Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანი, რომლისთვისაც პოლიტიკა და მორალი განუყოფელი იყო


ვაცლავ ჰაველი სტუმრად რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში, 2009 წ.
ვაცლავ ჰაველი სტუმრად რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში, 2009 წ.
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი - ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი და ესეისტი.

„ჩვენ გვსურს თავისუფალ, დემოკრატიულ და მდიდარ ჩეხოსლოვაკიაში ვიცხოვროთ. ჩვენ გვსურს დავბრუნდეთ ევროპაში და ჩვენ არასოდეს დავთმობთ ჩვენს იდეალებს, რაც უნდა მოხდეს მომდევნო დღეებში“.

ამ სიტყვებით მიმართა ვაცლავ ჰაველმა 1989 წლის 23 ნოემბერს პრაღაში, ვაცლავის მოედანზე შეკრებილ 300 ათას ადამიანს.

მანამდე ექვსი დღით ადრე კი დაიწყო ჩეხოსლოვაკიის ე.წ. ხავერდოვანი რევოლუცია, როცა სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია ხელისფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია. მომდევნო დღეებში ასობით და ათასობით ჩეხი და სლოვაკი გავიდა ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებზე.

ვაცლავ ჰაველი, დისიდენტი და მწერალი, რევოლუციის საკვანძო მნიშვნელობის ფიგურად იქცა. ის მიმართავდა ხალხს, ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული მოჰყვა.

იმავე წლის ბოლოს ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყანაში კომუნიზმის ოთხი ათწლეული ისტორიას ჩაბარდა.

ჰაველი 1936 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა შეძლებულ ოჯახში. 1948 წელს ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ მის ოჯახს ქონება ჩამოერთვა, თავად მას კი ხელს უშლიდნენ უმაღლესი განათლების მიღებაში.

60-იან წლებში მან თეატრში მოღვაწეობა, შემდეგ კი პიესების წერა დაიწყო. მათი ერთ-ერთი მთავარი თემაა ცხოვრების აბსურდულობა კომუნისტური რეჟიმის პირობებში. 1968 წელს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის ინტერვენციის შემდეგ ჰაველის ნაწარმოებები აიკრძალა, თავად ავტორს კი გამუდმებით უთვალთვალებდნენ უშიშროების ძალები.

1976 წელს ის გახდა ადამიანის უფლებათა მანიფესტის, „ქარტია 77“-ის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი - დოკუმენტისა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციური მოძრაობის წარმმართველ ძალად იქცა. ქარტიის ხელმომწერები დააპატიმრეს. ჰაველი სამიწლინახევრით ჩასვეს ციხეში.

1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში სერიოზული ცვლილებები დაიწყო. 17 ნოემბერს პოლიციამ პრაღაში სტუდენტების მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია და ამ მოვლენამ დასაბამი მისცა ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციას. ჰაველი წამყვან როლს თამაშობდა რევოლუციაში, ის იყო ოპოზიციური სამოქალაქო ფრონტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

რევოლუცია წარმატებით დასრულდა, ხოლო 1989 წლის 29 დეკემბერს ჰაველი პრეზიდენტად იქნა არჩეული.

ჰაველი ცდილობდა, შეენარჩუნებინა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაცია, მაგრამ ფედერაცია დაიშალა, ჰაველმა კი თანამდებობა დატოვა 1992 წელს. მაგრამ 1993 წელს ის დამოუკიდებელი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ხელახლა იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე 1998 წელს.

პრეზიდენტის თანამდებობა ვაცლავ ჰაველმა საბოლოოდ დატოვა 2003 წელს. ამ დროისთვის ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს წევრი იყო და ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად ემზადებოდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ვაცლავ ჰაველი ბევრს ავადმყოფობდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებას ხელი არ შეუშლია მისთვის, კვლავაც უკომპრომისოდ ებრძოლა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, კუბა, რუსეთი, ჩინეთი და ბელორუსია.

ჰაველი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოების დამცველი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი იყო. და ხშირად მოსდიოდა ხოლმე კონფლიქტი უფრო პრაგმატულად მოაზროვნე კოლეგებთან.

წავიდა ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში ემახსოვრებათ, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, რომლისთვისაც პოლიტიკა და მორალი განუყოფელი იყო.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კორნმა შემდეგი განცხადება გააკეთა ჰაველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

„დემოკრატიის, თავისუფალი მედიისა და ყველა ადამიანის ღირსების ქომაგებმა დღეს დიდი მეგობარი დაკარგეს ვაცლავ ჰაველის სახით. ყველაფერში, რასაც ის აკეთებდა როგორც ხელოვანი, აქტივისტი და სახელმწიფო მოღვაწე, ის იცავდა უუფლებოდა და ყველა იმათ უფლებებს, ვისაც მასავით სწამდა, რომ ‘სიმართლემ და სიყვარულმა უნდა სძლიოს ტყუილსა და სიძულვილს.’ რადიო თავისუფალ ევროპას და მის ჩეხოსლოვაკიურ სამსახურს პატივი ერგოთ, ჰაველის ნაწარმოებები ეთერში გადაეცათ 1960-იან, 70-იან და 80-იან წლებში. 90-იანი წლების დამდეგს კი, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, რომლის გაჩაღებასა და გაძღოლაშიც ამხელა როლი მიუძღოდა, მან რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება მაუწყებლობის პრაღიდან საწარმოებლად მიიპატიჟა. ჰაველი განასახიერებდა პრინციპებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს ჩვენი ორგანიზაცია. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხრივ ჩვენი აუდიტორიისთვის ჩვენ ვართ იმ ღირებულებების მატარებლები, რომლებიც წარმართავდა მის ცხოვრებას და შემოქმედებას. ის ჩვენ უზომოდ დაგვაკლდება.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG