესტიჟის ამბავია. საქართველოს პრეზიდენტი კი არ უნდა იქცეოდეს ფანატი გოგოსავით, კონცერტის შემდეგ პოპვარსკვლავთან კულისებში შეღწევაზე რომ ოცნებობს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ჩვენთან ნამყოფ ვარსკვლავთა უმეტესობა, დღეს ისე რომ ვეღარ კაშკაშებს და ნაფტალინის სუნი ასდის.

ახლა მთავარზე. 3 თვის განმავლობაში ბერლინში არაერთხელ ვნახე საცხოვრებელი კორპუსის წინ მდგარი ან პირდაპირ ფანჯრიდან გადმოგდებული ტელევიზორი, როგორც უსარგებლო, მეტიც, მავნებელი ნივთი. მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ დღეს საქართველოში ერთადერთ ლეგალიზებულ და მთავარ ნარკოტიკად ტელევიზორია ქცეული. დღეს ქართველთა დიდი უმეტესობა ისეა ტელევიზორზე დამოკიდებული, რომ “ლომკის მოხსნა” ძალიან მძიმე პროცესი იქნება. და თუ ჯერ კიდევ არის შანსი, თუ არ გვინდა, რომ საბოლოოდ ტელეღიპუცებად ვიქცეთ, იქნებ მოვიკრიფოთ ძალა და “გადავაგდოთ ლომკა”, გადავაგდოთ ტელევიზორი, რომელიც სინამდვილეში აღარაა მარტო ტელევიზორი, არამედ ის უკვე დიდი ხანია ჩვენი ოჯახის წევრად, ჩვენს დიდ ძმად, მეტიც, ერთგვარ ნოუმენად იქცა. ვინ იტყვის დარწმუნებით, რომ აქ ტრანსლირებული “ობიექტური რეალობა” შეცნობადია მაყურებლის გამოცდილებით? თან ეს რაღაც ანომალიაა: საქართველოში დიდი ძმა კი არ გვიყურებს, არამედ ჩვენ ვუყურებთ მას. და თუ თვითონ არ გვეშვება, იქნებ, ჩვენ შევეშვათ დიდ ძმას? სხვა ათასი ტელემარაზმი რომ იქით იყოს, ნუთუ არ მოგვბეზრდა თუნდაც იმავე სტინგებთან და კრის ბოტებთან პერმანენტული შეხვედრების ყურება?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG